ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა

2023 / 11 / 03

გამოცემა: №30 / მიმოხილვის პერიოდი: 1 - 31 ოქტომბერი, 2023 / ავტორი: არსენ არაქელოვი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები

„სოხუმის აეროპორტს“ რაშიდ ნურგალიევის შვილი აღადგენს

27 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასა და შპს „ინფრასტრუქტურული განვითარება“-ს („Инфраструктурное Развитие“) შორის ხელი მოეწერა „ვ. არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის“ რეკონსტრუქციის ხელშეკრულებას. რუსული კომპანია - „ინფრასტრუქტურული განვითარება“ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა.

ინფრასტრუქტურული განვითარების“ მფლობელი რაშიდ რაშიდის ძე ნურგალიევია, რუსეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის და ამჟამინდელი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილი. უფროსი ნურგალიევი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით გავლენიანი საჯარო მოხელეა.

ამჟამად არსებული ცნობებით, სოხუმის აეროპორტიდან ტექნიკური ფრენები დაიწყება არაუგვიანეს 2024 წლის ივლისისა, ხოლო სრულ ფუნქციონირებას აეროპორტი დაიწყებს 2024 წლის 31 დეკემბრიდან. დე ფაქტო მთავრობის განცხადებით, სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია 11 მლრდ რუსული რუბლი (დაახლ. 118 მლნ აშშ დოლარი) დაჯდება.

აფხაზურ საზოგადოებაში ეს სიახლე გარკვეულ შიშსა და უკმაყოფილებას ბადებს, რადგან „ინფრასტრუქტურულმა განვითარება“ არ აკმაყოფილებს კონკურსის არცერთ პირობას და დაკავშირებულია რუსეთის მაღალჩინოსნის შვილთან.  გარდა იმისა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას არ სურდა სტრატეგიული ობიექტის გადაცემა უცხოელი კერძო ინვესტორისთვის, დადგენილება ითვალისწინებს არაერთ შეღავათს ინვესტორისთვის. ამასთან, აფხაზეთში შიშობენ იმასაც, რომ აეროპორტის აღდგენა დე ფაქტო რესპუბლიკისთვის წამგებიანი პროექტია, ინვესტორთან დადებული შეთანხმება კი მხოლოდ უარყოფით ეკონომიკურ ეფექტს გამოიწვევს.

მემორანდუმი „რუსულ საექსპორტო ცენტრთან“

7 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეწვია რუსეთის საექსპორტო ცენტრს, სადაც შეხვდა ცენტრის გენერალურ დირექტორს, ვერონიკა ნიკიშინას. ბჟანიას ახლდა დე ფაქტო ვიცე-პრემიერი, ე.წ. ეკონომიკის მინისტრი, კრისტინა ოზგანი.

შეხვედრაზე ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

ნიკიშინას განცხადებით, რუსეთის ინტერესია ოკუპირებულ აფხაზეთში აგრომეწარმეობის,  სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და სხვა ეკონომიკური დარგების განვითარება. მისი თქმით, რუსული კომპანიები გამოთქვამენ მზაობას მონაწილეობა მიიღონ მსგავს პროექტებში, ხოლო ცენტრი კი მხარს დაუჭერს მათ ამ ინიციატივებში.

სააქციო საზოგადოება - „რუსული საექსპორტო ცენტრი“ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან აქტიურად თანამშრომლობს. ბჟანიას შეხვედრამდე, 2023 წლის 31 მაისს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი შეხვდა ნიკიშინას, რა დროსაც „ცენტრმა“ და დე ფაქტო რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. ცნობისთვის, 2022 წლის განმავლობაში, ცენტრმა რუსეთიდან ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 20.6 მლნ აშშ დოლარის ოდენობის პროდუქტის ექსპორტს შეუწყო ხელი, რაც 2021 წელთან შედარებით, 40%-იანი ზრდაა.

ასლან ბჟანიას ვიზიტი „რუსულ საექსპორტო ცენტრში“

აფხაზეთსა და რუსეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროცესი სრულდება

17 ოქტომბერს მოსკოვში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც აფხაზეთის „კანონმდებლობის“ რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საფუძველზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის  ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის აღსრულებას მიეძღვნა.

