ყოველთვიური მიმოხილვა

ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი

2023 / 05 / 03

გამოცემა: N21 / მიმოხილვის პერიოდი: 1 - 30 აპრილი, 2023 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი

„საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.

*30 აპრილის მდგომარეობით ცხინვალის ციხეში საქართველოს შვიდი მოქალაქე რჩება: მამუკა ჩხიკვაძე,   კახაბერ ნათაძე, სოფ. გუგუტიაანთკარში დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთა ვინაობა ღია წყაროებში არ გავრცელებულა, ჩიტო ახალკაცი და გოჩა მამაგულაშვილი.

ჩხიკვაძე უკანონო პატიმრობაში გასული წლის 12 იანვრიდან იმყოფება და ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის დარღვევის ბრალდებით იხდის სასჯელს, რაც 5 წლითა და 6 თვით პატიმრობას ითვალისწინებს.

ნათაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2022 წლის 10 დეკემბერს დააკავეს და უკანასკნელი 2 წლისა და 4 თვის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

ახალკაცი და მამაგულაშვილი საოკუპაციო ძალებმა 2023 წლის 30 მარტს საოკუპაციო ხაზის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. დვანის მონაკვეთზე საქონლის მწყემსვისას დააკავეს.

IPRM-ის 112- შეხვედრა

2023 წლის 27 აპრილს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, დიმიტრიოს კარაბალისისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენელის ელჩ ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 112-ე შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა ჭვრინისის ინციდენტი და ცხინვალის ციხეში ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პერსპექტივები განიხილეს. ასევე ისაუბრეს დე ფაქტო რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების გადადგილებაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან. უცვლელი დარჩა მდგომარეობა და მხარეთა პოზიციები სოფ. ჩორჩანაში ქართული საპოლიციო საგუშაგოს თაობაზე. საკონტროლო-გამშვები პუნქტებით (სგპ) სარგებლობის ვადის გახანგრძლივების საკითხი ცხინვალის ე.წ. დელეგაციამ ღიად დატოვა, მოსალოდნელი საირიგაციო სეზონისთვის მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოების, გასული წლის წარმატებული პრაქტიკის შესაბამისად, გაგრძელებაზე კი ორივე მხარე შეთანხმდა.

IPRM-ის 112-ე შეხვედრის შესახებ უფრო დაწვრილებით წაიკითხეთ აქ.

დაკავებული და გათავისუფლებული მოქალაქეები

აპრილში საოკუპაციო ხაზის ქარელის მუნიციპალიტეტის მონაკვეთი უკანონო დაკავებების თვალსაზრისით განსაკუთრებით საშიში გახდა.

აპრილში მწყემსვის სეზონის დაწყებისთვის საოკუპაციო რეჟიმი განსაკუთრებულად მოემზადა - 14-16 აპრილს საოკუპაციო ხაზის აღნიშნულ მონაკვეთზე გავლებული მავთულხლართი  მოხსნა, რამაც პირუტყვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა გაამარტივა. ქვემოთ დასახელებული საქართველოს მოქალაქეებიდან ყველა მწყემსია და ყოველი მათგანი პირუტყვის მწყემსვისას დააკავეს ან სცადეს დაეკავებინათ. საინტერესოა, რომ დაკავებულები სტანდარტული პროცედურის შესაბამისად გაასამართლეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით, სცნეს დამნაშავედ და „რესპუბლიკიდან გააძევეს“, თუმცა მრავალი წინა შემთხვევისგან განსხვავებით -  „გაძევებამდე“ ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრეს. განსაკუთრებით საყურადღებო ამ ვითარებაში ის არის, რომ აღნიშნული 322-ე მუხლით მხოლოდ ერთი სადამსჯელო ღონისძიება - პატიმრობაა გათვალისწინებული.

დიმიტრი მამაგულაშვილის დაკავება და გათავისუფლება

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 17 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. დვანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს ამავე სოფელში მცხოვრები დიმიტრი მამაგულაშვილი. იგი 20 აპრილს „ზნაურის რაიონულ სასამართლოში“ დამნაშავედ სცნეს „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევაში და ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების შემდეგ ცხინვალის რეგიონიდან „გამოაძევეს“. იგი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას დაკავებიდან 4 დღის შემდეგ, 21 აპრილს გადმოეცა.

