ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის რბილი ძალის მიმოხილვა

2022 / 10 / 03

გამოცემა N7 / მიმოხილვის პერიოდი: ივლისი-სექტემბერი, 2022 / ავტორი: არსენ არაქელოვი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის რბილი ძალის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აღნიშნულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის რბილ ძალასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენებისა და იმ საქმიანობების შესახებ, რომლებსაც რუსეთი იყენებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში თავისი გავლენის განსამტკიცებლად. მიმოხილვა გამოდის სამ თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

 

რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის ახალი კონცეფცია

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 5 სექტემბერს საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის ახალი კონცეფციის დამტკიცების შესახებ ბრძანებულება გამოსცა. დოკუმენტი მიზნად ისახავს საერთაშორისო არენაზე რუსული კულტურის  გავრცელება-პოპულარიზაციასა და რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესებისა და კულტურული იდენტობის დაცვას. კონცეფციაში ხაზგასმულია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთთან და  ცხინვალის რეგიონთან თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ტურიზმის სფეროში.

რუსეთის რბილი ძალა აფხაზეთში

განათლების სფერო

  • 8 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბასა და აფხაზეთში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობის („რუსული სახლი“) ხელმძღვანელ - დმიტრი ფედოტოვს შორის. მხარეები შეთანხმდნენ რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში კვოტის გაზრდაზე.
  • აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ედუარდ ბუთბა შეხვდა ევგენი აჩკასოვს, რომელიც არის სეჩენოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო კლინიკის დირექტორი, სპორტული მედიცინისა და სამედიცინო რეაბილიტაციის კათედრის გამგე და „რუსეთის სამედიცინო საზოგადოების“ პრეზიდენტი.
  • მიხეილ შჩეპკინის სახელობის უმაღლესი თეატრალური სასწავლების რექტორის, ბორის ლუბიმოვის განცხადებით, სასწავლებელმა წელს პირველად მიიღო სტუდენტები აფხაზეთიდან.
  • 2022 წლის 5-16 სექტემბერს დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობას იღებდნენ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში.

სტაჟირება რუსეთში

  • ინალ არძინბა შეხვდა  რუსეთის პრეზიდენტთან არსებული რუსეთის სახალხო მეურნეობისა და სახელმწიფო სამსახურის აკადემიის დირექტორს, „რუსეთი - შესაძლებლობების ქვეყანა“ გენერალურ დირექტორს, ალექსეი კომისაროვს. „რუსეთი-შესაძლებლობების ქვეყანა“ არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2018 წელს რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა. პლატფორმა აერთიანებს 26 კონკურსს, პროექტებსა და ოლიმპიადებს. შეხვედრაზე მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2022 წელს ხელი მოეწერება თანამშრომლობის დოკუმენტს პლატფორმა - „აფხაზეთის მომავალსა“ და „რუსეთი-შესაძლებლობების ქვეყანა“-ს შორის, რაც, თავის მხრივ, გაზრდის „აფხაზეთის მომავლის“ მხარდაჭერას და გაიზრდება სტაჟირებათა ოდენობა აფხაზი ახალგაზრდებისთვის რუსეთში. პლატფორმა - „აფხაზეთის მომავალი“ არძინბას მიერ არის დაარსებული.

სპორტის სფერო

  • 2022 წლის 23 ივლისს სოხუმში „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა სპორტსმენთა შეხვედრა ალექსანდრე კარელინთან, რომელიც არის სსრკ-ს სამგზის ოლიმპიური ჩემპონი, სსრკ-ს სპორტის დამსახურებული ოსტატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში და რუსეთის „გმირი“.

სპორტსმენთა შეხვედრა ალექსანდრე კარელინთან. წყარო: apsadgil.info

  • აფხაზეთის ე.წ. პარაოლიმპიურ კომიტეტსა და სანქტ-პეტერბურგის შშმ პირთა სპორტულ ფედერაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება.
  • რუსეთის სპორტის სამინისტროში განაცხადეს, რომ 2023 წელს აპირებენ შექმნან საერთო საფეხბურთო ტურნირი ყირიმისა და სხვა მეგობრული „სახელმწიფოებისთვის“, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებისთვის. თავის მხრივ, აფხაზეთის ე.წ. ახალგაზრდობისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯემალ გუბაზმა განაცხადა, რომ გუნდები აფხაზეთიდან მზად არიან შეუერთდნენ მოცემულ ტურნირს.
  • ისტორიაში პირველად, 14 ივლისს სოხუმში „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა ქ. სოჭის ფეხბურთის ჩემპიონატის მატჩი.

ისტორიული თარიღების აღნიშვნა

  • ქ. სოხუმში მოსკოვის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის „მოსკოვის სახლი“ წარმომადგენელმა და რუსი თანამემამულეების ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა მიულოცეს 100 წლის იუბილე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს - მარია გლუსკერს.

ტურიზმი

  • რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა დაასახელეს როგორც ყველაზე ხელსაყრელი საზღვაო დასვენების ადგილი რუსი ტურისტებისათვის.
  • აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრი, თეიმურაზ ხიშბა შეხვდა რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეს, ელენა ლისენკოვას. მათ შეხვედრაზე აფხაზეთში ტურიზმის განვითარების პერსპექტივა განიხილეს.

