ყოველთვიური მიმოხილვა

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაწილეობა: მიმოხილვა

2023 / 11 / 17

გამოცემა: N2 / მიმოხილვის პერიოდი: 15 ივლისი - 15 ნოემბერი, 2023 / ავტორი: არსენ არაქელოვი

„უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაწილეობა: მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ჩართულობის, როგორც სამხედრო, ასევე ჰუმანიტარულ სფეროში, მონიტორინგი. მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც რუსეთის აგრესიაში ოკუპირებული რეგიონების მონაწილეობის შესახებ აინტერესებთ.

 

სამხედრო აგრესიაში მონაწილე მებრძოლები

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში ოკუპირებული რეგიონების არაერთი წარმომადგენელი მონაწილეობს, რომელთა დიდი ნაწილი, ომის დაწყების პირველივე დღეებიდანვე, ჩართულია სამხედრო მოქმედებებში. აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მებრძოლები ძირითადად სხვადასხვა მოხალისეთა ბატალიონებში არიან გაერთიანებული. ცხინვალის რეგიონიდან ეთნიკური ოსების ნაწილი რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზაზე მსახურობს და უკრაინაში, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ისე იბრძვიან. 

ეთნიკური აფხაზები ყველაზე მეტად ე.წ. „პიატნაშკას“ საერთაშორისო ბრიგადაში არიან გაწევრიანებული. „პიატნაშკა“ უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებაა, რომელიც 2022 წლიდან მე-100 მექანიზებულ მსროლელთა ბრიგადაში, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის პირველი არმიის კორპუსში გაწევრიანდა. დანაყოფის მეთაური ეთნიკურად აფხაზი ახრა ავიძბაა, მეტსახელად „აფხაზი“.

ეთნიკური ოსების ყველაზე დიდი რაოდენობა ორ დაჯგუფებაშია: „შტორმ.ოსეტია“ და „ალანია“. მათი აქტიურობა ხშირად შეინიშნება ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ნაწილებში. ბატალიონების შემადგენლობაში შედიან ეთნიკურად ოსი მოხალისეები, როგორც ჩრდილოეთ ოსეთიდან, ასევე ცხინვალის რეგიონიდან.

2023 წლის 15 ივლისიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, ცხინვალის რეგიონიდან უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი 6 პირის დაღუპვა დადასტურდა: გიორგი ბესაევი, არტურ ხაჩიროვი, ფიდარ კულუმბეკოვი, სოსლან გაბარაევი, ალან გიგოლაევი და ვადიმ დუდაევი. ღია წყაროებით დადასტურებული ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 15 ნოემბრამდე ცხინვალის რეგიონიდან უკრაინაში რუსეთის აგრესიაში მონაწილე 38 მებრძოლი დაიღუპა. რაც შეეხება აფხაზეთიდან მებრძოლებს, უკრაინაში რუსეთის აგრესიაში მონაწილე 16 მებრძოლი დაიღუპა, ივლისი-ნოემბრის პერიოდში კი აფხაზეთიდან მებრძოლის დაღუპვა არ დადასტურებულა.

ოკუპირებული რეგიონებიდან უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს დაღუპული მებრძოლების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ.: ინტერაქტიურ რუკაზე.

გიორგი ბესაევი

ბესაევი უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებისთანავე იბრძოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებში. იგი, სავარაუდოდ, 2023 წლის 1 სექტემბერს დაიღუპა.

გიორგი ბესაევი

არტურ ხაჩიროვი

ხაჩიროვი 2 სექტემბერს ცხინვალის რეგიონში, სოფ. დმენისში დაკრძალეს. იგი, სავარაუდოდ, 27 აგვისტოს დაიღუპა. სამოქალაქო პანაშვიდს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევიც დაესწრო.

არტურ ხაჩიროვის დაკრძალვა

ფიდარ კულუმბეკოვი

კულუმბეკოვი 20 სექტემბერს ცხინვალის რეგიონში, სოფ. ნოგყაუში დაკრძალეს. იგი 19 სექტემბერს დაიღუპა. სამოქალაქო პანაშვიდს დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარე, კონსტანტინე ჯუსოევი ესწრებოდა.

ფიდარ კულუმბეკოვის დაკრძალვა

სოსლან გაბარაევი

გაბარაევი 11 ოქტომბერს ცხინვალის რეგიონში დაკრძალეს. გაბარაევი დაახლოებით, 2023 წლის 9 ოქტომბერს დაიღუპა. სამოქალაქო პანაშვიდს გაგლოევიც დაესწრო.

სოსლან გაბარაევის დაკრძალვა

ალან გიგოლაევი

გიგოლაევი 2023 წლის 24 ოქტომბერს დაიღუპა.

ალან გიგოლაევი

ვადიმ დუდაევი

დუდაევი ნათესავებთან კავშირზე ბოლოს 19 ოქტომბერს გავიდა, 2 ნოემბერს კი მისი დაღუპვა დადასტურდა.

