ყოველთვიური მიმოხილვა

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები: ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების მიმოხილვა

2024 / 01 / 03

გამოცემა: N15 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 დეკემბერი, 2023

მიმოხილვა მზადდება  პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

შეხვედრები ჟენევასა და ერგნეთში

5-6 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 59-ე რაუნდი გაიმართა. წელს ეს უკვე რიგით მესამე და ბოლო შეხვედრა იყო. შეხვედრაზე ტრადიციულ განსახილველ თემებთან ერთად აფხაზურმა მხარემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში შეხვედრების აღდგენის საკითხიც დასვა. გალში შეხვედრები 2018 წლიდან, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შემდეგ,  არ ტარდება. აფხაზური მხარე, რომელსაც მხარს რუსეთიც უჭერს, ბოლო პერიოდში აქტიურად ითხოვს გალის შეხვედრების აღდგენას. ამ საკითხზე ოფიციალური თბილისის პოზიცია ცნობილი არ არის.

აფხაზური დელეგაცია ჟენევაში

13 დეკემბერს სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 116-ე შეხვედრა გაიმართა. წელს ეს უკვე რიგით მეშვიდე და ბოლო შეხვედრა იყო. მთავარი საკითხი სოფ. კირბალში თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხი იყო. ოსური მხარე ცდილობს საკითხი „სამართლებრივ“ კონტექსტში განიხილოს, რასაც რუსეთიც იზიარებს. ოსურმა მხარემ „მესაზღვრეების“ მიერ გინტურის მკვლელობა მათ მიერ „ინსტრუქციების“ დაცვით გაამართლა და მსგავსი „ინციდენტების“ პრევენციისთვის ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის საჭიროებაზე ისაუბრა.

მხარდაჭერა პუტინს

2024 წელს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვლადიმერ პუტინიც მიიღებს, რომლის კანდიდატურა ფორმალურად 16 დეკემბერს წარადგინეს. მის კანდიდატურას მხარი უკვე დაუჭირეს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებმა, ასლან ბჟანიამ და ალან გაგლოევმა.

რუსეთი ოკუპირებული რეგიონების „ბიუჯეტის“ დაფინანსებას აგრძელებს

ოკუპირებული რეგიონების 2024 წლის „ბიუჯეტში“ რუსეთის დაფინანსება კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება. ამ მხრივ ცხინვალის რეგიონში ვითარება უცვლელია. აფხაზეთისგან განსხვავებით, რომლის „ბიუჯეტის“ ნაწილი საკუთარი შემოსავლებით ივსება, ცხინვალის რეგიონი დაფინანსების კუთხით, სრულად რუსეთზე დამოკიდებული რჩება. დეკემბერში დაამტკიცეს ცხინვალის რეგიონის 2024 წლის „ბიუჯეტი“, რომელიც 8 მლრდ 836 რუბლი იქნება, მათ შორის 7 მლრდ 35 მლნ რუსეთის ფინანსური დახმარება იქნება, საიდანაც 5 მლრდ 942 ათასი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის, 1 მლრდ 93 მლნ კი, საბიუჯეტო ინვესტიციის სახით გამოიყოფა.

2024 წლის „ბიუჯეტი“ მიიღეს აფხაზეთშიც. „რესპუბლიკური ბიუჯეტის“ ძირითადი პარამეტრებით 2024 წელს „ბიუჯეტში“ შემოსავლები 12 მლრდ 100 მლნ რუბლამდე იქნება. მათ შორის რუსეთის ფინანსური დახმარება იქნება: სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებით - 3 მლრდ 900 მლნ რუბლი, 2023-2025 წლების აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის განხორციელების ფარგლებში საბიუჯეტო ინვესტიციების მიზნით - 1 მლრდ 93 მლნ რუბლი, 2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებისთვის - 162 მლნ რუბლი.

აფხაზეთი

„ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი“ რუსეთს გადაეცა

27 დეკემბერს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე დილით, მოულოდნელად, შეიკრიბა და „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკისა“ და მიმდებარე ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას დაუჭირა მხარი. სესია 28 დეკემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებამ ოპოზიციური განწყობების გასანეიტრალებლად ვადაზე ადრე დანიშნა სესია. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების მოწინააღმდეგეები ღამის პერიოდში უკვე „პარლამენტის“ შენობასთან შეიკრიბნენ, დე ფაქტო ხელისუფლებამ თადარიგი დაიჭირა და ძალოვანების მობილიზება გამოაცხადა.

„ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთისთვის გადაცემის მოწინააღმდეგეები ე.წ. პარლამენტის შენობასთან

„პარლამენტის“ გადაწყვეტილება 27 დეკემბერს, უკვე დღისით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამაც დაადასტურა. მან ხელი მოაწერა კანონს „აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ობიექტის რუსეთის ფედერაციისთვის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ შეთანხმების (შეთანხმებას ხელი მოეწერა 2022 წლის 19 იანვარს მოსკოვში) რატიფიკაციის შესახებ.“

ერთგვარი კომპრომისი იყო ბჟანიას მხრიდან დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომლის მიხედვითაც იკრძალება მესამე პირებისთვის ობიექტების, მიწის ნაკვეთებისა და ზღვის აკვატორიის ნაწილის გადაცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება შეთანხმების რატიფიკაციის დენონსაცია და ობიექტი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას დაუბრუნდება.

