ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2023 / 07 / 03

გამოცემა: N54 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 ივნისი, 2023 / ავტორი: არსენ არაქელოვი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხ ინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.

 

 

ვიზიტები მოსკოვში

ალან გაგლოევის ვიზიტი

2 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების საკითხი და ე.წ. საზღვარზე არსებული სიტუაცია განიხილეს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერის ვიზიტი

21 ივნისს რუსეთის სახელმწიფო დუმაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ სამუშაო შეხვედრა გამართა. აშუბა სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილეს, პეტრე ტოლსტოისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ყაზბეგ ტაისაევს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში „საპარლამენტო“ თანამშრომლობის საკითხი განიხილეს. ასევე, აფხაზურმა მხარემ ყურადღება გაამახვილა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ. საზღვრის კვეთის პროცედურის გამარტივებასა და „კანონმდელობათა“ ჰარმონიზაციის საკითხზე.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციის მინისტრის ვიზიტი

1 ივნისს მოსკოვში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციის მინისტრი, იბრაგიმ გასეევი რუსეთის საგანგებო სიტუაციის მინისტრს, ალექსანდრ კურენკოვს შეხვდა. შეხვედრაზე კურენკოვმა განაცხადა, რომ 2016-2019 წლებში რუსულმა მხარემ ცხინვალის რეგიონში გამოიკვლია 135 ჰექტარი ტერიტორია და ათასზე მეტი ფეთქებადსაშიში ნივთი გაანეიტრალა. გასეევმა კურენკოვს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ოს ახალგაზრდებს რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა აქვთ.

იბრაგიმ გასეევისა და ალექსანდრ კურენკოვის შეხვედრა. 

ალექსანდრ ნოვაკის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში

9 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას ეწვია რუსეთის დელეგაცია ალექსანდრ ნოვაკის, რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორის ხელმძღვანელობით. დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ დიმიტრი ვოლვაჩიც, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე.

ვიზიტის ფარგლებში, ნოვაკი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა. შეხვედრაზე ნოვაკმა აღნიშნა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია და ყურადღება დაუთმო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივების შეფასებას. ნოვაკის ინფორმაციით, რუსეთსა და დე ფაქტო რესპუბლიკას შორის სავაჭრო ურთიერთობის მაჩვენებელი 73%-ით არის გაზრდილი გასული წლის შედეგებთან შედარებით. გარდა ამისა, შეხვედრაზე აღინიშნა ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი, რაზეც ბჟანიამ განაცხადა, რომ „აფხაზი ხალხისთვის ავიამიმოსვლის აღდგენა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩართული თითოეული პირი ხალხში წმინდანად აღიქმება“.

ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიკაცია

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მოახდინა კანონპროექტის რატიფიცირება, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „მოქალაქეებისთვის“ ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების საკითხს ითვალისწინებს. შეთანხმებას ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ხელი მოეწერა 2022 წლის 27 სექტემბერს, რატიფიცირების შედეგად კი, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს შეეძლებათ ისარგებლონ იმ „სახელმწიფო“ სერვისებით, რომლის ტერიტორიაზეც იცხოვრებენ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საკონსულო სანქტ-პეტერბურგში

14 ივნისს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა ეწვია სანქტ-პეტერბურგში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპატიო საკონსულოს ოფისს, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას. ოფისი მდებარეობს „ლიდერ თაუერის“ მე-40 სართულზე და საკონსულოს გასახსნელად მჭიდრო მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.

ინალ არძინბა სანქტ-პეტერბურგის „საკონსულოს“ ოფისში

ბავშვთა ობმუდსმენთა შეთანხმება

8 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ბავშვთა ომბუდსმენი, აელიტა ჯიოევა მოსკოვში შეხვდა რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენს,  მარია ლვოვა-ბელოვას, რომლის დაკავებაზეც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი აქვს გაცემული. ობმუდსმენებმა ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს.

ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის სასამართლო აღსრულების სამსახურების შეთანხმება

20 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო იუსტიციის სამინისტროსა და რუსეთის სასამართლო აღსრულების ფედერალურ სამსახურს შორის დაიდო მემორანდუმი. შეთანხმებას ხელი მოაწერა დე ფაქტო იუსტიციის მინისტრმა, ოლეგ გაგლოევმა და აღსრულების სამსახურის დირექტორმა, რუსეთის მთავარმა სასამართლო აღმასრულებელმა - დმიტრი არისტოვმა. საზეიმო ცერემონიას ესწრებოდა დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი და რეგიონში რუსეთის „ელჩი“, მარატ კულახმეტოვი.

რუსეთის მთავარმა სასამართლო აღმასრულებელმა, არისტოვმა შეხვედრა გაგლოევთანაც გამართა. შეხვედრაზე არისტოვმა განაცხადა, რომ რუსეთის აღსრულების სამსახური მიაწვდიდა დე ფაქტო რესპუბლიკაში მომუშავე კოლეგებს საზაფხულო ფორმასა და საჭირო ტექნიკას. გარდა ამისა, არისტოვის ცნობით, მოსკოვის ოლქში შენდება ახალი სასწავლო ცენტრი, რომელშიც ელიან დე ფაქტო იუსტიციის სამინისტროს დელეგაციასაც.

ჰუმანიტარული მხარდაჭერა რუსეთის აგრესიაში მონაწილე თანამემამულეებს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიაში მონაწილე ოს მებრძოლებს ჰუმანიტარული დახმარება ჩაუტანეს. მათი თქმით, თავდაპირველად დახმარება რუსეთის მიერ ანექსირებულ მელიპოტოლში უნდა გადაეცათ, თუმცა მებრძოლები მათ კირილოვკაში დახვდნენ. ე.წ. დეპუტატის განცხადებით, ჰუმანიტარული ტვირთი სამი თვის განმავლობაში გროვდებოდა, რაშიც მონაწილეობას იღებდა დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი, ე.წ. პრემიერ-მინისტრი, კონსტანტინე ჯუსოევი და დე ფაქტო მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებიც. მებრძოლებს საჩუქრად ოსური სასმელი წყალი „ალანდონიც“ მიიღეს.

ოსი „დეპუტატები“ თანამემამულე მებრძოლებთან ერთად

ალან გაგლოევისა და იგორ მასლოვის შეხვედრა

29 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსს, იგორ მასლოვს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოკუპირებული რეგიონების კურატორია.

ინალ არძინბას შეხვედრა თურქეთში რუსეთის ელჩთან

22 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა სამუშაო ვიზიტით ჩავიდა თურქეთში, სადაც დიასპორისა და ზოგიერთი თურქი პოლიტიკოსი გარდა, თურქეთში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებსაც შეხვდა. 27 ივნისს, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში არძინბა თურქეთში რუსეთის ელჩს, ალექსეი ერხოვს შეხვდა, 30 ივნისს კი, სტამბოლში - რუსეთის გენერალურ კონსულს, ანდრეი ბურავოვს.