ვადიმ დუდაევი

პუტინის ჯილდო

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, ცხინვალის რეგიონიდან უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილე მებრძოლი, ძამბოლატ ვალიევი, დააჯილდოვეს ორდენით - „სიმამაცისთვის“. ვალიევი რუსეთის სამხედრო აგრესიაში პირველივე დღეებიდან მონაწილეობს.

ვალიევისთვის ორდენის გადაცემა

გაგლოევის ჯილდო

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ცხინვალის რეგიონიდან უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილე მებრძოლს, სოსლან კოტოლოვს „სამშობლოს დამცველის“ მედალი გადასცა. კოტოლოვი რუსეთის აგრესიაში პირველი დღეებიდან მონაწილეობს. საომარი მოქმედებებისას ის სამჯერ დაიჭრა, ახლა კი რეაბილიტაციას გადის.

გაგლოევი კოტოლევთან ერთად

ჰუმანიტარული და სხვა სახის მხარდაჭერა

2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან, ოკუპირებულ რეგიონებში ხშირად ტარდება რუსეთის არმიის მხარდამჭერი ღონისძიებები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, ორგანიზებულია დე ფაქტო მთავრობების, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები რუსი თანამემამულეების ან დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს მიერ. მხარდაჭერის ძირითადი ფორმებია კულტურული და საქველმოქმედო ღონისძიებები, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება.

ფინანსურ-ტექნიკური მხარდაჭერა

  • აგვისტოში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას ლიდერმა, სერგეი მენიაილომ ფრონტზე მებრძოლ ოსურ დანაყოფებს საკუთარი სახსრებით შეძენილი „კამიკაძე“ დრონები გაუგზავნეს. ოსური მედიის ინფორმაციით, ოსმა მებრძოლებმა ამ დრონებს ზედმეტსახელიც კი შეურჩიეს - „უზურპატორი“.

გაგზავნილი დრონები

  • სექტემბერში გაგლოევმა და მენიაილომ კვლავ გაუგზავნეს ოსურ დანაყოფებს დახმარება, კერძოდ ტექნიკური აღჭურვილობა და რამდენიმე ათეული შორ მანძილზე მოქმედი დრონი.
  • ქ. ცხინვალის ე.წ. ადმინისტრაციამ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილე მებრძოლებს 405 ათასი რუსული რუბლის (დაახლ. 4 500 აშშ დოლარი) ოდენობის ფინანსური დახმარება გაუგზავნა. მათი განცხადებით, აღნიშნული თანხა თანამშრომლებმა თავად შეაგროვეს, ნაწილი კი საქველმოქმედო კონცერტებიდან შემოსული თანხაა.
  • სტავროპოლის ოლქში მცხოვრებმა ეთნიკურად ოსებმა, ორგანიზაციის - „ოსური კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება - ალანია“ აქტივისტებმა, თანამემამულეებს ფრონტზე 5 000 ტონა ჰუმანიტარული დახმარება: ხორცი, ორცხობილა, კანფეტები და სასმელი წყალი ჩაუტანეს. სანაცვლოდ მათ მებრძოლებისგან საჩუქრად მიიღეს დროშა წარწერით - მებრძოლი.

ოსური დაჯგუფების საჩუქარი თანამემამულეებს

  • სექტემბერში გაგლოევმა უკრაინაში მებრძოლ ოს თანამემამულეებს ჰუმანიტარული დახმარების სახით „ნივას“ მარკის ექვსი ავტომობილი და „УАЗ“-ის წარმოების, მეტსახელად - „ბუხანკა“ ავტომობილი გაუგზავნა.
  • ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ცხინვალის მე-2 სკოლის მოსწავლეები აგრძელებენ უკრაინაში რუსეთის აგრესიაში მონაწილე ოსი მებრძოლებისთვის შესანიღბი ბადეების დამზადებას. სკოლის მასწავლებლის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება შრომის გაკვეთილის მაგივრად ტარდება და მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულნი ამ პროცესში, რათა დაეხმარონ ოს თანამემამულეებს. შესანიღბი ბადეების პირველი პარტია ფრონტზე ზაფხულში გაიგზავნა. სკოლის მასწავლებლების განცხადებით, მათ ესაჭიროებათ დამხმარე ძალა და მოუწოდებენ ადგილობრივ საზოგადოებას აქტიურობისკენ, რათა მოსწავლეებმა უფრო სწრაფად შეძლონ ბადეების დამზადება.