შეთანხმების ძალით რუსეთის საკუთრებაში გადადის მხოლოდ შენობები, რომლის შენახვასა და რემონტს განახორციელებს რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახური, ტერიტორია კი რუსეთს 49 წლიანი არენდით გადაეცემა.

აგარაკის გადაცემასთან დაკავშირებით გამოთქმული პროტესტი მწვავედ შეაფასეს რუსეთში. რუსეთის დუმის დეპუტატმა, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა, რომ „ეს არის სამარცხვინო, რომ გარკვეული ოპოზიცია აფხაზეთში ცდილობს კონკრეტულად ეს საბაბი გამოიყენოს, რომ ხელისუფლებასთნ ანგარიშები გაასწოროს“. შეფასება გააკეთეს რუსეთის ფედერაციის საბჭოშიც, სადაც საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინმა არეულობა გარედან მართულად შეაფასა.

„ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირებას ბოლო ორი წელია აქტიურად ცდილობს დე ფაქტო ხელისუფლება, მაგრამ შიდა წინააღმდეგობის გამო საკითხის მიღება აქამდე ვერ ხერხდებოდა. დე ფაქტო ხელისუფლება მოწინააღმდეგეებს ანტირუსული სენტიმენტების გაღვივებასა და უცხოეთიდან დაფინანსებაში ადანაშაულებს, თავის მხრივ, დე ფაქტო ხელისუფლებას „სუვერენიტეტის“ დაკარგვასა და „აფხაზური მიწების“ გაყიდვაში ადანაშაულებენ.

საიდუმლო მოლაპარაკებები ზუგდიდში

დე ფაქტო ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე ფაქტო ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი ენერგოსაკითხებზე სასაუბროდ ზუგდიდში იმყოფებოდა. ინფორმაცია 22 დეკემბერს ზუგდიდში ვიზიტის შესახებ ოზგანმა რამდენიმე დღეში დაადასტურა. ოზგანის განცხადებით, შეხვედრა ენგურჰესის კაშხალზე შედგა. შეხვედრაზე 2024 წლის იანვარ-მარტის პერიოდში ელექტროენერგიის გამომუშავების მოცულობა და ენგურჰესის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ოზგანის ზუგდიდში ვიზიტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძესთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით ქართულ მედიაშიც გავრცელდა.

ოზგანის „საიდუმლო“ ვიზიტის აუცილობლობა აფხაზეთში შექმნილი ენერგოკრიზისით შეიძლება ავხსნათ. ბოლო წლებში აფხაზეთში ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნილების, მათ შორის „მაინინგის“ გამო, შედეგად დე ფაქტო ხელისუფლებას კრიზისის დაძლევის გზების ძიება სჭირდება. კრიზისის დაძლევის ერთ-ერთ  გზად ქართულ მხარესთან თანამშრომლობაც კი მიიჩნევა.  

იერიში USAID-ის წინააღმდეგ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განსაკუთრებული სამიზნე USAID გახდა, რომელიც ჰუმანიტარული პროექტების ფარგლებში ფარული მიზნების განხორციელებაში დაადანაშაულა. არძინბამ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან აფხაზეთის შიდა საქმეებში ჩარევის ყველა მცდელობას უპერსპექტივო უწოდა. ამჯერად დღის წესრიგში USAID აღმოჩნდა, რომელიც არძინბას შეფასებით, საკუთარი მიზნების მიღწევას ცდილობს. მისი თქმით, „USAID-ის პირველი ამოცანაა საქართველოს ე.წ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ე.წ. რეინტეგრაციის გზით. რა თქმა უნდა, ეს ამოცანა აბსოლუტურად მიუღებელია და მის განხორციელებას ჩვენ ვერ დავუშვებთ. მეორე ამოცანაა კრემლის ე.წ. დამღუპველი გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა“. არძინბას განცხადებით, ეს მიზნები USAID-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა მითითებული და ამიტომაც აფხაზეთში ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტები აიკრძალა.

7 დეკემბერს არძინბამ USAID-ის წინააღმდეგ ახალი გადაწყვეტილებების შესახებ განაცხადა:

  1. USAID-ის რეგიონული წარმომადგენლობის უფროსი ჯონ პენელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა;
  2. ახალი პროექტები USAID-ის მიერ სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით ვეღარ გაივლიან დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში სერტიფიცირებას;
  3. იკრძალება პროექტები, რომლის მიზანია კონტაქტების დამყარება აფხაზეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის.
  4. „სამინისტრო“ არ მიიღებს იმ პროექტებს, რომლებიც შეიცავს ბუნდოვან და არასწორ ინფორმაციას და არ ასახავს პროექტის მიზნებსა და ამოცანებს.
  5. იკრძალება იმ მედია პროექტების დაფინანსება, რომლის მიზანია აფხაზეთის საგარეო და შიდა პოლიტიკის საკითხების გაშუქება.
  6. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა და გაეროს სააგენტოებმა უნდა შეათანხმონ „სამინისტროსთან“ აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივების დაფინანსება, ასევე ყველა ის ღონისძიება, რომელიც შეთანხმებული პროექტების ფარგლებში ხორციელდება.