„აფხაზურ დელეგაციას“ ხელმძღვანელობდა კრისტინა ოზგანი, ხოლო რუსეთის - ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, დიმიტრი ვოლვაჩი.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროგრამის რეალიზების შედეგები და ასევე პროგრამის აქტუალური საკითხებიც, როგორიცაა: ორმაგი დაბეგვრა, საბაჟო რეგულირება, სოციალური და საბანკო საქმიანობა.

ვოლვაჩის თქმით, 2023 წელს „კანონმდებლობების“ ჰარმონიზაციის პროექტი დასრულდება, ღონისძიებების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე აღსრულებულია, დარჩენილ სამუშაოზე კი შესაბამისი უწყებები აქტიურად თანამშრომლობენ.

ოზგანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის თანამედროვე ისტორიაში ამ პროგრამის ფარგლებში გაწეული სამუშაო უპრეცედენტო ხასიათს ატარებს, მიღებული შედეგი კი გამოიწვევს ეკონომიკური, საინვესტიციო და ჰუმანიტარული თანამშრომლობის ეფექტურ ზრდას. შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2023 წლის ბოლომდე აქტიურად ითანამშრომლებენ, რათა წლის ბოლოსთვის მოხერხდეს პროგრამის დარჩენილი ძირითადი ღონისძიებების აღსრულება.

„კანონმდებლობების“ ჰარმონიზაციაზე მუშაობა დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის დაიწყო 2021 წელს, ამ დროის განმავლობაში კი დარეგულირდა და სინქრონიზაცია მოხდა არაერთი სფეროსი, როგორიცაა: ენერგეტიკა, საგადასახადო და საბაჟო რეგულირება, საინვესტიციო და საბანკო საქმიანობა, სოციალური დაზღვევა, ჯანდაცვა, განათლება, შრომის უფლებები და საპენსიო უზრუნველყოფა.

„აფხაზეთის რკინიგზის“ კიდევ ერთი შენაძენი

„აფხაზეთის რკინიგზამ“ კიდევ ერთი ლოკომოტივი შეიძინა. მანამდე, 2023 წლის იანვარში რკინიგზამ ორი ლოკომოტივი შეიძინა, რაც პირველი შენაძენი იყო 1992-93 წლების ომის შემდგომ. ახალმა ლოკომოტივებმა ხელი უნდა შეუწყოს რკინიგზაზე გამავალი ტვირთის მოცულობის ზრდას.

2022 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა 8 937 ვაგონი, რომელიც 595 848 ტონა ტვირთით იყო დატვირთული. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, აფხაზეთში 9 972 ვაგონი ჩავიდა, რაც 855-ით მეტია გასული წლის მონაცემებთან შედარებით. ამ წლის ანალოგიურ პერიოდში ტვირთის მასამ 655 112 ტონა შეადგინა.

მზადება ციტრუსის სეზონისთვის

21 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტსა და რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურს შორის. შეხვედრაზე შეაჯამეს 2023 წლის საკურორტო სეზონი და მზადება დაიწყეს „ციტრუსის სეზონისთვის“.

ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში მანდარინის ექსპორტი ოქტომბრიდან დაიწყო. ოქტომბრის მონაცემებით, რუსეთში ექსპორტზე გატანილია 593 ტონა მანდარინი. აფხაზეთში ციტრუსის სეზონი მარტამდე გასტანს, ხოლო მოსავლის პიკი დეკემბერში უნდა იყოს. წელს ციტრუსის მოსავალს 30 000 ტონამდე ელიან. 

