ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის რბილი ძალის მიმოხილვა

2023 / 10 / 10

გამოცემა: N11 / მიმოხილვის პერიოდი: ივლისი-სექტემბერი, 2023 / ავტორი: არსენ არაქელოვი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის რბილი ძალის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აღნიშნულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის რბილ ძალასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენებისა და იმ საქმიანობების შესახებ, რომლებსაც რუსეთი იყენებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში თავისი გავლენის განსამტკიცებლად. მიმოხილვა გამოდის სამ თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

 

რუსეთის რბილი ძალა აფხაზეთში

კულტურა

  • 19 ივლისს სოხუმში საბჭოთა მწერლის, ვლადიმერ მაიაკოვსკის 130-ე იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება კულტურულ ცენტრში - „მოსკოვის სახლი“ ჩატარდა, ორგანიზატორი კი აფხაზეთში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს (შემდგომში - „რუსული სახლი“) წარმომადგენლობა იყო. ლიტერატურულ საღამოზე აფხაზეთში მაიაკოვსკის ვიზიტები გაიხსენეს.

განათლება

  • „ალექსანდრე სოლჟენიცის სახელობის რუსული საზღვარგარეთის სახლმა“ „პაპასკირის სახელობის ნაციონალურ ბიბლიოთეკას“ დიდი ოდენობით მხატვრული წიგნები გადასცა. აღნიშნული ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს და ეხმარება საზღვარგარეთ მცხოვრებ რუს თანამემამულეებს.
  • რუსეთის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, ოკუპირებულ აფხაზეთში მე-8 და მე-9 კლასელებისათვის სახელმძღვანელოების მესამე ნაკადი გაიგზავნა. ჯამში, აფხაზეთში 32 479 სახელმძღვანელო გაიგზავნა.

„გამარჯობა, რუსეთო!“

  • ოკუპირებული აფხაზეთის ექვსი სკოლის მოსწავლე პროგრამის - „გამარჯობა, რუსეთო!“ ფარგლებში მოსკოვსა და სამარის ოლქში გაემზავრა. მოსწავლეებმა რუსეთის სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ „ფლეშმობშიც“ მიიღეს მონაწილეობა. სასწავლო პროგრამა - „გამარჯობა, რუსეთო!“, რომლის ფარგლებშიც 14-19 წლის ახალგაზრდები რუსეთის ღირსშესანიშნაობებს ეცნობიან, 2014 წლიდან „რუსული სახლის“ დაფინანსებით ხორციელდება.

პროგრამის მონაწილე აფხაზი მოსწავლეები

რუსეთის დღესასწაულების აღნიშვნა

  • სოხუმში, „მოსკოვის სახლში“ რუსეთის სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს. ღონისძიება მოსკოვის მთავრობის მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიებაზე აფხაზეთში რუსეთის „საელჩოს“ მეორე მდივანმა, დენის ლავრიკოვმა რუსეთის დროშის შექმნის ისტორიის შესახებ ლექცია წაიკითხა.

რუსეთის სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა

  • „მოსკოვის დღესთან“ დაკავშირებით სოხუმში ცურვაში შეჯიბრი გაიმართა.

ჯანდაცვა

  • ივლისში სოხუმში მდებარე „მოსკოვის სახლმა“ ოკუპირებული გალისა და სოხუმის საქალაქო პოლიკლინიკებს სამედიცინო ინვენტარი საჩუქრად გადასცა. აღნიშნული დახმარება მოსკოვის მთავრობის მიერ დაფინანსებული „უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა მხარდაჭერის  პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. 2022 წლის ივნისში „მოსკოვის სახლმა“ სამედიცინო დახმარება ოჩამჩირის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოსაც გადასცა.

რუსეთის რბილი ძალა ცხინვალის რეგიონში

„რუსული სახლის“ ახალი ხელმძღვანელი

  • ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში „რუსული სახლის“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სერგეი სკვორცოვმა რეგიონში თავისი 5 წლიანი მოღვაწეობა დაასრულა. რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა მადლობა გადაუხადა სკვორცოვს გაწეული სამუშაოსთვის და რუსეთსა და რეგიონს შორის მეგობრული ურთიერთობის გამყარებისთვის იგი „მეგობრობის ორდენით“ დააჯილდოვა. 22 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში რუსეთის „ელჩმა“, მარატ კულახმეტოვმა გაგლოევს „რუსული სახლის“ ახალი თავმჯდომარე, სერგეი კომისაროვი წარუდგინა.

