ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა

2023 / 12 / 05

გამოცემა: №31 / მიმოხილვის პერიოდი: 1 - 30 ნოემბერი, 2023 / ავტორი: არსენ არაქელოვი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

 

 

 

რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები

პროპანის იმპორტი

2 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთთან გაფორმებულ სავაჭრო შეთანხმებაში ცვლილებების რატიფიკაცია განახორციელა. ცვლილების თანახმად, რუსეთიდან აფხაზეთში პროპანის ექსპორტზე საექსპორტო საბაჟო გადასახადი გაუქმდება. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის საბჭომ 25 ოქტომბერს მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება დროებითია და გამოწვეულია ენერგეტიკული კრიზისით. პროპანი პირველადი მოხმარების საქონლად ითვლება და შეთანხმების თანახმად, ენერგოდეფიციტის პირობებში, აფხაზეთის მოსახლეობის უზრუნველსაყოფად რუსეთი ვალდებულია წელიწადში 2 ათასი ტონა თხევადი გაზი მიაწოდოს ოკუპირებულ რეგიონს.

საპენსიო ვალი

2 ნოემბერს დე ფაქტო პარლამენტმა „კანონში“ საპენსიო ფონდის შესახებ ცვლილებები დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებით, 25 მლნ რუსული რუბლი (დაახლ. 275 ათასი აშშ დოლარი) დაუბრუნდება რუსეთის საპენსიო ფონდს, რადგანაც აღნიშნულ თანხას გარდაცვლილ პენსიონერთა ნათესავები ისაკუთრებდნენ.                  

ოკუპირებულ აფხაზეთში აღნიშნული შემთხვევები საკმაოდ ხშირია და დაკავშირებულია ე.წ. „მკვდარი სულების“ არსებობასთან. დადასტურდა არაერთი ფაქტი, როდესაც უკვე გარდაცვლილ რუსეთის მოქალაქეს პენსია კვლავ ერიცხებოდა რუსეთის ბიუჯეტიდან, ამ თანხას კი სხვა ადამიანი იღებდა. ამის შედეგად, 2023 წლის მარტში რუსეთის ფედერაციის საბჭომ რატიფიცირება მოახდინა პროტოკოლის, რომლის თანახმადაც აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას აფხაზეთში გარდაცვლილ რუსეთის მოქალაქეებზე 24.3 მლნ რუბლზე მეტი ოდენობის გაცემული პენსიების დააბრუნების ვალდებულება დაეკისრა.

„ტამბოვური ვაშლები“ გალში

ოკუპირებულ გალის რაიონში „ტამბოვური ვაშლის ხეები“ დაირგება. გალის რაიონს ვაშლის ხის 4 სახეობის 100 ნერგი ტამბოვის ოლქში მდებარე პეტროვსკის მხარის მუნიციპალიტეტმა აჩუქა. ოქტომბერში გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაცია სამუშაო ვიზიტით პეტროვსკის მხარეში იმყოფებოდა და მუნიციპალიტეტთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმსაც მოაწერა ხელი.

ტამბოვის ვაშლები“ გალში

ტურისტული სეზონის შეჯამება

აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის სამინისტროში 2023 წელი შეაჯამეს. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვია 1 მლნ 300 ათასი ტურისტი, 460-მა გიდმა მიიღო შესაბამისი ლიცენზია, ობიექტებში საწოლფონდის ოდენობამ 46 ათასს გადააჭარბა და ტურისტებს შორის დარეგისტრირდა 20 უბედური შემთხვევა. ასევე, 2023 წელს ივნისი-ოქტომბრის პერიოდში სოჭიდან გაგრაში ელექტომატარებელმა - „ლასტოჩკა“ 48 309 ადამიანი ჩაიყვანა. „ლასტოჩკა“ სოჭი-გაგრას მიმართულებით 2023 წლის 8 ივნისიდან ფუნქციონირებს.

ციტრუსის სეზონი

15 ნოემბრის მონაცემებით, „ციტრუსის სეზონის“ დაწყების შემდგომ, აფხაზეთიდან ექსპორტზე გავიდა 2 844 409 კგ მანდარინი, 571 657 კგ ფეიხოა, 123 399 კგ ხურმა და 139 438 კგ ლიმონი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტზე გავიდა 1 559 792 კგ მანდარინი, 588 843 კგ ფეიხოა, 53 714 კგ ხურმა და 190 917 კგ ლიმონი.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ციტრუსის მოსავალი წელს 30 ათასი ტონა იქნება. ძირითადად, აფხაზეთში ციტრუსის მოსავლის 95% რუსეთში ექსპორტზე გადის.

რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები

ალექსანდრ ნოვაკის ვიზიტი და „სამთავრობათაშორისო“ შეხვედრა

17 ნოემბერს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ალექსანდრ ნოვაკი ეწვია. ნოვაკი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია. ეს მისი პირველი ვიზიტი იყო რეგიონში. ნოვაკმა მონაწილეობა მიიღო რუსეთსა და დე ფაქტო რესპუბლიკას შორის „სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის“ 22-ე შეხვედრაში. მან ასევე რუსული დაფინანსებით მიმდინარე პროექტების მონიტორინგი განახორციელა, მანამდე კი დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი ნოვაკს პირადად შეხვდა. შეხვედრაზე დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრის შემდგომ, ნოვაკმა გაგლოევთან ერთად საზეიმოდ გახსნა სამი საცხოვრებელი კორპუსიც. საცხოვრებელი სახლები აშენდა რუსეთის მიერ დაფინანსებული „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის“  დაფინანსებით. თითოეულ კორპუსში 75 საცხოვრებელი ბინაა.

საცხოვრებელი კორპუსების საზეიმო გახსნა

17 ნოემბერს „სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის“ 22-ე შეხვედრაც შედგა. მანამდე კი, მხარეები ერთმანეთს „ვიწრო წრეში“ შეხვდნენ.

პროექტების მონიტორინგი

ნოვაკთან ერთად ოკუპირებულ რეგიონს ეწვია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი, იგორ მასლოვიც, რომელმაც „საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. პირველ რიგში, დელეგაციამ მოინახულა ქარხანა - „ვიბრომაშინა“. 2025 წლიდან ქარხანაში იგეგმება მარმარილოსა და სხვა ქვების დამუშავება და შემდგომ კი, სამშენებლო მასალად გამოყენება. წინასწარი ინფორმაციით, ქარხანაში 148 ადამიანი დასაქმდება.

იგორ მასლოვი მიმდინარე სამუშაოებს ამოწმებს

რუსეთის დელეგაციამ ასევე მოინახულა სამშენებლო კომპანია „ირ ბაზალტიც“, რომელიც რუსული დაფინანსებით აშენდა, თუმცა წარმოება ქარხანას ჯერ არ დაუწყია. დელეგაციამ კონსერვების მშენებარე ქარხანაც მოინახულა. ქარხანა ცხინვალის რაიონში, სოფ. ფრისში მდებარეობს. ქარხნის დირექტორის განცხადებით, 2024 წლიდან უკვე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა კონსერვების წარმოება.

საწვავის კონტრაბანდა

15 ნოემბერს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დააკავეს ხუთი პირი, რომლებმაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 50 ტონა საწვავი გადატუმბეს. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ამ პირებმა გამოიყენეს უფუნქციო მელიორაციის სისტემა, სადაც დაამონტაჟეს მილი, რითიც შემდგომში ტუმბავდნენ საწვავს. ე.წ. კომიტეტში შეაფასეს ეს ქმედება, როგორც „პოტენციური მტრისთვის არალეგალურად საწვავ-საპოხი მასალის მიწოდება, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული სამხედრო მიზნებისთვის“.

აღნიშნულმა ამბავმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის მაცხოვრებლებსა და ძალოვან უწყებაში, ასევე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში. 21 ნოემბერს „კომიტეტმა“ განაცხადა, რომ ისინი რუს კოლეგებთან ერთად არიან ჩართული გამოძიებაში. განცხადების თანახმად, დანაშაულის სიმძიმე კიდევ უფრო დიდია იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მთავრობამ 21 სექტემბრიდან საწვავის ექსპორტი შეზღუდა, ხოლო „რესპუბლიკაში“ საწვავ-საპოხი მასალის კრიზისია. „კომიტეტის“ განცხადებით, აღნიშნულ საქმეში შესაძლოა კიდევ უფრო ბევრი ადამიანი იყოს ჩართული, გამოძიება კი გრძელდება.

შეფერხებები „საზღვარზე“

23 ნოემბერს ალან გაგლოევი რეგიონში რუსეთის „საელჩოს“ მრჩეველს, ალექსანდრე ჟუროვსა და რეგიონში რუსეთის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელს, ალექსეი პოპოვს შეხვდა. შეხვედრაზე გაგლოევმა განაცხადა, რომ ადგილობრივი მწარმოებლები შეშინებულები არიან იმ ფაქტით, რომ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე - „ქვემო ზარამაგი“, რომლითაც უკავშირდება რეგიონი რუსეთს, რუსმა მესაზღვრეებმა რამდენჯერმე შეაჩერეს საქონლით დატვირთული სატვირთო მანქანები და არ შემოუშვეს დე ფაქტო რესპუბლიკაში. პოპოვმა კი განაცხადა, რომ გაგლოევის მიერ აღნიშნული პრობლემებს გადასცემდა რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელებს.

ალან გაგლოევის შეხვედრა ალექსეი პოპოვთან