ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2023 / 01 / 03

გამოცემა: N48 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 დეკემბერი, 2022

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი აფხაზეთში

2022 წლის 1 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ოკუპირებულ აფხაზეთს. ვოლოდინის ვიზიტის ოფიციალური მიზანი რუსეთის სახელმწიფო დუმასა და აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს შორის თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერა იყო. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ეს სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის პირველი ვიზიტი იყო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში. სხვადასხვა პერიოდში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდნენ ვლადიმერ პუტინი, დიმიტრი მედვედევი და სერგეი ლავროვი.

ვოლოდინი ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და  დე ფაქტო პარლამენტის სპიკერ ლაშა აშუბას შეხვდა. ვოლოდინმა და აშუბამ „საპარლამენტო თანამშრომლობის“ შესახებ შეთანხმებასაც მოაწერეს ხელი. შეთანხმების ფარგლებში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც საპარლამენტო ფორმატში მოაგვარებს ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ საკითხებს. სამუშაო ჯგუფის შეხვედრა რამდენიმე თვეში ჩატარდება.

ასლან ბჟანიას შეხვედრა ვიაჩესლავ ვოლოდინთან. წყარო: presidentofabkhazia.org

ალან ალბაროვი მოსკოვში ვიაჩესლავ ვოლოდინს შეხვდა

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ალან ალბაროვი 15 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც იგი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეს, ვიაჩესლავ ვოლოდინს შეხვდა. შეხვედრაზე საფუძველი ჩაეყარა ახალ ,,პარლამენტთაშორის” ინიციატივას - ორმხრივი კომისიას. კომისია ერთგვარი ზედამხედველობითი ორგანო იქნება, რამაც რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის „პარლამენტების“ შესაბამისი კომიტეტების კოორდინირების ხარისხი უნდა გაზარდოს

გაგლოევის შეხვედრა კურატორებთან

2022 წლის 28 დეკემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია. შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხები განიხილეს, მათ შორის: 2023-2025 წლებში ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელება, დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკნომიკური განვითარებისთვის გამოყოფილი რუსეთის საბიუჯეტო რესურსების ეფექტიანი ხარჯვა, დე ფაქტო აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდა, პროკურატურის, სასჯელაღსრულების თანამშრომლების საპენსიო უზრუნველყოფა, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა.

ალან გაგლოევის შეხვედრა დიმიტრი კოზაკთან. წყარო: presidentruo.org

მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში გაგლოევი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევსაც შეხვდა, რომელიც საბჭოში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს კურირებს. შეხვედრაზე უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

შეხვედრა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან

22 დეკემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ანატოლი პლიევი მოსკოვში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევს შეხვდა. შეხვედრაზე 2023-2024 წლების ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმას მოეწერა ხელი. მხარეებმა ასევე განიხილეს საერთო ინტერესთა სფეროები და აღნიშნულ სფეროებში ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობები.

ანატოლი პლიევის შეხვედრა ნიკოლაი პატრუშევთან. წყარო: cominf.org

აფხაზეთისა და რუსეთისსამთავრობათაშორისოკომისიის შეხვედრა

6 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა რუსეთის მიერ დაფინანსებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის მე-19 „სამთავრობათაშორისო“ კომისიის შეხვედრა. კომისიას ხელმძღვანელობდნენ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი და რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე - ალექსანდრ ნოვაკი. შეხვედრაზე განიხილეს ინვესტირების პერსპექტივები, ელექტროენერგეტიკის, ტურიზმის განვითარებისა და სოხუმის აეროპორტის ასაფრენი ბილიკის რეკონსტრუქციის საკითხები.

მოსკოვში სამოკავშირეო სახელმწიფოს საპარლამენტო სხდომა გაიმართა

19 დეკემბერს სახელმწიფო დუმაში გაიმართა ბელარუსისა და რუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოს 63-ე საპარლამენტო სხდომა. სხდომას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, ლაშა აშუბა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე - ალან ალბოროვი. საპარლამენტო სხდომას ხელმძღვანელობდა რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე - ვიაჩესლავ ვოლოდინი.

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო იუსტიციის მინისტრის შეხვედრა მოსკოვში

16 დეკემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო იუსტიციის მინისტრი ოლეგ გაგლოევი მოსკოვში სახელმწიფო რეგისტრაციის, კადასტრისა და კარტოგრაფიის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელს, ოლეგ სკუფინსკის შეხვდა. 2022 წლის თებერვალში მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი.

ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიკაცია

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. შეთანხმების მიხედვით, აფხაზეთის მაცხოვრებლები რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას შეძლებენ. შეთანხმებით რეგულირდება სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, სამედიცინო მომსახურების, სამხედრო სამსახურის გავლის საკითხებიც. შეთანხმება ხუთი წლის ვადით დაიდო, ავტომატური გაგრძელების შესაძლებლობით.

აფხაზურ-რუსული საქმიანი ფორუმი

2022 წლის 6 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა რუსეთ-აფხაზეთის საქმიანი ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ფორუმი. რუსეთის ეკონომიკის განვითარების მინისტრის, დიმიტრი ვოლვაჩის განცხადებით, რუსული ბიზნესი მზად არის ჩადოს ინვესტიციები ოკუპირებულ აფხაზეთში ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკასა თუ სხვა სფეროებში. მან აღნიშნა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, „მხარეები“ მუშაობდნენ კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე და ამჟამად დე ფაქტო რესპუბლიკაში უკვე იქმნება პირობები ინვესტიციებისთვის და ინვესტორების უფლებათა დაცვისთვის.

შეხვედრა „გაზპრომ პრომგაზ“-ის დელეგაციასთან

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ  „გაზპრომ პრომგაზ“-ის დელეგაციასთან გამართა შეხვედრა. შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებული აფხაზეთის გაზიფიცირების პროექტის გენერალური გეგმა. პროექტი შექმნილი იყო „გაზპრომ პრომგაზ“-ის მიერ დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროსა და აღნიშნული კომპანიის შეთანხმების ფარგლებში. ხელშეკრულების თანახმად, გენერალური გეგმის შექმნისათვის, რომელშიც გაწერილი იქნებოდა ყველა ეტაპის რეალიზაციის მეთოდები, გამოყოფილი იყო ერთი წელი. აღნიშნული ღონისძიება რუსეთის მიერ დაფინანსებული 2020-2022 წლებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთს ერთდღიანი, არაოფიციალური ვიზიტით თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რუსტამ მინიხანოვი ეწვია. რუსეთ-აფხაზეთის „საზღვარზე“ მას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია დახვდა. მინიხანოვის ვიზიტი მიზნად ისახავს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას. 2022 წლის ივლისში ბჟანია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა თათრეთის რესპუბლიკაში, თავად მინიხანოვის პირველი ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში კი, 2015 წლის 1 ოქტომბერს შედგა.