დიმიტრი მამაგულაშვილი. წყარო: ssg.gov.ge

უკანონო დაკავების მცდელობა სოფ. ჭვრინისში

21 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭვრინისში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩასაფრებული ე.წ. მესაზღვრე სამხედროები სოფ. ჭვრინისის მკვიდრ ცოლ-ქმარს დაესხნენ თავს. ცოლ-ქმარი საძოვარზე პირუტყვს მწყემსავდა. სამხედროებმა მამაკაცს თავდასხმისას იარაღის კონდახით თავის არეში დაზიანება მიაყენეს, რის გამოც იგი ამჟამად ქ. ქარელში, საავადმყოფოში იმყოფება. ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციის მიხედვით, რომელიც პირადად იმყოფებოდა თავდასხმის ადგილას, ე.წ. მესაზღვრეები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 170 მეტრით შემოიჭრნენ. „მესაზღვრეები“ ქართული საპოლიციო ბრიგადის გამოჩენისთანავე გაიქცნენ, შედეგად კი ვეღარ შეძლეს მოქალაქეების დაკავება.

ჩიტო ახალკაცისა და გოჩა მამაგულაშვილის დაკავება

სოფ. დვანში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე ჩიტო ახალკაცი და გოჩა მამაგულაშვილი საოკუპაციო ხაზის სოფ. დვანის მონაკვეთზე 30 აპრილს პირუტყვის მწყემსვისას დააკავეს. ისინი ჯერ კიდევ ცხინვალის ციხეში, უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან.

„ბორდერიზაცია“ და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე საქმიანობა

უკანონო კონსტრუქციები სოფ. დვანში

აპრილში სოფ. დვანში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. მესაზღვრეების საქმიანობაც გააქტიურდა. მათ საოკუპაციო ხაზის აღნიშნულ მონაკვეთზე გავლებული მავთულხლართი მოხსნეს. ამის შესახებ ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა დავით ქაცარავამ გაავრცელა საკუთარ Facebook გვერდზე. ქაცარავას ინფორმაციით, სამხედროებმა მეტალის კონსტრუქციებიც დაამონტაჟეს, რაც მისი ვარაუდით, „OKAPI“-ს ტიპის რადიო-ლოკაციური დაზვერვის მანქანისთვის განკუთვნილი სპეცსადგომი უნდა იყოს, მწკრივად განლაგებული მეტალის ბოძები კი მოძრაობის დეტექტორის მსგავს მექანიზმს უნდა ქმნიდეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ამავე პერიოდში დაამონტაჟეს სათვალთვალო კამერებიც.

უკანონო კონსტრუქციები დვანში. წყარო: დავით ქაცარავას Facebook გვერდი.

მნიშვნელოვანი ვიზიტები საოკუპაციო ხაზთან

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ოძისში

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის დელეგაცია  საგარეო საქმეთა მინისტრ ბუიარ ოსმანის ხელმძღვანელობით დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ოძისში ჩავიდა. მათ თან ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ელჩი ვიორელ მოშანუ ახლდათ, რომელმაც ადგილზე არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარება გააცნო.  

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი. წყარო: eumm.eu

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ვიზიტი სოფ. პერევში

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები 27 აპრილს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. პერევში იმყოფებოდნენ. ვიზიტისას მათ საოკუპაციო ხაზის პერევი-ქარძმანის მონაკვეთი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის (სუს) წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, რომელიც მან ადგილზე გააკეთა, ოკუპაცია ქვეყნისათვის ყველაზე დიდი საფრთხე და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისათვის დიდი გამოწვევაა. სწორედ საქართველოს საოკუპაციო ხაზზე გადის ევროპული უსაფრთხოების წინა ხაზი და საქართველოს უწყვეტი განვითარება, ისევე, როგორც, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია არის ოკუპაციის დასრულების ერთადერთი სწორი გზა.

საპარლამენტო უმრავლესობის ვიზიტი საოკუპაციო ხაზის პერევი-ქარძმანის მონაკვეთზე. წყარო: parliament.ge