სერგეი კომისაროვის წარდგენა

  • რუსეთის შს სამინისტროს აკადემიებში ცხინვალის რეგიონიდან წელს 10-მა აბიტურიენტმა ჩააბარა. ისინი განაწილდებიან ვოლგოგრადის, ნიჟნი-ნოვგოროდის შსს-ს აკადემიებსა და შსს-ს ორლოვსკის  იურიდიულ ინსტიტუტში. მათი სწავლება სრულად არის დაფინანსებული რუსეთის მთავრობის მიერ, ხოლო სწავლების დასრულების შემდგომ, კონტრაქტის მიხედვით, ისინი ცხინვალის რეგიონში სამუშაოდ დაბრუნდებიან. აღნიშნული შესაძლებლობა აბიტურიენტებს 2009 წლიდან აქვთ, მას შემდეგ, რაც რუსეთის შსს-სა და რეგიონის დე ფაქტო უწყებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
  • ცხინვალის რეგიონში დაბრუნდნენ პირები, რომლებმაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასწავლებლებში სწავლა დაასრულეს. კურსდამთავრებულებს შეხვდა დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი, მარატ პავლოვი. კურსდამთავრებულებს „ლეიტენანტის“ წოდება მიენიჭათ. რუსეთში სწავლა ოკუპირებული რეგიონიდან წელს 21-მა პირმა დაასრულა, მათ შორის ორმა ფრიადზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასწავლებლების კურსდამთავრებულები

  • „რუსულმა სახლმა“ შეაჯამა 2023-24 სასწავლო წელი და განაცხადა, რომ კვოტების შესაბამისად, ოკუპირებული რეგიონიდან რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში 23-მა აბიტურიენტმა ჩააბარა. მათი მესამედი სწავლას მედიცინის ფაკულტეტზე განაგრძობს.
  • დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, ოკუპირებულ რეგიონს „რუსეთის სამკურნალო პედაგოგიკის ცენტრის“ ფსიქოლოგები და ლოგოპედები ეწვივნენ. მათ ადგილობრივ მასწავლებლებს ტრენინგები ჩაუტარეს.
  • ცხინვალის რეგიონიდან ჟურნალისტებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროექტში - „SputnikPro“, რომელიც „Russia Today“-ის პლატფორმაზე გაიმართა.

ახალგაზრდული ბანაკები

  • რუსეთის მთავრობის დაფინანსებით, 15 სკოლის მოსწავლე გაემგზავრა საზაფხულო ბანაკში არტეკში პროექტის - „არტეკის ადამიანები“ ფარგლებში. საზაფხულო ბანაკში მონაწილეობა მიიღო 50-მდე სხვადასხვა ქვეყნის სკოლის მოსწავლემ, რომლებიც „რუსული სახლის“ მიერ ორგანიზებული სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულები არიან. არტეკი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში მდებარეობს.

საზაფხულო ბანაკის - „არტეკის ადამიანები“ მონაწილეები

  • სექტემბერში 10 ბავშვი ოკუპირებული რეგიონიდან სამი კვირის განმავლობაში მოსკოვის ოლქში, გამაჯანსაღებელ ბანაკში - „ზეგ“ იმყოფებოდა. აღნიშნული ბანაკი დაფინანსებულია რუსეთის მთავრობის მიერ. რეგიონიდან ბავშვების წაყვანა დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენებს შორის დადებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მოხერხდა. ბანაკში ასევე იმყოფებოდნენ ბავშვები რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის რეგიონებიდან.

ჯანდაცვა

  • 26 აგვისტოს ოკუპირებულ რეგიონს ეწვია რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენი, მარია ლვოვა-ბელოვა, რომლის დაკავებაზეც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი აქვს გაცემული. ვიზიტის ფარგლებში ბელოვა გაგლოევს შეხვდა და განაცხადა, რომ რუსეთი დაეხმარება რეგიონს ბავშვებისთვის სამედიცინო სერვისის მიწოდებაში და უმკურნალებს მათ რუსეთის კლინიკებში.

აღიარების მე-15 წლისთავი

  • რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების მე-15 წლისთავთან დაკავშირებით გამოვიდა ახალი ფილმი - „დამოუკიდებელი“. ფილმში მოთხრობილია დე ფაქტო რესპუბლიკის აღიარების პროცესისა და რუსი მშვიდობისმყოფელების შესახებ, „რომლებმაც დაიცვეს სამხრეთ ოსეთი“. ფილმის რეჟისორი ტიმურ კუსოვია, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას ჟურნალისტთა კავშირის თამვჯდომარე. ფილმი რუსულმა პროპაგანდისტულმა ტელევიზიამ - „Россия 1“ აჩვენა.
  • რეგიონში ჩატარდა ჟურნალის - „რუსული სიტყვა სამხრეთ ოსეთში“ სპეცგამოცემის პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის აღიარების მე-15 წლისთავს.

ჟურნალის „რუსული სიტყვა სამხრეთ ოსეთში“ ახალი გამოცემა

ედამენკოს ძეგლის გახსნა

  • რეგიონში რუსეთის გმირს, „უაცამონგას“ ორდენის კავალერს, ვლადიმერ ედამენკოს ძეგლი დაუდგეს. ცერემონიას ალან გაგლოევი და რუსეთის ე.წ. ელჩი, მარატ კულახმეტოვი ესწრებოდნენ. ოსური მედიის ინფორმაციით, „რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში, ედამენკო იყო ქვედანაყოფის უფროსი, რომელიც რუსეთის 58-ე არმიის სატანკო კოლონას ჰაერიდან აზღვევდა. 9 აგვისტოს ჯავის რაიონში რუსი პილოტები საქართველოს თავდაცვის ძალების ორ „მიგ-29“-ს დაუპირისპირდნენ. ქართველი პილოტებისგან თავის დასაღწევად, რუსმა პილოტებმა მანევრირება დაიწყეს, რა დროსაც საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებულმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსმა -  „Бук“ გაანადგურა ედამენკოს „სუ-25““.