ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა

2023 / 06 / 01

გამოცემა: №26 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 მაისი, 2023 / ავტორი: არსენ არაქელოვი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

 

რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები

ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირება

17 მაისს მოსკოვში გაიმართა სამუშაო ჯგუფის რიგით მესამე ერთობლივი შეხვედრა, რომლის მიზანიც იყო „რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის“ განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

აფხაზური „დელეგაციის“ წევრები იყვნენ დე ფაქტო უწყებების მინისტრები, ხოლო რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა დიმიტრი ვოლვაჩი, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე. ვოლვაჩი სამინისტროში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია.

შეხვედრა მოსკოვში

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა აღნიშნეს, რომ პროგრამით დაგეგმილი 45 ღონისძიებიდან, 18 უკვე შესრულებულია, 17 განხორციელების ეტაპზეა, ხოლო 10 - შეთანხმების პროცედურებს გადის. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საბაჟო „კანონმდებლობების“ ჰარმონიზაციას და ასევე, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და განათლების სფეროში საერთო სივრცის ფორმირების საკითხს. დარჩენილი ღონისძიებების აღსრულების ვადად 2023 წლის მეორე ნახევარი დასახელდა.

ბაშკირეთის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი

22 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას, ვაჭრობის მინისტრ ალექსეი გუსეევის ხელმძღვანებლობით, ბაშკირეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია. გუსეევი შეხვდა დე ფაქტო ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრ კრისტინა ოზგანს. შეხვედრაზე საქოლნელბრუნვისა და ტრანზიტული პოტენციალის გაზრდის საკითხი განიხილეს. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა სავაჭრო კორიდორის შექმნაზე ღვინის, ციტრუსის, თხილისა და იმ პროდუქციის ექსპორტისთვის, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკაში იწარმოება.

გუსეევთან ერთად, ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვივნენ ბაშკირეთის მსხვილი საწარმოების ხელმძღვანელები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობით. ვიზიტისას დელეგაცია შეხვდა ოზგანს და კომპანიის - „აფხაზეთის ღვინო და წყლები“ საწარმოც მოინახულა.

„კავკასიის საინვესტიციო გამოფენა“

2-4 მაისს რუსეთის ქ. მინერალნიე-ვოდში „კავკასიის საინვესტიციო გამოფენა“ გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის გამოფენა პირველად ჩატარდა, რომელსაც დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ეწვია. გამოფენას რუსეთის მაღალი თანამდებობის პირებიც ესწრებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ბჟანია რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერს, ალექსანდრ ნოვაკს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია. შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთის ენერგეტიკული პრობლემები და სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის საკითხი.

ასლან ბჟანიასა და ალექსანდრ ნოვაკის შეხვედრა

ბჟანიასა და რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის შეხვედრაზე გაზიფიცირებისა და ტურიზმის სფეროში დაგეგმილი პროექტები განიხილეს. მედიის განცხადებით, რუსეთის პრემიერ-მინისტრი აფხაზურ სტენდზე სოხუმის აეროპორტის აღდგენის პროექტით დაინტერესდა. ამასთანავე, მიშუსტინმა გაიხსენა აფხაზეთში წარსულში დასასვენებლად გატარებული დრო და აფხაზეთის ტურისტულ პოტენციალს გაუსვა ხაზი.

რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები

მემორანდუმი „რუსულ საექსპორტო ცენტრთან“

30 მაისს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ალან გაგლოევი სააქციო საზოგადოება - „რუსული საექსპორტო ცენტრის“ გენერალურ დირექტორს, ვერონიკა ნიკიშინას შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობას ითვალისწინებს. „რუსული საექსპორტო ცენტრი“ მხარს უჭერს რუსეთიდან დე ფაქტო რეგიონში პროდუქტების ექსპორტს. 2022 წლის განმავლობაში, ცენტრმა 20.6 მლნ აშშ დოლარის ოდენობის პროდუქტის ექსპორტს შეუწყო ხელი, რაც 2021 წელთან შედარებით, 40%-იანი ზრდაა.

ალან გაგლოევის შეხვედრა ვერონიკა ნიკიშინასთან

„კავკასიის საინვესტიციო გამოფენა“

ქ. მინერალნიე-ვოდში გამართულ „კავკასიის საინვესტიციო გამოფენას“ დაესწრო დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევიც.

აღსანიშნავია, რომ ცხინვალის რეგიონი საკმაოდ მასშტაბურად იყო წარმოდგენილი გამოფენაზე და მისი სტენდი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმაც დაათვალიერა. ოკუპირებულმა რეგიონმა გამოფენაზე წარმოადგინა რძის პროდუქტები, ღვინო (კომპანია „ირონსანისა“ და  დავიდ ლოხოვის კერძო ღვინის ქარხნის პროდუქცია), ლუდი („მაღალმთიანი კელის ლუდსახარში“), მინერალური წყლები („ბაგიათის ჩამოსასხმელი საწარმო“), სოუსები („ASSA TUAG“ და „ინდ. მეწარმე ძიგოით მ. პ.“), თაფლი („ინდ. მეწარმე აკოპოვა ნ. გ.“), ჩაი („ინდ. მეწარმე აბაევა ა. ს.“).

საკვები პროდუქტების გარდა, წარმოდგენილი იყო კომპანია „Ир Базальт“, რომელიც მალე დაიწყებს პროდუქციის გამოშვებას. დე ფაქტო ვიცე-პრემიერის განცხადებით, გამოფენაზე ასევე წარმოადგინეს სამშენებლო მასალებისთვის საჭირო სამთო მოპოვების პროდუქტები და მინერალები: დიაბაზი, ანდეზიტი, ალევროლიტი, ხალკოპირიტი, სერპენტინიტი, ტუფის სხვადასხვა სახეობა და სხვა.  ამასთან ერთად, სარეკლამო ბროშურებზე საუბარი იყო ცხინვალის რეგიონის ტურისტულ პერსპექტივებზე და ამ სფეროში საინვესტიციო პოტენციალზე.

გაგლოევის განცხადებით, ცხინვალის რეგიონი გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სასარგებლო წიაღისეულის პროექტით, რომელიც შემუშავების პროცესშია და ეს საინტერესო აღმოჩნდა ინვესტორებისთვის. დე ფაქტო პრეზიდენტის მიხაილ მიშუსტინთან შეხვედრისას კი მთავარი  განსახილველი თემა ტყვიის ექსპორტი იყო.

ასლან ბჟანია და ალან გაგლოევი "კავკასიის საინვესტიციო გამოფენაზე"