ახალი ამბები

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 114-ე შეხვედრა: შეფასებები

2023 / 09 / 14

ავტორი: ელენე მინდიაშვილი

2023 წლის 12 სექტემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, დიმიტრიოს კარაბალისისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელის ელჩ ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 114-ე შეხვედრა გაიმართა. 114-ე შეხვედრა იმ იშვიათ გამონაკლისებს შორის არის, რომლებიც მხარეთა ურთიერთშეთანხმებით დასრულდა და განსაკუთრებით საინტერესოც აღმოჩნდა.

თანათავმჯდომარეების შეფასებები

თანათავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მიმართ მხარეების ერთგულება. მათ მოლაპარაკების ორივე მხარეს მოუწოდეს საკონტროლო გამშვები პუნქტების (სგპ) მეშვეობით გადაადგილების თავისუფლების ხელშეწყობისაკენ, მიესალმნენ უსაფრთხოების ვითარების შედარებით დასტაბილურებას ბოლო ორი თვის განმავლობაში, ოსურ მხარეს კი მოუწოდეს დაკავებების პრაქტიკის შეწყვეტისა და ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ.

თბილისის შეფასება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ შეხვედრის დღის წესრიგში რამდენიმე მთავარი საკითხი დააყენა. გასული შეხვედრის მსგავსად, ოფიციალური თბილისისთვის პრიორიტეტად ამჯერადაც უკანონო დაკავებების რეგულარული შემთხვევების შეწყვეტა და ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ოთხი მოქალაქის გათავისუფლების საკითხი დარჩა. ანთაძეს მედიასთან დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ ამ მხრივ ახლო მომავალში სასიხარულო სიახლეებს უნდა ველოდოთ. ქართულმა მხარემ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე „ბორდერიზაციის“ საქმიანობაც დაგმო და ოსური მხარისგან ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლების, მეტალის კონსტრუქციებისა და სხვა უკანონო ქმედებების შეწყვეტა მოითხოვა. ცხადია შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს გასული შეხვედრის შემდეგ საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მომხდარი ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი და სგპ-ების გავლით გადაადგილების არსებული პრაქტიკის მასშტაბების ზრდაზეც ისაუბრეს, თუმცა ჯერჯერობით ამ უკანასკნელის შესახებ რაიმე გადაწყვეტილება არცერთ მხარეს გაუჟღერებია.

ცხინვალის შეფასება

იგორ კოჩიევმა - „პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილემ“ და „სამხრეთ ოსეთის დელეგაციის“ ხელმძღვანელმა მედიასთან ოსური მხარის მიერ დღის წესრიგში დაყენებულ საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრაზე სამი მნიშვნელოვანი საკითხი გაჟღერდა. სამივე მათგანი ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის დარღვევას უკავშირდებოდა. ოსურმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა დე ფაქტო რესპუბლიკის საჰაერო სივრცის როგორც უპილოტო, ასევე პილოტიანი საფრენი აპარატებით დარღვევასთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, 113-ე შეხვედრის შემდეგ დე ფაქტო „სასაზღვრო რეჟიმი“ ათმა საქართველოს მოქალაქემ დაარღვია, რომელთაგან ათივე გამოაძევეს ე.წ. რესპუბლიკიდან. სოფ. ჩორჩანაში განთავსებული ქართული საპოლიციო საგუშაგოს დემონტაჟი ოსურმა მხარემ ამჯერადაც მოითხოვა. კოჩიევის თქმით, ქართული მხარის მტკიცება, რომ საგუშაგო სტანდარტულ ხასიათს ატარებს, მათთვის მნიშვნელოვანი არ არის და დე ფაქტო რესპუბლიკის მხრიდან შეიარაღებული ეკიპაჟი ნებისმიერ შემთხვევაში საფრთხედ აღიქმება, იწვევს შეშფოთებას და ხელს უშლის ადგილზე მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნებას.

ტირიფონის არხის საკითხი

მხარეები შეთანხმდნენ ტირიფონის არხის ამოქმედებაზე, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ოკუპირებული, ასევე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის. ტირიფონის არხი სარწყავი სისტემაა, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე, როგორც ქართულ, ასევე ოსურ სოფლებს სარწყავი წყლით ამარაგებს. 2008 წლის შემდეგ ტირიფონის არხმა ფუნქციონირება შეწყვიტა, რის შედეგადაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა ყოველ წელს ზარალდებოდა - ხმებოდა მრავალწლოვანი კულტურა და განსაკუთრებულად ცხელი ზაფხულის დროს ზიანდებოდა სეზონური მოსავალიც. ვინაიდან ტირიფონის არხი საკუპაციო ხაზს 10 ადგილზე კვეთს, მის ამოქმედებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება როგორც ქართული, ისე ოსური მხარისთვის რისკის შემცველი იყო, თუმცა საკითხი მოსახლეობს ინტერესების სასარგელოდ გადაწყდა და პასუხისმგებლობის შესრულებას ორივე მხარე შეუდგა - არხის სრული მონაკვეთი გაიწმინდა, პროცესში გაჩენილი ხარვეზების აღმოფხვრა კი, ევროკავშირის მიერ მართული „ცხელი ხაზის“ მექანიზმის მეშვეობით, მხარეებმა ერთობლივად შეძლეს.  

შემდეგი შეხვედრა

მხარეების შეთანხმებით, მომდევნო, 115-ე შეხვედრა, მიმდინარე წლის 1 ნოემბერს ჩაინიშნა.

მიმდინარე წლის განმავლობაში IPRM-ის ფორმატის სულ ხუთი: 110, 111, 112, 113 და 114 შეხვედრა ჩატარდა.

2009 წლის თებერვალში, ჟენევის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნის თაობაზე, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. აღნიშნული ფორმატის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მიზანია კონკრეტულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და მისი აღმოფხვრა. ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი შეუფერხებლად ფუნქციონირებს, აფხაზეთის მიმართულებით კი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ დროებით შეწყვეტილია. IPRM- შეხვედრებს თანათავმჯდომარეობენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და გაეროს/ეუთოს წარმომადგენლები.

Go BackGo Back