ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა

2022 / 11 / 01

გამოცემა №19 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 ოქტომბერი, 2022 / ავტორი: არსენ არაქელოვი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები

„ადლერის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაფართოვდა           

„ადლერის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, დაემატა სამანქანო გზის ორი დამატებითი ზოლი. გადაწყვეტილება გამოიწვია საკურორტო სეზონის დროს აფხაზეთ-რუსეთის ე.წ. საზღვარზე არსებულმა საავტომობილო საცობებმა. არსებული ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფდა ავტომობილების ნაკადის სწრაფად მომსახურებას. დატვირთული მოძრაობის დროს, ე.წ. საზღვარს დღიურად კვეთს 10 ათასს ავტომობილსა და 68 ათასს ადამიანზე მეტი. გარდა ამისა, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო 2025 წლისთვის აპირებს სგპ „ადლერის“ მოდერნიზაციას, რის შედეგადაც პუნქტი შეძლებს მოემსახუროს დღეში 18-20 ათასს ავტომობილსა და 80-100 ათასს ადამიანს, რაც, ზრდადი მოძრაობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს სგპ-ის ნორმალურ ფუნქციონირებას.

„ადლერის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი. წყარო: apsny.ru

რუსეთი აფხაზეთს კრედიტის რესტრუქტურიზაციაზე დასთანხმდა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა, რომლის მიხედვითაც 2010 წლის 24 დეკემბერს აფხაზეთისათვის გაცემული „სახელმწიფო საექსპორტო კრედიტის“ რესტრუქტურიზაცია 2034 წლამდე მოხდა. ძირითადი კრედიტის ოდენობა 1.2 მლრდ რუსული რუბლია, რაც, დაახლოებით, 19 მლნ აშშ დოლარია. 2017 წელს კრედიტის დაფარვის ვადა 2029 წლამდე გახანგრძლივდა.

შეხვედრა რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი, ვიცე-პრემიერები - კრისტინა ოზგანი, ვლადიმირ დელბა და კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს ხელმძღვანელი, თიმურ აგრბა შეხვდნენ რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებს: სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორს ვიტალი გუდინს, მის მოადგილეს ანტონ მელნიკსა და მინისტრის თანაშემწეს - მიხაილ მუხორტოვს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ასევე რუსეთის „ელჩმა“ აფხაზეთში, მიხაილ შურგალინმა. შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტები, აფხაზური „კანონმდებლობების“ რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, ენერგეტიკის სფერო და სხვა საკითხები.

ვიზიტი კემეროვის ოლქში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, თამილა მერცხულავა სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა კემეროვის ოლქში. ვიზიტი მიზნად ისახავდა სამომავლო ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობას. მერცხულავას თანახმად, კემეროვის ოლქის ბიზნეს-სტრუქტურები დაინტერესდნენ აფხაზ მეწარმეებთან თანამშრომლობით.

ხელფასების მატება დე ფაქტო რესპუბლიკაში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა, ვლადიმირ დელბამ განაცხადა, რომ 2022 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში პედაგოგთა საშუალო ხელფასი მაქსიმუმ 25 186 რუსულ რუბლს (დაახლ. 400 აშშ დოლარი) შეადგენს. მისი თქმით, 2021 წელთან შედარებით სკოლამდელი პედაგოგების ხელფასმა მოიმატა 13.1%-ით, ხოლო ზოგადსაგანამათლებლო დაწესებულებების პედაგოგების - 19.6%-ით.

აღნიშნული გამოწვეულია დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის გაფორმებული შეთანხმებით, რომლის თანახმად ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, კულტურის, მეცნიერების, სპორტისა და მოქალაქეთა სოციალური მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის 2025 წლამდე უნდა გაგრძელდეს ხელფასის მატების პროცესი. 2022 წელს ხელფასის მატების 15% დე ფაქტო რესპუბლიკის „ბიუჯეტიდან“ ფინანსდება, 85% - რუსეთის. 2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის „ბიუჯეტიდან“  დაფინანსდება - 35%, რუსეთიდან - 65%, 2024 წელს - აფხაზეთის „ბიუჯეტი“ - 70%, რუსეთის - 30%, 2025 წელს კი დე ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტი თავად უნდა გაუმკლავდეს ხელფასის მატებას. ამ დროისთვის ჩამოთვლილი სფეროების წარმომადგენლების საშუალო ხელფასი რუსეთის სამხრეთის ფედერალური ოლქის ხელფასს უნდა მიუახლოვდეს.

აგროპროდუქტების ექსპორტი

ოქტომბრის მონაცემებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან რუსეთში ექსპორტზე გავიდა: 107 ტონა მანდარინი, 20 ტონა ფეიხოა, 2.5 ტონა ლიმონი და 1.5 ტონა ხურმა.

რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები

„ელჩის“ ვიზიტი მოსკოვში

ცხინვალის რეგიონის ე.წ. ელჩმა რუსეთში, ზნაურ გასიევმა, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოწვევით, მონაწილეობა მიიღო ქ. მოსკოვში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმში - „რუსული ენერგეტიკული კვირეული“. ფორუმში მონაწილეობა ასევე მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა - ვლადიმირ პუტინმა.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის კოდექსი

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის „დეპუტატებმა“ განიხილეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საბაჟო კოდექსთან მიერთებას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიღების შედეგად, ცხინვალის რეგიონში საბაჟო რეგულირების სფეროში კავშირისა და რუსეთის კანონმდებლობა იმოქმედებს.

საინვესტიციო პროგრამის განხილვა

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარემ, კონსტანტინე ჯუსოევმა სხვადასხვა „უწყების“ წარმომადგენელთან რუსეთის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების თაობაზე შეხვედრა გამართა. შეხვედრზე გაკეთებული განცხადებების მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები არ ჩამორჩება დადგენილ გრაფიკს.

კონსტანტინ ჯუსოევის შეხვედრა „უწყებათა“ წარმომადგენლებთან. წყარო: cominf.org

საინვესტიციო პროგრამა და ფინანსური დარღვევა

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო გენერალური პროკურატურა შეამოწმებს იმ დარღვევებს, რამაც თავი იჩინა „Дорэкспострой“-ის საქმიანობის შემოწმებისას. კერძოდ, გამოძიებამ დარღვევები აღმოაჩინა რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში „Дорэкспострой“-ის მიერ ბიტუმის შეძენისას. ამ ფაქტამდე ცნობილი გახდა, რომ „Дорэкспострой“-ის  ყოფილი გენერალური დირექტორი, სემიონ მაკიევი საერთაშორისო ძებნაშია.