ყოველთვიური მიმოხილვა

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები: ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების მიმოხილვა

2023 / 10 / 02

გამოცემა: N12 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 სექტემბერი, 2023

მიმოხილვა მზადდება  პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

აფხაზეთი

„სამამულო ომში“ გამარჯვების 30 წლისთავი

30 სექტემბერს 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში გამარჯვების 30 წლისთავი ოკუპირებულ აფხაზეთში პომპეზურად აღნიშნეს. აფხაზეთში ამ დღეს მოიხსენიებენ, როგორც „აფხაზი ხალხის სამამულო ომში“ გამარჯვების დღე. 27 სექტემბერს სოხუმის აღების შემდეგ, სეპარატისტებმა 30 სექტემბერს მდინარე ენგურთან აფხაზური დროშა აღმართეს, რასაც ომის დასრულება მოჰყვა. საიუბილეო ღონისძიებებისთვის მზადება გასული წლიდან დაიწყო. ღონისძიებების კულმინაცია სამხედრო აღლუმი იყო, რომელშიც მონაწილეობა რუსულმა მცირე სარაკეტო ხომალდმა „ციკლონმაც“ მიიღო.

სამხედრო აღლუმი სოხუმში

მთიანი ყარაბაღის მოვლენები და სოხუმის რეაგირება

აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენის შემდეგ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ პირველი განცხადება 22 სექტემბერს გააკეთა. მისი თქმით, „მთიან ყარაბაღში ვითარებას არ აქვს პირდაპირი კავშირი აფხაზეთთან, თუმცა ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის ზრდას“. არძინბას შეფასებით, „ისტორიული კავშირებისა და სომხური დიასპორის გამო, შესაძლებელია მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილები აფხაზეთშიც ჩავიდნენ“. არძინბა 55-დან 300-მდე ადამიანის ჩასვლას ელოდება.

დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შამბას განცხადებით, „ყარაბაღში ვითარება ხელს უწყობს საქართველოში რევანშის იმედის გაჩენას“. შამბას თქმით, „უკრაინა და საქართველოს მთავრობის ოპოზიცია ოფიციალური თბილისის პროვოცირებას ახდენენ, რომ „მეორე ფრონტი“ გახსნან. ამიტომ გვჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე და ერთიანობა, უნდა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა, რითაც ეხლა დაკავებულია აფხაზეთის ხელმძღვანელობა“.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის წარმატებამ და რუსეთის მოკავშირე სომხეთის მარცხმა, ასევე ბოლო პერიოდში სამთავრობო დონეზე რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებამ, გარკვეული შიშები წარმოშვა ოკუპირებულ რეგიონებში, რომ ისინი თბილისის მხრიდან შესაძლო სამხედრო აგრესიის შემთხვევაში შეიძლება დაუცველები აღმოჩნდნენ.

საგარეო-პოლიტიკური აქტივობა

  • ბელარუსი: 14 სექტემბერს ინალ არძინბამ განაცხადა, რომ ბელარუსმა ეკონომიკის მიმართულებით დე ფაქტო აღიარა აფხაზეთი და ბელარუსის პრეზიდენტი უზრუნველყოფს ორმხრივ ურთიერთობებში უბაჟო ვაჭრობას. არძინბას განცხადებით, აფხაზეთში წარმოებული პროდუქტები უკვე გამოჩნდა ბელარუსში მაღაზიებში. არძინბას თქმით, „წინ გველოდება რამდენიმე შეხვედრა და ყველა ვლოცულობთ, რომ შევძლოთ ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება“. მისი თქმით, არსებული ინფორმაციით, საქართველოს ელჩი გაწვეულია მინსკიდან, ბელარუსის ელჩი კი, „არასრულფასოვნად მუშაობს“ საქართველოში. სოხუმში იმედი აქვთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აღიარებს აფხაზეთს. მსგავსი ოპტიმიზმი აფხაზურ-ბელარუსულ ურთიერთობებში ბოლო ერთ წელიწადში განვითარებული დინამიკით არის განპირობებული, კერძოდ, ლუკაშენკოსა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შორის ბიჭვინთასა და მინსკში ორმხრივი შეხვედრების გარდა, გახშირდა ორმხრივ დონეზე სხვადასხვა დონის კავშირები.
  • თურქეთი: არძინბას თქმით, აფხაზეთში აქტუალურ საკითხად რჩება თურქეთთან სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების საკითხი. მისი თქმით, იდეას მხარს უჭერენ დიასპორის წარმომადგენლები, რადგან მათ სურთ ჰქონდეთ დამატებითი ლოგისტიკური შესაძლებლობები. არძინბას აზრით, ამ საკითხს აქვს პერსპექტივა.
  • ჩრდილოეთ კვიპროსი: არძინბას თქმით, აფხაზური დელეგაცია თურქეთში ყოფნის პერიოდში ჩრდილოეთ კვიპროსშიც იმყოფებოდა, სადაც „კოლეგებს“ შეხვდნენ. არძინბამ ჩრდილოეთ კვიპროსის დელეგაცია აფხაზეთში დაპატიჟა „ადამიანური კავშირების“ დასამყარებლად. თუმცა, დელეგაციის ვიზიტის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. არძინბას თქმით, „ჩვენ გვაქვს ურთიერთობების განვითარებისთვის გარკვეული პერსპექტივები“.
  • ყაზახეთი: ტურიზმის დე ფაქტო მინისტრი თეიმურაზ ხიშბა ყაზახეთში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო I საერთაშორისო ტურისტულ ფორუმში „არამდგრად მსოფლიოში ტურიზმის განვითარების მდგრადი სტრატეგია“. ფორუმზე ხიშბა სიტყვითაც გამოვიდა. მსგავსი ვიზიტების მიზანია პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან გარკვეული სახის ურთიურთობების დამყარება და მინიმუმ ამ ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვა.

