ყოველთვიური მიმოხილვა

ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი

2022 / 09 / 04

გამოცემა N13 / მიმოხილვის პერიოდი: 1 – 31 აგვისტო, 2022 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი

„საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.

დაკავებული და გათავისუფლებული მოქალაქეები 

ზაზა მეგრელიშვილისა და თამაზ გოგიჩაშვილის გათავისუფლება

5 აგვისტოს ქარელის მუნიციპალიეტის სოფ. ავლევის მკვიდრნი თამაზ გოგიჩაშვილი და ზაზა მეგრელიშვილი უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ისინი გასული წლის 15 დეკემბერს ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობის შეფარდების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეებმა ცხინვალის ციხეში 9 თვე გაატარეს.

ზაზა მეგრელიშვილისა და თამაზ გოგიჩაშვილის გათავისუფლება. წყარო: ssg.gov.ge

მამუკა ჩხიკვაძის განაჩენი

ოსური მედია სააგენტო „Рес“-ის ცნობით, საქართველოს მოქალაქე ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს, მამუკა ჩხიკვაძეს, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ, 3 წლითა და 8 თვით პატიმრობა შეუფარდა. ჩხიკვაძე საოკუპაციო ძალებმა გასული წლის 12 დეკემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ნიქოზის მიმდებარედ დააკავეს, რის შემდეგაც ცხინვალის ციხეში იმყოფება.

საყურადღებო ფაქტია, რომ ჩხიკვაძის საქმეზე განაჩენის გამოტანის შესახებ განცხადება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 12 მაისს გაავრცელა, რომლის  მიხედვითაც მას უკანონო პატიმრობა 5 წლითა და 6 თვით შეუფარდეს, რაც განსხვავდება ოსური მხარის მიერ გავრცებული ინფორმაციისგან.

აშშ-ს მოქალაქის გათავისუფლება

27 ივლისს დაკავებული აშშ-ს მოქალაქე, 22 წლის ფრენკ იანეზი, საოკუპაციო ძალებმა 24 აგვისტოს გაათავისუფლეს. „Рес“-ზე გავრცელებული ინფორმაციით ოსური მხარე მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას საქართველოსა და აშშ-ის ცენტრალურ ხელისუფლებებს აკისრებს.

ლევან მაჩაბელის გათავისუფლება

26 მარტს დაკავებული საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ბრიგადის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და 2008 წლის ომის მონაწილე ლევან მაჩაბელი 18 აგვისტოს ქართულ მხარეს გადმოეცა.

მაჩაბელი გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ქერეს მიმდებარედ მაშინ დააკავეს, როცა სოფ. ხურვალეთში დათა ვანიშვილის ოჯახისათვის შეგროვებული თანხის გადასაცემად იმყოფებოდა. საოკუპაციო რეჟიმი მას ე.წ. საზღვრის გადაკვეთასა და დივერსიის მცდელობას ედავებოდა.

ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე საქმიანობა

მავთულხლართებზე დამონტაჟებული ხელყუმბარები

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ირში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ივლისში განახლებული მავთულხლართის საყრდენ ბოძებზე ასაფეთქებელი საშუალებები, სავარაუდოდ, საბჭოთა წარმოების  F-1 ტიპის ხელყუმბარები, განათავსეს.

დამონტაჟებული ხელყუმბარები. წყარო: დავით ქაცარავას პირადი facebook გვერდი.

საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა

ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტების გახსნა

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან დამაკავშირებელი 2 „სასაზღვრო“ გამშვები პუნქტის პერიოდული გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ოძისის (რაზდახანის) და პერევის (პერეუ) გამშვები პუნქტები მიმდინარე წლის ბოლომდე, ყოველთვიურად, 20-30 რიცხვებში გაიხსნება და საშვების საშუალებით მიმოსვლა ნებადართული გახდება.

უკანასკნელი მონაცემებით, საერთო ჯამში საოკუპაციო ხაზი 3 026-მა ადამიანმა გადაკვეთა.

გამშვები პუნქტების გახსნის საკითხის მოთხოვნა ქართული მხარის მიერ 2019 წლიდან დგას „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ შეხვედრების დღის წესრიგში. ბოლო რამდენიმე შეხვედრაზე ოსური მხარისაგან სანაცვლო ულტიმატუმებიც გაჟღერდა. საოკუპაციო რეჟიმი გამშვები პუნქტების გახსნის სანაცვლოდ სოფ. ჩორჩანაში განთავსებული პოლიციის საგუშაგოს დემონტაჟს ითხოვდა, რომელსაც ოსური მხარე მიიჩნევს, რომ ოკუპირებული წნელისის ტერიტორიაზეა განთავსებული. ოფიციალური თბილისისგან საგუშაგოს დემონტაჟზე უარის მიუხედავად, ცხინვალის რეგიონის ახლადარჩეულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ახალგორელ „ამომრჩევლებთან“ დადებული დაპირების საფუძველზე, პუნქტების გახსნის გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

„საჰაერო სივრცის“ დარღვევა

ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის „სასაზღვრო“ სამსახურის უფროსმა ვალერი ალიხანტიმ ინფორმაცია გაავრცელა ცხინვალის რეგიონის „საჰაერო სივრცის“ დარღვევასთან დაკავშირებით. მისი მტკიცებით, 28 აგვისტოს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სოფ. ჩორჩანას ტერიტორიიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატი დე ფაქტო რესპუბლიკის „საჰაერო სივრცეში“ შეიჭრა და ფოტო-ვიდეო მასალის გადაღებას უკანონოდ ცდილობდა.

რუსი „მესაზღვრეების“ მიერ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა

29 აგვისტოს ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა ვიდეო მასალა, სადაც ჩანს თუ როგორ კვეთენ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზს და გადმოდიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

მნიშვნელოვანი ვიზიტები

აგვისტოში ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან მაღალი რანგის ვიზიტი არ განხორციელებულა.