ყოველთვიური მიმოხილვა

საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მიმოხილვა: „ბორდერიზაცია“ და გატაცებები 2023 წელს

2024 / 02 / 20

ავტორი: ელენე მინდიაშვილი

წინამდებარე სტატიაში განხილულია 2023 წელს საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება, მოცემულია საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების, „ბორდერიზაციისა“ და საქართველოს მოქალაქეების გატაცებების 2023 წლის სტატისტიკა, მათი თვისებრივი მახასიათებლები და ძირითადი ტენდენციები.

მიმოხილვა ნაწილობრივ ეფუძნება ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ღია წყაროებსა და დე ფაქტო სამთავრობო სტრუქტურების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას. არსებული მონაცემები ხშირ შემთხვევაში შეიძლება ემსახურებოდეს პროპაგანდისტულ მიზნებს და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებების ინტერესებს და შესაბამისად ვერ იქნება სრულად სანდო და ობიექტური.

საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება  

ოკუპირებულ რეგიონებსა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შორის გადაადგილება საკონტროლო გამშვები პუნქტების (სგპ) საშუალებით არის შესაძლებელი. სგპ-ები განლაგებულია საოკუპაციო ხაზზე, რომელსაც ოკუპირებულ რეგიონებში „სახელმწიფო საზღვრად“ მოიხსენიებენ. 2009 წლიდან საოკუპაციო ხაზს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (უფს) სასაზღვრო სამმართველო „იცავს“.

რუსეთის უფს-ის სასაზღვრო სამმართველოს მიერ „სასაზღვრო“ კონტროლის გამკაცრებამდე, აფხაზეთთან დამაკავშირებელი 6, ცხინვალის რეგიონთან კი - 4 სგპ ფუნქციონირებდა. თუმცა, ახლანდელი მდგომარეობით, აფხაზეთსა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შორის გადაადგილება მხოლოდ ერთი - „ენგურის“ სგპ-ის  საშუალებით შეიძლება, ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში კი მოქმედებს ორი - „პერევი-ქარძმანისა“ და „ოძისი-მოსაბრუნის“ სგპ. სხვა დანარჩენი გადასასვლელებით სარგებლობა ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ „უკანონოდ“ მიიჩნევა.

სგპ-ების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ: #1, #2.

განსაკუთრებით საინტერესოა დავაკვირდეთ ცხინვალის რეგიონთან დამაკავშირებელ სგპ-ზე გადაადგილების ტენდენციას. 2019 წლის აგვისტოში სოფ. ჩორჩანაში ქართული საპოლიციო საგუშაგოს გახსნის შემდეგ, ცხინვალის რეგიონსა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შორის სგპ-ებით გადაადგილება შეიზღუდა. სგპ-ების ნაწილობრივი ამოქმედება მხოლოდ 2022 წლის აგვისტოდან მოხერხდა, როდესაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი გახდა. 2022 წლის აგვისტოდან ყოველი თვის ბოლო ათი დღის განმავლობაში ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლებს შეუძლიათ „პერევი-ქარძმანისა“ და „ოძისი-მოსაბრუნის“ სგპ-ების გადაკვეთა.

დიაგრამა #1: „ოძისი-მოსაბრუნისა“ და „პერევი-ქარძმანის“ სგპ-ების საშუალებით გადაადგილების სტატისტიკა 2023 წლის პირველ ნახევარში.

დიაგრამა #1-ზე ცხინვალის რეგიონთან დამაკავშირებელ ორი სგპ-ის: „პერევი-ქარძმანის“ (რომელიც საჩხერის მუნიციპალიტეტს ოკუპირებულ ჯავის რაიონთან აკავშირებს) და „ოძისი-მოსაბრუნის“ (რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტს ოკუპირებულ ახალგორის მუნიციპალიტეტთან აკავშირებს) საშუალებით მოქალაქეთა გადაადგილების 2023 წლის პირველი ნახევრის სტატისტიკაა წარმოდგენილი. როგორც დიაგრამიდან იკვეთება, გადაადგილება ყველაზე ნაკლებად ინტენსიური, ორივე სგპ-ს შემთხვევაში, თებერვალში იყო, ყველაზე მაღალი ინტენსივობა კი „პერევი-ქარძმანის“ სგპ-ზე მარტში, ოძისი-მოსაბრუნის „სგპ“-ზე კი ივნისში დაფიქსირდა. დიაგრამიდან ჩანს, რომ „ოძისი-მოსაბრუნის“ სგპ-ით ბევრად მეტი ადამიანი სარგებლობს, ვიდრე „პერევი-ქარძმანის“ სგპ-ით. ეს იმით აიხსნება, რომ ახალგორიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და უკან, ჩვეულებრივ, უფრო მეტი ადამიანი გადაადგილდება, ვიდრე ჯავიდან.