თეიმურაზ ხიშბა ფორუმს ესწრება ყაზახეთში

ვინ ააშენებს სოხუმის აეროპორტს?

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაზე ინვესტორების განაცხადების მიღება დაიწყო. თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კომპანიებისთვის პროექტი ეკონომიკური თვალსაზრისით არ არის მიმზიდველი. „ვედომოსტის“ ცნობით, მსხვილი რუსული აეროპორტის ჰოლდინგები („რეგიონების აეროპორტები“, „აეროდინამიკა“, „ნოვაპორტი“, ასევე „შერემეტიევოსა“ და „ვნუკოვოს“ აეროპორტები) უარს ამბობენ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაზე. უარის მიზეზად სახელდება მგზავრთა ნაკადის შესაძლებლობაზე მონაცემების არარსებობა, ასევე გაუგებარი რჩება თუ ვინ შეიძლება მოისურვოს არაღიარებულ რესპუბლიკაში შეასრულოს ფრენები. ასევე რთული იქნება აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის საჭირო სამშენებლო მასალების აფხაზეთში შეტანა.

დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შამბას განცხადებით,  პირველი რეისი აეროპორტიდან 2024 წლის ბოლოსთვის უნდა განხორციელდეს. შამბას არ აქვს იმედი, რომ სოხუმის აეროპორტი სამოქალაქო ავიაციის  საერთაშორისო ორგანიზაციისგან საერთაშორისო კოდს მიიღებს, მაგრამ იმედოვნებს, რომ ფრენებს რუსული კომპანიები განახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ სოხუმის აეროპორტში ვერც ერთი ავიაკომპანია საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ვერ განახორციელებს, სანამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველო და ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა არ იქნება უზრუნველყოფილი ქართული მხარის მიერ. ამ შემთხვევაში ფრენები იმ რუსულ კომპანიებს შეუძლიათ შეასრულონ, რომლებიც მხოლოდ რუსეთის შიგნით ახორციელებენ საჰაერო მიმოსვლას.

16 ივნისს, პეტერბურგის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა და დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა კრისტინა ოზგანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის აღდგენის შესახებ“. რუსი ინვესტორი აეროპორტს 49-წლიანი იჯარით მიიღებს, 25 წლის განმავლობაში კი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებს.

სასწავლო წელი აფხაზეთში

აფხაზეთში ახალ სასწავლო წელს სკოლებში 2 800 პირველკლასელი წავიდა, მათ შორის სოხუმში - 940 მოსწავლე. აფხაზეთში სულ 153 სკოლა ფუნქციონირებს, სადაც 29 ათასამდე მოსწავლე სწავლობს და 3 959 მასწავლებელი ასწავლის. 153 სკოლიდან 58 -აფხაზურია, 55 - რუსული, 16 - რუსულ-აფხაზური, 24 - სომხური. 2015 წლის შემდეგ ოკუპირებული გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა. რაიონის 20 სკოლაში სწავლება აფხაზურ-რუსულად მიმდინარეობს, მაშინ როდესაც რაიონის მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია. მსგავსი მიდგომა დე ფაქტო ხელისუფლებისა და რუსეთის დისკრიმინაციული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ადგილობრივი ქართული მოსახლეობის ასიმილაციას ისახავს მიზნად.

საკადრო ცვლილებები

სექტემბერში დე ფაქტო ხელისუფლებაში რამდენიმე მნიშველოვანი საკადრო ცვლილება განხორციელდა. 1 სექტემბერს თანამდებობა დატოვა ვიცე-პრემიერმა სერგეი პუსტოვალოვმა, რომელიც ამ პოსტზე 2020 წლის 22 ივლისს დაინიშნა. პუსტოვალოვი დე ფაქტო მთავრობაში ერთადერთი ეთნიკურად რუსი იყო, რომელიც 2004-2008 წლებში აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის თანაშემწე იყო. უცნობია პუსტოვალოვის განთავისუფლების მიზეზი. იგი გავლენიან პოლიტიკურ ფიგურად არ მიიჩნეოდა.

