ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2023 / 10 / 05

გამოცემა: N57 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 სექტემბერი, 2023 / ავტორი: არსენ არაქელოვი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხ ინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.

„გამარჯვების დღე“ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში

30 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საზეიმოდ აღნიშნავენ „აფხაზეთის რესპუბლიკის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“, როდესაც სოხუმის დაცემიდან სამი დღის შემდეგ, 30 სექტემბრისთვის, ქართულმა შენაერთებმა აფხაზეთის ტერიტორია დატოვეს, სეპარატისტებმა კი მდინარე ენგურზე აფხაზეთის „სახელმწიფო“ დროშა აღმართეს. ოკუპირებულ აფხაზეთში „გამარჯვების“ 30-ე წლისთავი წელსაც საზეიმოდ აღნიშნეს, მათ შორის ჩატარდა სამხედრო აღლუმი. საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად დე ფაქტო რესპუბლიკას რუსეთიდან არაერთი სტუმარი  ეწვია.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასულ დელეგაციებს პირადად შეხვდა, მათ შორის: ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას, ბაშკირეთის, ლენინგრადის ოლქის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ადიღეის, ჩეჩნეთის, დნესტრისპირეთის სეპარატისტული რესპუბლიკისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დელეგაციებს.

30 სექტემბერს საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სარაკეტო ხომალდმა - „ციკლონი“, რომელიც წინა დღით სოხუმის პორტში შევიდა.

„გამარჯვების დღე“ ბჟანიას წერილობით მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა.

მცირე სარაკეტო ხოლამდი „ციკლონი“ სოხუმის პორტში

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერის შეხვედრა რუსეთის დუმის დეპუტატთან

13 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში გაიმართა ე.წ. პარლამენტის სპიკერის, ლაშა აშუბას შეხვედრა რუსეთის დუმის დეპუტატთან, ანასტასია უდალცოვასთან, რომელიც ასევე ნაციონალიზმის საკითხების კომიტეტის წევრია. შეხვედრას ესწრებოდნენ დე ფაქტო პარლამენტის სხვა დეპუტატებიც.  შეხვედრაზე „საპარლამენტთაშორისო“ თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ვიზიტები რუსეთის „დაძმობილებულ“ ქალაქებში

16 სექტემბერს ქ. სოხუმის ე.წ. მერის მოადგილეები, ავთანდილ სურმანიძე და ლეონ კვარჩია დონის როსტოვს ეწვივნენ. მათ ქალაქის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. სოხუმი და როსტოვი დაძმობილებული ქალაქები არიან.

გარდა ამისა, სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის სხვა წევრები ეწვივნენ ქ. ბრიანსკს ქალაქის დღისა და „გერმანელ-ფაშისტური დამპყრობლებისაგან“ ბრიანსკის გათავისუფლების მე-80 წლისთავის აღსანიშნავად. 2022 წლის 13 ივლისიდან სოხუმი და ბრიანსკი „დაძმობილებული“ ქალაქები არიან.

დიმიტრი ვოლვაჩის ვიზიტი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში

15 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, დიმიტრი ვოლვაჩი და სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ანტონ მელნიკი ეწვივნენ. ვოლვაჩი სამინისტროში ოკუპირებული რეგიონების კურატორია.

ხანგრძლივი ვიზიტის ფარგლებში ვოლვაჩმა შეხვედრები გამართა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დაათვალიერა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის მიზნით შემუშავებული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები.

ვოლვაჩმა დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევთანაც გამართა შეხვედრა. შეხვედრაზე ვოლვაჩმა ეკონომიკური განვითარებისთვის კერძო ინვესტორების მოძიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

დიმიტრი ვოლვაჩისა და ალან გაგლოევის შეხვედრა

რუსეთ-ცხინვალის რეგიონის დემარკაციის კომისიის შეხვედრა

26-29 სექტემბერს მოსკოვში რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის დემარკაციის კომისიის მეცხრე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის „საზღვრის“ დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი განიხილეს.