ახალი ამბები

აფხაზეთის „პარლამენტის“ თავმჯდომარის ვიზიტი მოსკოვში

2023 / 11 / 24

22 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერალური საბჭოს წევრებთან. შეხვედრას ესწრებოდა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, კონსტანტინ კოსაჩევი, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ვლადიმირ ბულავინი და მისი პირველი მოადგილე, ვლადიმირ ჩიჟოვი. დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციის წევრები ასევე იყვნენ ე.წ. პარლამენტის თავდაცვისა და ნაციონალური უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, თემურ შერგელია და რუსეთში ე.წ. საელჩოს მრჩეველი - მადინა ავიძბა.

შეხვედრაზე მიმოიხილეს 2023 წელს მიღწეული შედეგები. კოსაჩევმა აღნიშნა, რომ გასული წლის ოქტომბერში მიღწეული იყო „საპარლამენტთაშორისო“ თანამშრომლობის გააქტიურების შეთანხმება, რაც, მისი თქმით, ამ შეხვედრაზე საშუალებას აძლევს მხარეებს გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები იმის შესახებ, „თუ რა შედეგი გამოიღო ამან ორი სახელმწიფოს ერების ინტერესებისთვის“.

ასევე, კოსაჩევმა აღნიშნა, რომ 2023 წელი პროდუქტიული იყო დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის თანამშრომლობისთვის და მაგალითად მოიყვანა ე.წ. პარლამენტსა და საბჭოს კომისიებს შორის სექტემბერში გამართული შეხვედრა.

აშუბამ განაცხადა, რომ „საპარლამენტთაშორისო“ კომისიას ბევრ რამეზე აქვს კიდევ სამუშაო, რაც, პირველ რიგში, „კანონმდებლობების“ ჰარმონიზაციაა.

Go BackGo Back