სხვა ღონისძიებები

  • აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობას იღებდნენ არქეოლოგიურ გათხრაში სოხუმის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე. არქეოლოგიური მისიის ხელმძღვანელის თქმით, მე-19 საუკუნის 70-იან წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, ამ ტერიტორიაზე ბრძოლა წარიმართა და შედეგად, მათ აღმოაჩინეს მსხვილკალიბრიანი ქვემეხები. აღნიშნულით დაინტერესდნენ სანქტ-პეტერბურგის ეთნოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტები, რომლებიც ჩავიდნენ და ეწვივნენ სოხუმის ციხე-სიმაგრეს.
  • 22 სექტემბერს საერთაშორისო ინტელექტუალური კლუბის - „დიალოგი“ ფარგლებში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე - „რუსეთისა და აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენახვა“.
  • 2022 წლის 4 აგვისტოს ვლადისლავ არძინბას სახელობის „სახელმწიფო“ მუზეუმში გაიხსნა გამოფენა - „დონბასის ცრემლები“.

გამოფენა - „დონბასის ცრემლები“. წყარო: rusabkhazia.ru

რუსეთის რბილი ძალა ცხინვალის რეგიონში

განათლების სფერო

  • რუსეთის შს სამინისტროს კრასნოდარის უნივერსიტეტი დაამთავრა ცხინვალის რეგიონიდან სასწავლებად წასულმა 5-მა ახალგაზრდამ. დე ფაქტო შს მინისტრი დაესწრო დიპლომების გადაცემის საზეიმო ღონისძიებას.

დიპლომების გადაცემის საზეიმო ღონისძიება. წყარო: mvdruo.ru

  • დე ფაქტო შს სამინისტროს იუნკერებმა, რომლებმაც ჩააბარეს რუსეთის ფედერაციის შს სამინისტროს სასწავლებლებში, საზეიმოდ დადეს ფიცი.
  • რუსეთის ფედერაციის საბჭოში გაიმართა ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზენტაცია სასწავლების დაარსებიდან 90 წლის აღსანიშნავად. ფედერაციის საბჭოში „სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტის“ წარდგენა პირველად მოხდა.
  • ცხინვალის რეგიონში ჩატარდა საერთაშორისო, ისტორიული აქცია - „გამარჯვების დიქტანტი“, რომელიც ეძღვნებოდა მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვებას.

სპორტის სფერო

  • სპორტის სასახლეში „ოლიმპი“ ჩატარდა რუსი მწვრთნელის, იულია კოსტროვას მასტერკლასი მხატვრულ ტანვარჯიშში.

კულტურის სფერო

  • დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ელჩი რუსეთში, ზნაურ გასიევი 29 ივლისს შეხვდა რუსეთის უცხოური ლიტერატურის ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, პავლე კუზმინოვს. შეხვედრის მსვლელობისას კულტურის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.
  • დე ფაქტო რესპუბლიკის ეროვნულ მუზეიმში გაიხსნა გამოფენა - „მადლობა, რუსეთო!“, რომელიც ეძღვნებოდა 2008 წლის აგვისტოს ომს. ღონისძიება დაიგეგმა ცხინვალში დისლოცირებული რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის ინიციატივით.
  • დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციამ რუსეთის კულტურის სამინისტროს მიწვევით მოსკოვში მონაწილეობა მიიღო პირველ საბავშვო კულტურულ ფორუმში.
  • ცხინვალში გაიმართა გამოფენა, რომელიც ეძღვნებოდა პეტრე  I-ის 350 წლის იუბილეს.

ისტორიული თარიღების აღნიშვნა

  • ცხინვალში ჩატარდა ცხინვალის რეგიონში შერეული სამშვიდობო კონტინგენტის შეყვანის ოცდამეათი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება.  
  • ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს „ვიდეოხიდში“, რომელიც ეძღვნებოდა რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის აღიარებას.

სხვა ღონისძიებები

  • ქ. ცხინვალში მდებარე ფონდის „რუსული სამყაროს“ ფილიალმა მიიღო ახალი ეკიპირება წარწერით - „რუსულად საუბრის დროა“. აღნიშნული ეკიპირება - მაისურები, კალმები და ა.შ. მიიღო ფონდმა „რუსული სამყაროს“ მოსკოვის ფილიალისგან.

ფონდის „რუსული სამყარო“ ახალი ეკიპირება. წყარო: cominf.org

  • დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2022 წლის პირველ ნახევარში რუსეთის კლინიკებში მაღალტექნოლოგიური და სპეციალიზირებული სამედიცინო დახმარება მიიღო დე ფაქტო რესპუბლიკის 43-მა ისეთმა მოქალაქემ, რომელსაც არ აქვს რუსეთის მოქალაქეობა.
  • რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერმა, ბორის ჩერნიშევმა განაცხადა, რომ რუსეთმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ერთობლივად უნდა იმუშავონ არქივის მასალებზე და შეისწავლონ ოსების „გენოციდი“.

რბილი ძალა რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს რუსეთის გავლენის გასაზრდელად საზღვარგარეთ, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსული რბილი ძალის პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობები. აფხაზეთში სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელია დმიტრი ფედოტოვი, ცხინვალის რეგიონში კი - სერგეი სკვორცოვი.