შესანიღბი ბადეების დამზადება

სპორტული ღონისძიებები და კონცერტები

  • ცხინვალის რეგიონში გაიმართა ხელჩართული ბრძოლის ტურნირი, რომელიც მიეძღვნა რუსლან ბესაევს, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში დაღუპულ მებრძოლს, რომელიც ცხინვალის რეგიონიდან იყო. ბესაევი  ცხინვალის რეგიონის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი იყო. უკრაინაში საომრად წავიდა, როგორც მოხალისე. სხვადასხვა დროს მსახურობდა ოსურ სამშვიდობო ბატალიონში, ასევე, ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებში. ბესაევი 2004-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობდა. იგი 2022 წლის 12 აპრილს ქ. მარიუპოლში, დონეცკის ოლქში დაიღუპა.
  • ამისა, ბესაევი სპორტსმენიც იყო. ტურნირის დასასრულს მის ოჯახს სიმბოლურად გადაეცა ხელჩართული ბრძოლის სპორტის ოსტატის „შავი ქამარი“. ტურნირის ორგანიზებაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას გაგლოევი და რუსეთის ე.წ. ელჩი რეგიონში, მარატ კულახმეტოვი.
  • ცხინვალის რეგიონში მოღვაწე მომღერალმა, ლეილა მარგიევამ უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილე მებრძოლებისთვის კონცერტი ჩაატარა. აღნიშნული ღონისძიება დაიგეგმა ცხინვალის რეგიონის ერთიანი ჰუმანიტარული ცენტრის ხელმძღვანელის, სოსლან ანდიევის მხარდაჭერით.

მარგიევა რუს ჯარისკაცებთან ერთად

საგანმანათლებლო კვოტები მებრძოლთა შვილებს

  • რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წევრის, სერგეი ცეკოვის განცხადებით, რუსეთის მთავრობა ცხინვალის რეგიონში მცხოვრები სკოლის მოსწავლეების რუსეთის სასწავლებლებში მისაღებად დამატებით 2 კვოტას გამოჰყოფს. 2023-24 სასწავლო წელს რუსეთის მთავრობის მიერ რეგიონისთვის გამოყოფილი იყო 22 ადგილი, თუმცა, ცეკოვის განცხადებით, სასწავლებლები მიიღებენ დამატებით ორ ისეთ მოსწავლეს, ვისი მშობელიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს დაიღუპა.

პროპაგანდისტული ღონისძიებები

  • ცხინვალის რეგიონში მცხოვრებმა მომღერალმა, ალბერტ ლალიევმა უკრაინაში მებრძოლი ოსი თანამემამულის დაწერილი ტექსტის მიხედვით სიმღერა სახელად - „ალანიის მთების შვილები“ ჩაწერა.
  • ცხინვალის რეგიონის „დამსახურებულმა არტისტმა“, იგორ ტასოევმა მონაწილეობა მიიღო ვლადიკავკაზში გამართულ უკრაინაში რუსეთის აგრესიის მხარდამჭერ საქველმოქმედო კონცერტში. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა უკრაინაში რუსეთის აგრესიაში მონაწილე მებრძოლებს გადაერიცხათ.
  • ოსური დაჯგუფების - „ალანია“ წევრებმა ცხინვალის რეგიონში, ოკუპირებულ ახალგორის რაიონში მდებარე ბავშვთა სახლს ეწვივნენ. მათ ბავშვებს დაურიგეს სხვადასხვა სათამაშოები და საჭირო ინვენტარი. გასულ თვეებში „ალანიას“ მებრძოლები ეწვივნენ ჯავის რაიონის სკოლა-ინტერნატსაც, რომელსაც საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცეს.

„ალანიას“ მებრძოლები ბავშვთა სახლში

  • დაჯგუფების „ალანია“ მებრძოლებმა დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკიდან ცხინვალის რეგიონში ჩასული პირები მოინახულეს. ოსური პროპაგანდისტული მედიის თანახმად, ეს ადამიანები იძულებულები იყვნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები. აღსანიშნავია, რომ მებრძოლებს შორის იყო ასტან ოსტაევი, „ალანიას“ მეთაურის, რუსლან ოსტაევის (მეტსახელად - სკიფა) შვილი, რომელიც ცხინვალის რეგიონიდანაა. მამა-შვილი ოსტაევები უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში აქტიურად მონაწილეობენ.

„ალანიას“ მებრძოლები დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მაცხოვრებლებთან

 

  • 2023 წლის 31 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფ. ორჭოსანის საშუალო სკოლას ენვერ დრიაევის სახელს მიანიჭებენ. დრიაევი 1992 წელს სოფ. ორჭოსანში დაიბადა. ის მსახურობდა რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე საერთო-საჯარისო არმიაში ცხინვალში. უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების პირველივე დღეებში იბრძოდა დონეცკის ოლქში. 2022 წლის 7 აპრილს ქვეითთა საბრძოლო მანქანას ჭურვი მოხვდა, რის შედეგაც დრიაევი დაიჭრა და კონტუზია განუვითარდა. იგი რამდენიმე თვე ებრძოდა სიკვდილს, თუმცა 2022 წლის 28 ოქტომბერს დაიღუპა.