უკანონო დაკავებები ოკუპირებულ აფხაზეთში

დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურის (СГБ) 2023 წლის მონაცემების მიხედვით, მდ. ენგურზე აფხაზეთის „სასაზღვრო კანონმდებლობის“ 700-ზე მეტი დამრღვევი დააკავეს, 15 პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „აფხაზეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის“ 324-ე მუხლით, დანარჩენი კანონდამრღვევები კი „აფხაზეთის რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსის“ 190 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გასამართლდნენ. დე ფაქტო უწყება არ ასახელებს ყველა ამ შემთხვევის გარემოებას, თუმცა, როგორც განცხადებაში აღნიშნავს, აღიკვეთა სხვადასხვა სახის კონტრაბანდული ტვირთის გადატანის 30 მცდელობა. ერთ-ერთი შემთხვევისას, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში შემავალ სატრანსპორტო საშუალებაში აღმოაჩინეს 900 ბლოკზე მეტი თამბაქოს ნაწარმი და 9 კრიპტოვალუტის გამომუშავებისთვის საჭირო აღჭურვილობა.

უკანონო დაკავებები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში

დიაგრამა #2: უკანონო დაკავებების სტატისტიკა 2022-2023 წლებში

ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2023 წელს საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ საქართველოს 31 მოქალაქე დააკავეს, რაც 2022 წლის ამავე მაჩვენებელზე თითქმის 2-ჯერ მაღალია. 2022 წელს, 17 მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ გახდა ცნობილი.

გასულ წელს შემთხვევების ძირითადი ნაწილი საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაფიქსირდა. მოქალაქეებს სხვადასხვა საქმიანობის შესრულების დროს აკავებდნენ, რომლებიც უახლოეს სამხედრო ბაზაზე ან პირდაპირ ცხინვალის ციხეში გადაჰყავდათ. ბრალდებები ძირითადად ე.წ. საზღვრის „უკანონო“ გადაკვეთას ეხებოდა. ზოგიერთ შემთხვევაში მოქალაქეები ნამდვილად კვეთდნენ საოკუპაციო ხაზს და დე ფაქტო მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იქ დარჩენილი ნათესავებისა და ოჯახის წევრების მოსანახულებლად გადადიოდნენ. სამართალწარმოებისთვის საოკუპაციო რეჟიმი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსს იყენებს. უკანონოდ დაკავებულებს ძირითადად „სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის“ ასამართლებენ, რასაც რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლი შეესაბამება. 2023 წელს შემთხვევების სიმრავლით ივლისი გამოირჩეოდა, აპრილსა და დეკემბერში კი - უკანონო დაკავების ფაქტი არ დაფიქსირებულა. 

2023 წლის უკანონო დაკავებები რამდენიმე კატეგორიის მიხედვით შეგვიძლია დავახარისხოთ:

1.       საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე;

2.       საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავება ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე;

3.       ოკუპირებული რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით მომავალი ცხინვალის რეგიონში მცხოვრები „მოქალაქეების“ დაკავება.

დაკავების შემთხვევების სიხშირის თვალსაზრისით საოკუპაციო ხაზის გორის მუნიციპალიტეტის მონაკვეთი გამოირჩეოდა, თუმცა მოქალაქეებს საჩხერის, ქარელისა და  დუშეთის, ასევე, ცხინვალის, ახალგორის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტების მონაკვეთებზეც აკავებდნენ.

საქართველოს მოქალაქეთა დაკავების 31 ცნობილი შემთხვევიდან 23 საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაფიქსირდა, 7 კი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის სიღრმეში. ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მომავალი ცხინვალის რეგიონში მცხოვრები „მოქალაქეების“ დაკავებების შესახებ ცნობებს, დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ „სასაზღვრო რეჟიმი“ 251-მა „მოქალაქემ“ დაარღვია.  

2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. კირბალში, წმ. გიორგის სახელობის ლომისის ეკლესიის ეზოში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლსასროლი იარაღის რამდენიმე გასროლით საქართველოს მოქალაქე, სოფ. კირბალში მცხოვრები თამაზ გინტური მოკლეს. მკვლელობას დიდი საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. ევროპარლამენტმა 5 პუნქტიანი რეზოლუცია მიიღო, სადაც დაგმო გინტურის მკვლელობა, ევროპარლამენტარებმა მოითხოვეს შემთხვევის საფუძვლიანი გამოძიება, დამნაშავეების დასჯა და უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლება.

2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 6 მოქალაქე რჩებოდა. აქედან მხოლოდ ოთხის ვინაობაა ცნობილი: სოსო დვალიშვილი, ლაშა ხეთერელი, გიორგი მელაძე და დიმიტრი კორინთელი.