პროპანის იმპორტი

რუსეთის ფედერაციის საბჭომ დე ფაქტო რესპუბლიკასთან გაფორმებულ სავაჭრო შეთანხმებაში ცვლილებების რატიფიკაცია განახორციელა. ცვლილების თანახმად, რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში პროპანის ექსპორტზე საექსპორტო საბაჟო გადასახადი გაუქმდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება დროებითია და გამოწვეულია ენერგეტიკული კრიზისით. პროპანი პირველადი მოხმარების საქონლად ითვლება და შეთანხმების თანახმად, ენერგოდეფიციტის პირობებში, დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობის უზრუნველსაყოფად რუსეთი ვალდებულია წელიწადში 2 ათასი ტონა თხევადი ნახშირწყალბადის გაზი მიაწოდოს ოკუპირებულ რეგიონს.

რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები

რუსეთთან 2022 წლის სავაჭრო ბრუნვის მონაცემები

3 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტებს ორმხრივ ფორმატში შეხვდა. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტთან, ალან გაგლოევთან შეხვედრისას, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. „გასულ, 2022 წელს რეგიონსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 140 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მართალია, ჩვენ ჯერ კიდევ დოლარებში ვითვლით ამ რიცხვს, თუმცა ეს მალე შეიცვლება“ - განაცხადა ლავროვმა.

„ქვემო ზარამაგის საკონტროლო-გამშვები პუნქტის“ რეკონსტრუქცია

6 ოქტომბერს ალან გაგლოევი ქვემო ზარამაგის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან (სგპ) რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს სახელმწიფო საზღვარზე საგუშაგოების მოწყობის სახელმწიფო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორს, მიხაილ კოკაევს შეხვდა. რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონს შორის სამანქანო გადაადგილება ქვემო ზარმაგისა და ზემო როკას სგპ-ებით ხორციელდება. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი, ანატოლი პლიევი და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას მთავრობის წევრები.

26 სექტემბერს მოსკოვში რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის დემარკაციის კომისიის მეცხრე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის „საზღვრის“ დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი განიხილეს. ამავე დროს, საუბარი შეეხო „ქვემო ზარამაგის“ სგპ-ს რეკონსტრუქციას. კოკაევის განცხადებით, გაგლოევთან შეხვედრა „სამთავრობოთაშორისო“ კომისიაზე განხილული საკითხების შედეგია.

კოკაევის განცხადებით, რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო კონტრაქტი გააფორმა კომპეტენტურ ორგანიზაციასთან, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სგპ-ს რეკონსტრუქციაზე. პუნქტის ექსპლუატაციის თარიღად 2026 წელი არის მიჩნეული. მისი თქმით, 2023 წლის ბოლოს რეკონსტრუქციის პროექტი გაიგზავნება სახელმწიფო ექსპერტიზაზე, ხოლო 2024 წლის ბოლოს ცნობილი გახდება ექსპერტიზის პასუხი, რის შემდგომაც იქნება შესაძლებელი მასშტაბური სამუშაოების დაწყება.

სგპ-ს რეკონსტრუქციას თან ახლავს სირთულეები, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ სგპ-ის ფუნქციონირება რეაბილიტაციის პერიოდში არ შეწყდება. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, რეკონსტრუქციის პერიოდში ისინი აპირებენ დამატებითი ინსფრასტუქტურის დადგმას გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეულ პერიოდში დღეში პუნქტს 1 500-ზე მეტი ავტომობილი კვეთს. განცხადებების თანახმად, რეკონსტრუქციის შედეგად სგპ-ს გამტარუნარიანობა 400 მანქანით გაიზრდება.

დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას დიდხანს ელოდნენ. „ამ საგუშაგოს საკითხი საბედისწეროა სამხრეთ ოსეთისთვის და რესპუბლიკის მოსახლეობა რამდენიმე ათეული წელია ელოდება საზღვრის გადაკვეთის პირობების გაუმჯობესებას“ - განაცხადა გაგლოევმა.

ალან გაგლოევი „ქვემო ზარამაგის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან

საწვავი გაიაფდა

დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრის, ძამბოლად ტადტაევის განცხადებით, რეგიონში АИ-92 საწვავი გაიაფდა და 10 ოქტომბრიდან ერთი ლიტრის საფასური 57 რუბლია.

