ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2023 / 06 / 01

გამოცემა: N53 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 მაისი, 2023 / ავტორი: არსენ არაქელოვი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხ ინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.

 

 

ვიზიტები მოსკოვში

ალან გაგლოევის ვიზიტი

30 მაისს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ალან გაგლოევი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკს შეხვდა. კოზაკი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია.

გაგლოევმა და კოზაკმა ორმხრივ თანამშრომლობასა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რუსეთის მიერ დაფინანსებული დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობა. გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს დე ფაქტო რესპუბლიკის რაიონების გაზიფიცირების გეგმა და „საჯარო მოხელეთა“ ხელფასების ზრდა, რასაც ნაწილობრივ რუსეთი აფინანსებს.

ალან გაგლოევის შეხვედრა დიმიტრი კოზაკთან

ასლან ბჟანიას ვიზიტი

3 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერს, ალექსანდრ ნოვაკს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია. შეხვედრაზე ელექტროენერგეტიკული კომპლექსის განვითარების, სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისა და ორმხრივი ურთიერთობების სხვა საკითხებიც განიხილეს. შეხვედრაში დე ფაქტო ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანიც მონაწილეობდა.

გაგლოევის ვიზიტი ჩეჩნეთში

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ალან გაგლოევი, ოსური კულტურის დღის აღსანიშნავად, 15-16 მაისს ჩეჩნეთის რესპუბლიკას ეწვია. ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გაგლოევმა რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის მამის, ახმად კადიროვის საფლავი მოინახულა და მის მუზეუმსაც ეწვია.

აღსანიშნავია გაგლოევის ვიზიტი „რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტში“, რომელიც რამზან კადიროვის ინიციატივით დაარსდა. იგი შეხვდა ჩეჩენ მებრძოლებსაც, რომლებიც ემზადებოდნენ უკრაინაში რუსეთის აგრესიაში მონაწილეობის მისაღებად.

ოსური კულტურის დღეების დასასრული საზეიმო კონცერტით აღინიშნა, რომელსაც გაგლოევი კადიროვთან ერთად დაესწრო. ცერემონიის დასასრულს, კადიროვმა დააჯილდოვა გაგლოევი მედლით - „100 წელი ჩეჩნეთის რესპუბლიკის დაარსებიდან“. გაგლოევი ჩეჩნეთიდან თავად კადიროვმა გააცილა. დე ფაქტო პრეზიდენტი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში პირველად იყო ჩასული.

ალან გაგლოევის გაცილება

აფხაზეთისა და რუსეთის კულტურის სამინისტროების შეთანხმება

27 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის კულტურის სამინისტროებმა ხელი მოაწერეს 2023-25 წლების თანამშრომლობის პროგრამას. პროგრამის თანახმად, მხარეები ხელს შეუწყობენ ხელოვანთა პირდაპირი კონტაქტების განვითარებას. ასევე, ერთმანეთთან ითანამშრომლებენ თეატრები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები და ხელი შეეწყობა კინემატოგრაფიული სფეროს განვითარებას. გარდა ამისა, ყურადღება დაეთმობა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებასაც. დოკუმენტს ხელი მოაწერა დე ფაქტო კულტურის მინისტრმა, დაურ კოვემ და რუსეთის კულტურის მინისტრის მოადგილემ, ანდრეი მალიშევმა.

ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიკაცია

31 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფედერალურ კრებაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიკაციის საკითხზე განხილვის პროცესში თავის წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ გალუზინი დანიშნა. გალუზინი სამინისტროში პოსტსაბჭოთა ქვეყნებს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს კურირებს.

2022 წლის 27 სექტემბერს მოსკოვში რუსეთსა და დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების შესახებ.

9 მაისის აღნიშვნა ოკუპირებულ რეგიონებში

9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ოკუპირებულ რეგიონებში ყოველწლიურად სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ოკუპირებულ რეგიონებში 6-9 მაისი უქმე დღეებადაც გამოცხადდა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მისალოცი წერილით მიულოცა „სამამულო ომის“ გამარჯვების 78 წლის იუბილე სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობას, მათ შორის, საქართველოსა და ოკუპირებული  რეგიონების მაცხოვრებლებს.

„გამარჯვების დღის“ აღნიშვნის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ცხინვალის ცენტრალურ ქუჩაზე 9 მაისს გამართული აქცია - „უკვდავი პოლკი“ იყო. ამ აქციის ფარგლებში მსვლელობაში მონაწილე ხალხს ხელში 2022 წელს რუსეთის მხარეს მებრძოლი 27 დაღუპულისა და 1989-2008 წლებში დაღუპული ოსი მებრძოლების პორტრეტები ეჭირათ. გარდა ამისა, დე ფაქტო რესპუბლიკაში სამხედრო აღლუმიც ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას სპეცტექნიკაც იღებდა.

სამხედრო აღლუმი ცხინვალის რეგიონში

9 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში „მარადიული ცეცხლი“ ჩაიტანეს. რომელიც უცნობი ჯარისკაცის საფლავზე აანთეს. ამის შემდეგ, უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით  შეამკო დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, რის შემდეგაც სოხუმში დაიწყო სამხედრო აღლუმი, რომელშიც 600 აფხაზი და რუსი სამხედრო მონაწილეობდა. ამას გარდა, სოხუმმა უმასპინძლა მასშტაბურ აქციას - „უკვდავი პოლკი“. აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრში სამხედრო აღლუმის შემდეგ მსვლელობა მოაწყვეს.

„უკვდავი პოლკის“ მსვლელობა სოხუმში