4 სექტემბერს თანამდებობა დატოვა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ჯანსუღ ნანბამ. მის ადგილას დაინიშნა აბესალომ კვარჩია. საინტერესოა, რომ 1972 წელს მან საქართველოს პოლიტტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა, რომელიც 1981 წელს „ინჟინერ-მექანიკოსის“ სპეციალობით დაამთავრა. კვარჩია მანამდე ძირითადად ბიზნეს სექტორში საქმიანობდა, 2023 წლიდან კი ე.წ. საზოგადოებრივი პალატის წევრი იყო.

აბესალომ კვარჩია

1 სექტემბერს თემურ ახიბა ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარედ დაინიშნა. იგი 1998 წლიდან სისტემაში მუშაობს. ახიბა 2023 წლის 13 ივნისიდან „სამსახურის“ უფროსის მოვალეობას ასრულებდა. მან შეცვალა რობერტ კიუტი, რომელიც დე ფაქტო შს მინისტრად დაინიშნა.

გადადგა თუ არ გადადგა არძინბა?

სექტემბრის დასაწყისში აფხაზურმა ტელეგრამ არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია ინალ არძინბას თანამდებობიდან განთავისუფლებისა და მისი კრემლში უკრაინის მიმართულებით თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნის შესახებ. მოგვიანებით, 5 სექტემბერს, არძინბას გადადგომის შესახებ ხმები უარყო დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია არ დადასტურა, რამდენიმე დღე ამ საკითხზე გაურკვევლობა შეინიშნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სივრცეში არ არის შესამჩნევი, გავრცელებული ინფორმაციით, არძინბას ადგილობრივ პოლიტიკურ ელიტაში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

ცხინვალის რეგიონი

სატრანზიტო დერეფანი ცხინვალის გავლით?

19 სექტემბერს ვლადიკავკაზში რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს გასვლითი, რიგით მეოთხე სხდომა ჩატარდა. საბჭო რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული სტრუქტურაა, რომელიც 2023 წლის თებერვალში შეიქმნა. სხდომას თავმჯდომარეობდა რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმირ პადალკო და რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და რუსეთს შორის საავტომობილო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლის, ინვესტიციების, ავიაბილეთებზე ფასის შემცირების საკითხები. შეხვედრაში მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ალან ალბოროვიც.

რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს სხდომა ვლადიკავკაზში

სხდომის დასრულების შემდეგ ღია წყაროებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ განხილული იყო „სამხრეთ ოსეთის გავლით გზის გახსნის“ საკითხიც. ამ თემაზე განცხადება გაავრცელა დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომლის მიხედვითაც, „სატრანზიტო პროექტების განხორციელება, რომელიც სამხრეთ ოსეთის სუვერენულ ტერიტორიას ეხება, დამოკიდებულია თავად რესპუბლიკაში მისი მიზანშეწონილობის შეფასებიდან“. ცხინვალის შეფასებით, მსგავსი პროექტების განხორციელება შესაძლებელი იქნება, თუ ცხინვალი სრულფასოვან წევრად იქნება ჩართული მოლაპარაკების პროცესში და პროექტის შემდეგ განხორციელებაში.

ცხინვალის რეგიონის გავლით სატრანზიტო დერეფნის ამოქმედება ამ ეტაპზე არარეალურად გამოიყურება, თუმცა ამ საკითხზე საუბრები მიუთითებს, რომ რუსეთი, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების პირობებში, დაინტერესებულია მაქსიმალურად უზრუნველყოს ალტერნატიული მარშრუტების განვითარება.

IPRM-ის 114-ე შეხვედრა

2023 წლის 12 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 114-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იმსჯელეს ტირიფონის არხის ამოქმედებაზე, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ოკუპირებული, ასევე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის. ტირიფონის არხი სარწყავი სისტემაა, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე, როგორც ქართულ, ასევე ოსურ სოფლებს სარწყავი წყლით ამარაგებს. არხმა 2008 წლის შემდეგ შეწყვიტა ფუნქციონირება. მომდევნო, 115-ე შეხვედრა, მიმდინარე წლის 1 ნოემბერს გაიმართება.

სასწავლო წელი ცხინვალის რეგიონში

ცხინვალის რეგიონში პირველ კლასში, სახელმწიფო და კერძო სკოლებში, ჯამში 689 ბავშვი წავიდა. რეგიონში სულ 47 სკოლაა, მათ შორის 2 კერძო და ერთი კადეტთა. ყველაზე ცოტა პირველკლასელი ცხინვალის რაიონშია - 13, ახალგორის რაიონში კი - 19, ყველაზე მეტი  ქ. ცხინვალშია - 481. რეგიონში სულ 1 320 მასწავლებელია, მათ შორის 723 ცხინვალში ასწავლის. აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ ოკუპირებული რეგიონის სოფლები მოსახლეობისგან პრაქტიკულად დაცლილია და მოსახლეობა ძირითადად ქალაქ ცხინვალშია კონცეტრირებული.