აღსანიშნავია, რომ მომხარებლებს საწვავის ამ საფასურით შეძენა მხოლოდ ერთ ბენზინგასამართ სადგურზე -  „Югосетнефтепродукт“-ზე შეეძლებათ. ტადტაევი აღნიშნულს ხსნის იმით, რომ გაგლოევის ბრძანებით დე ფაქტო მთავრობამ მოლაპარაკებები სწორედ ამ კომპანიასთან აწარმოა.

„ენერგორესურსის“ ვალს რუსეთს დე ფაქტო მთავრობა გადაუხდის

2023 წლის თებერვალში გამოქვეყნდა მონაცემები, რომლის თანახმადაც დე ფაქტო რესპუბლიკას რუსეთიდან შეძენილი ელექტროენერგიისთვის 527 მლნ რუსული რუბლის (დაახლ. 7 მლნ აშშ დოლარი) ვალი დაუგროვდა.

იმ დროს დე ფაქტო რესპუბლის ეკონომიკის მინისტრმა, ძამბოლატ ტადტაევმა განაცხადა, რომ ვალის დაფარვა 2025 წლამდე მოხდებოდა. მისი თქმით, დე ფაქტო მთავრობას მხოლოდ 232 მლნ რუსული რუბლის (დაახლ. 3 მლნ აშშ დოლარი) გამოყოფის საშუალება აქვს. ამასთანავე, პრობლემას ქმნიდა ის ფაქტორი, რომ 2022 წელს ელექტროენერგიის გადასახადის მოსახლეობისგან აკრეფამ შეადგინა 68% და 2021 წელთან შედარებით, შემცირდა 1%-ით. სწორედ ამიტომ, ტადტაევმა მაშინ მოუწოდა მოსახლეობას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ აღნიშნულ საკითხს.

31 ოქტომბერს კი დე ფაქტო მთავრობამ კვლავ განიხილა აღნიშნული საკითხი. ოკუპირებულ რეგიონს ელექტოენერგიას ადგილობრივ დონეზე კომპანია - „ენერგორესურსი - სამხრეთ ოსეთი“ აწვდის, თვითონ კი ელექტროენერგიას რუსული კომპანიისგან  “Интер – РАО” - სგან ყიდულობს.

ე.წ. მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, „ენერგორესურსს“ აღარ მოუწევს ვალის გადახდა და ამისთვის სუბსიდია „სახელმწიფო ბიუჯეტიდან“ გამოიყოფა. სუბსიდიის კონკრეტული თანხა არ სახელდება და ამ ეტაპზე უცნობია დაფარავს თუ არა დე ფაქტო მთავრობა კომპანიის მთლიან ვალდებულებას.

პირველი კერძო ინვესტიცია სამშენებლო ბიზნესში შესაძლოა არ შედგეს

28 სექტემბერს დე ფაქტო მშენებლობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პირველად აშენდებოდა 72 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსი კერძო ინვესტიციით. ამჟამინდელი ინფორმაციით, კერძო ინვესტორს განხორციელებული აქვს წარმატებული პროექტები, როგორც რუსეთში, ასევე ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიაში.

რეგიონში კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სახლების სიმწირის მწვავე პრობლემაა. ამ ინვესტიციამდე რეგიონში ყველა საცხოვრებელი სახლი შენდებობა „სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში და გათვლილი იყო მხოლოდ იმ „მოქალაქეებზე“, რომლებსაც ესაჭიროებოდათ საცხოვრებელი სახლის განახლება/მიღება, რისთვისაც ადამიანები თავიანთ რიგს წლების განმავლობაში ელიან.

აღნიშნული სიახლე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო იყო, თუმცა 20 ოქტომბერს გაგლოევმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც მშენებლობის პროცესი ამ ეტაპზე არ დაიწყებოდა. გაგლოევის თქმით, მისი ამ გადაწყვეტილების მიზეზია მშენებარე კორპუსის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის უკმაყოფილება. დე ფაქტო ლიდერის თქმით, აღნიშნული საკითხი მხოლოდ მოსახლეობასთან მოლაპარაკებების გზით გადაწყდება.