2024 წლის 19 თებერვლის მონაცემებით, უკანონო პატიმრობაში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება. 2024 წლის იანვარში დაკავებული მოქალაქის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

დიაგრამა #3: უკანონოდ დაკავებულთა პატიმრობის ხანგრძლივობა და დაკავების შემთხვევები სოფლების მიხედვით

დიაგრამა #4: 2023 წელს მომხდარი უკანონო დაკავების შემთხვევებისა და მკვლელობის ადგილები

რონდელის ფონდის მიერ მომზადებული უკანონო დაკავებების ინტერაქტიური რუკა იხილეთ აქ.

„ბორდერიზაცია“

გასულ წელს უკანონო დაკავებების შემთხვევებთან ერთად ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესიც მიმდინარეობდა. 2023 წლის განმავლობაში 7 სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მონაკვეთზე  „ბორდერიზაციის“ 13 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს რიცხვი 2022 და 2021 წლების იმავე მონაცემებთან შედარებით ნაკლებია. 2022 წელს ღია წყაროებში „ბორდერიაციის“ 15, 2021 წელს კი 20 შემთხვევის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

გასულ წელს, სხვადასხვა დროს, შეინიშნებოდა ძველი მავთულხლართების განახლების ან ახლის გავლების შემთხვევები, ახალი ხანძარსაწინააღმდეგო ხნულის გავლების ან ძველის განახლების ფაქტები, საოკუპაციო ძალები ინტენსიურად აფართოებდნენ საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, ოკუპირებულ ნაწილში განთავსებულ საგუშაგოებს და აშენებდნენ სხვადასხვა სამხედრო დანიშნულების ობიექტებს, ათავსებდნენ სხვადასხვა სახის ინსტალაციებს: ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერი, სათვალთვალო კამერები, სპეცმანქანების სადგომები და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის „ბორდერიზაციის“ პროცესი, 2022 წელს მიმდინარე იგივე პროცესისგან თვისობრივად განსხვავდებოდა. გასულ წელს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით საოკუპაციო ხაზი არ გადმოწეულა. ასევე განსხვავდება იმ მუნიციპალიტეტთა ჩამონათვალიც, რომელთა ტერიტორიაზეც ხდებოდა „ბორდერიზაციის“ პროცესი. დე ფაქტო ხელისუფლების სტრატეგია, რომ შეცვლილია ეს აშკარაა, რაც შეიძლება სხვადასხვა ფაქტორებით იყოს განპირობებული. 

დიაგრამა #5: „ბორდერიზაციის“ სტატისტიკა 2022-2023 წლებში

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ და რუსეთის უფს-მა, შეიძლება, მხოლოდ დროებით შეაჩერეს ახალი ტერიტორიების მიერთების პროცესი და უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე პოზიციების გამყარებას ცდილობენ კაპიტალური საგუშაგოების მშენებლობის მეშვეობით. მეორე მხრივ, „ბორდერიზაციის“ პროცესში შეფერხებას შეიძლება ადამიანური რესურსისა და ტექნიკის ნაკლებობაც იწვევდეს. ეს იმ პირობებში, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში საბრძოლველად არის გადასროლილი.

და ბოლოს, ვინაიდან აღნიშნული მიმოხილვა და მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები უმეტესწილად ღია წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა, შესაძლებელია „ბორდერიზაციის“ ყველა ფაქტის შესახებ არ იყოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია.

დიაგრამა #6: 2023 წელს მომხდარი „ბორდერიზაციის“ შემთხვევების ადგილები.

რონდელის ფონდის მიერ მომზადებული, „ბორდერიზაციის“ ინტერაქტიური რუკა იხილეთ აქ.

„კონტრაბანდა“

გასულ წელს ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საწვავის არალეგალური ტრანსპორტირების ერთი მცდელობაც დაფიქსირდა. 2023 წლის 15 ნოემბერს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დააკავეს ხუთი პირი, რომლებმაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 50 ტონა საწვავი გადატუმბეს. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ამ პირებმა გამოიყენეს უფუნქციო მელიორაციის სისტემა, სადაც დაამონტაჟეს მილი, რითიც შემდგომში ტუმბავდნენ საწვავს. ე.წ. კომიტეტში ეს ქმედება შეაფასეს, როგორც „პოტენციური მტრისთვის არალეგალურად საწვავ-საპოხი მასალის მიწოდება, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული სამხედრო მიზნებისთვის“. განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმას, რომ მსგავსი ქმედება ხორციელდებოდა რუსეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტის დროებითი შეზღუდვისა და რეგიონში საწვავის დეფიციტის პირობებში.