ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა

2023 / 05 / 01

გამოცემა: №25 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 აპრილი, 2023 / ავტორი: არსენ არაქელოვი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები

შეხვედრა რუსეთის ფინანსთა მინისტრთან

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში  რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილებოდა დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთთან თანამშრომლობის საკითხი ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში.

შეხვედრა რუსეთის ციფრული განვითარების მინისტრთან

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა რუსეთის ციფრული განვითარების, კავშირგაბმულობისა და მასობრივი კომუნიკაციის მინისტრ მაკსუტ შადაევს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთში IT პარკის მშენებლობის პერსპექტივა, მოკავშირე ქვეყნებიდან სპეციალისტების მოწვევის, რუსეთის წამყვან IT კომპანიებთან („იანდექსი“, „VK“) თანამშრომლობისა და სახელმწიფო სერვისების გაციფრულების საკითხები.

 

სურათი შეხვედრა რუსეთის ციფრული განვითარების მინისტრთან

მოსკოვის მთავრობის ვიზიტი სოხუმში

სოხუმის დე ფაქტო მერი ბესლან ეშბა მოსკოვის საგარეო ეკონომიკისა და საერთაშორისო კავშირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე იგორ ტკაჩს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მოსკოვსა და სოხუმს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც უახლოეს მომავალში მოაწერენ ხელს. ეშბას განცხადებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მემორანდუმში აღინიშნოს ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხიც. მისი თქმით, „აფხაზეთს აქვს შესაძლებლობა მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობისას კომფორტული პარტნიორი იყოს“.

ახალი წესები ე.წ. საზღვარზე

დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ბრძანების თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შორის გამარტივდება ვაჭრობა. დადგენილებაში მოცემულია კონკრეტული ჩამონათვალი, რის გადატანასაც ადამიანები ე.წ. ენგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გამარტივებული წესით შეძლებენ. დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ალიას ლაბახუას განცხადებით, აღნიშნული ცვლილება მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეხება. ტერმინალზე საბაჟო მოსაკრებლის გადახდის შემდგომ, ფიზიკური პირები ტვირთის ტრანსპორტირებას შეძლებენ.

შეთანხმება პროპანის გაზის საბაჟო გადასახადზე

2022 წელს დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტრომ რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს მიმართა თხოვნით, განეხილათ შესაძლებლობა პროპანის გაზს, რომელსაც რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს აწვდის, საექსპორტო საბაჟო გადასახადი არ დაეკისროს. შედეგად, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის არსებულ სავაჭრო პროტოკოლში შევიდა აღნიშნული ცვლილება და პროპანს საბაჟო გადასახადი აღარ დაეკისრება. დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ მიქვაბიას განცხადებით, აღნიშნული ცვლილება ოკუპირებულ აფხაზეთში პროპანის გაზის საფასურის შემცირებას გამოიწვევს.

რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები

ახალი საწარმო ოკუპირებულ რეგიონში

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ალან გაგლოევი „ბტკ გრუპის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, თაიმურაზ ბოლოევს შეხვდა. „ბტკ გრუპი“ მსუბუქი მრეწველობის სფეროში რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. შეხვედრაზე დე ფაქტო რესპუბლიკასთან კომპანიის თანამშრომლობის პერსპექტივები და ცხინვალში წარმოების დაწყება განიხილეს.

შეხვედრა „ბტკ გრუპის“ წარმომადგენელთან

გაგლოევის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად დაეხმარება დე ფაქტო რესპუბლიკას და მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილებს შექმნის. შეხვედრას ცხინვალის რეგიონის ე.წ. ელჩი რუსეთში, ზნაურ გასიევიც ესწრებოდა.

აღნიშნული საკითხი გაგლოევმა დე ფაქტო მთავრობის წევრებთან შეხვედრაზეც წამოჭრა. მან განაცხადა, რომ უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რათა „ბტკ - 4“-ის სამკერვალო ქარხნის ფილიალები რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას დე ფაქტო რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონში. აღსანიშნავია, რომ გაგლოევმა პირველად აღნიშნული საწარმოს გახსნის შესახებ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა.

დიმიტრი ვოლვაჩის ვიზიტი

დე ფაქტო რესპუბლიკას რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი ეწვია. ვოლვაჩი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია. ვოლვაჩი დაესწრო შეხვედრას, რომელიც რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ თანამშრომლობას ეხებოდა. შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის საუკეთესო შვილები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ მშვიდობასა და მომავალს“ და რომ მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება.

გარდა ამისა, გაიმართა დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევისა და ვოლვაჩის შეხვედრაც, სადაც სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. სამინისტროს დელეგაციამ, ვოლვაჩის ხელმძღვანელობით, მოინახულა რუსეთის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებიც, კერძოდ,  მდ. ლიახვზე გამავალი ხიდის რეაბილიტაციისა და  150 ბავშვზე გათვლილი ბანაკის - „მზიუგომი“ მშენებლობის პროცესი.

დიმიტრი ვოლვაჩმა საბავშვო ბანაკის მშენებლობა მოინახულა

„ყირიმის ფიჭვის“ ნერგები რუსეთიდან

დე ფაქტო რესპუბლიკის სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოკუპირებული ახალგორისა და ცხინვალის რაიონში 5 000 „ყირიმის ფიჭვის ნერგი“ დარგეს. ნერგები დე ფაქტო რესპუბლიკაში როსტოვის ოლქიდან ჩამოიტანეს.

„საჯარო მოხელეთა“ საპენსიო რეფორმა

დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლებმა და რუსეთის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს თანამშრომლებმა ვიდეოკონფერნეცია გამართეს. კონფერენციაზე განიხილებოდა თებერვალში დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის „სამთავრობათაშორისო კომისიის“ შეხვედრის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები, კერძოდ, „საჯარო მოხელეთა“ პენსიით უზრუნველყოფისათვის შესაბამისი იურიდიული ბაზის მომზადება.

საკადრო ცვლილება

დე ფაქტო რესპუბლიკას ახალი ე.წ. ფინანსთა მინისტრი ჰყავს. გაგლოევმა 4 აპრილს „ფინანსთა სამინისტროს“ თანამშრომლებს კაზბეკ ცარიკაევი წარუდგინა. ცარიკაევი 2022 წლის ნოემბრიდან გაგლოევის მრჩეველია, იგი მანამდე იყო ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას ფინანსთა მინისტრი და რუსეთის საჯარო უწყებებში მუშაობდა.