ახალი ამბები

ალან გაგლოევისა და იგორ მასლოვის შეხვედრა

2024 / 02 / 02

1 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსს, იგორ მასლოვს შეხვდა. მასლოვი რეგიონს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია.

შეხვედრაზე გაგლოევმა მადლობა გადაუხადა მასლოვს რუსეთის მთავრობის მიერ საწვავ-საპოხ მასალაზე საექსპორტო საბაჟო გადასახადის გაუქმების გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობისთვის. 30 დეკემბერს რუსეთის მთავრობამ ხელი მოაწერა  გადასახადის გაუქმების პროტოკოლს, რასაც რეგიონში თვეების განმავლობაში ელოდნენ.

შეხვედრაზე გაგლოევმა აღნიშნა, რომ 2024 წელი პოლიტიკურად დატვირთული იქნება, რადგან ჩატარდება რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც რეგიონის მოსახლეობაც მიიღებს მონაწილეობს, რადგან მათ დიდ ნაწილს რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ. ასევე, ოკუპირებულ რეგიონში დაგეგმილია არალეგიტიმური საპარლამენტო არჩევნებიც.

მასლოვმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სწორედ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი წლის გამო, რუსეთის დელეგაციამ რეგიონში ვიზიტი წლის დასაწყისში გადაწყვიტა. რუსეთის დელეგაცია გაეცნო „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს. პროგრამა შემუშავებულია რუსეთის მთავრობის მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას.

შეხვედრის ბოლოს მასლოვმა გაგლოევს განუცხადა, რომ „მოსკოვს, მთავრობას, პრეზიდენტის აპარატსა და პირადად უმაღლეს მთავარსარდალს რესპუბლიკის მიმართ ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება აქვს“. 

Go BackGo Back