ოკუპირებულ აფხაზეთში არძინბა დასავლური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდშია. ბოლო ორი წლის განმავლობაში იგი რუსეთში არსებული „უცხოეთის აგენტების“ შესახებ ანალოგიური კანონის მიღებას ლობირებს აფხაზეთშიც, მაგრამ უშედეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე იგი ღიად ემუქრებოდა უცხოურ ორგანიზაციებს და მათ საქმიანობას გარკვეული პრობლემები შეუქმნა, USAID-ის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი პირველი ყველაზე ხმაურიანი გადაწყვეტილებაა.

საგარეო აქტივობა

დეკემბერში არძინბა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში იმყოფებოდა. ტურნეს ფარგლებში მან შეხვედრები გამართა სირიაში, ლიბანსა და თურქეთში. ამ მხრივ მაღალი დონის შეხვედრები მას მხოლოდ სირიაში ჰქონდა, სადაც იგი სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმაც მიიღო. ლიბანში არძინბა მხოლოდ რუსეთის ელჩს და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდა, თურქეთში კი - დიასპორის. ოკუპირებული აფხაზეთისთვის ახლო აღმოსავლეთი განსაკუთრებული სამიზნეა, რადგან სოხუმში ფიქრობენ, რომ  რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებას, შესაძლოა მათი მხრიდან საერთაშორისო აღიარებაც მოჰყვეს. ამ საქმეში, სოხუმს მოსკოვის იმედი აქვს, რომელიც აღიარების საკითხს ლობირებს.

ინალ არძინბას შეხვედრა ბაშარ ალ-ასადთან

15 დეკემბერს გერმანიაში აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ე.წ. წარმომადგენელმა ხიბლა ამიჩბამ მონაწილეობა მიიღო ევრაზიული საზოგადოების საშობაო საღამოში, რომელიც ყოველწლიურად იმართება ბერლინში. საზოგადოების ხელმძღვანელი ალექსანდრ რარი პრორუსულად განწყობილი ჟურნალისტი და პოლიტოლოგია. ორგანიზაციისა და რარის თაოსნობით გერმანიაში ხშირად იმართება ღონისძიებები, რომლებიც რუსეთის საგარეოპოლიტიკურ ინტერესებს პასუხობს.

ეთნიკურობისა და ისტორიული გვარების აღდგენა

7 დეკემბერს დე ფაქტო პარლამენტმა შესწორება მიიღო „სამოქალაქო მდგომარეობის აქტების შესახებ კანონში“. ახალი „კანონით“ შეზღუდვა მოიხსნება მათთვის, ვისაც აფხაზური ეროვნული იდენტობისა და გვარის აღდგენა სურთ. საქმე ეხება აფხაზეთის „მოქალაქეობის“ არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ აფხაზეთის ტერიტორიაზე, არიან აფხაზები (აბაზები), რომლებიც პირდაპირი შთაომავლები არიან იმ პირებისა, რომლებმაც XIX-XX საუკუნეების ისტორიული მოვლენების შედეგად აფხაზური ეთნიკური კუთვნილება (აბაზა) დაკარგეს. აფხაზური გვარის აღდგენა შეეძლებათ არა მხოლოდ ეთნიკურ აფხაზებს, არამედ უცხოეთის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს.

„კანონის“ მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ ახალი ნორმა გალის რაიონის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას აფხაზეთის „მოქალაქეობის“ მიღების შესაძლებლობას მისცემს, რაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. არის მოსაზრება, რომ მსგავსი ნაბიჯი „ხელისუფლებამ“ „არჩევნებში“ მხარდამჭერების რაოდენობის გაზრდის მიზნით გააკეთა. „კანონის“ მომხრეების აზრით კი, ეს ხელს შეუწყობს აფხაზური „წარმოშობის“ გალის მოსახლეობის აფხაზურ საზოგადოებაში „ინტეგრაციას“.

ცხინვალის რეგიონი

გაგლოევის პრესკონფერენცია

28 დეკემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა 2023 წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია ჩაატარა. გაგლოევმა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, რეფერენდუმის საკითხი არცერთი სახით არ იყო შეთანხმებული რუს კოლეგებთან. მისი თქმით, არავინ იძახის, რომ  „დავივიწყოთ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა, თუმცა ამისთვის ჯერ მზად არ ვართ.“

გაგლოევის „ვიზიტი“ უკრაინაში

დეკემბერში გაგლოევმა უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები მოინახულა, სადაც ცხინვალის რეგიონიდან მებრძოლებს შეხვდა. მან საჩუქრად ავტომობილები ჩაიტანა: 6 „ნივა“ და 1 „უაზი“. გაგლოევმა ასევე მოინახულა სიმფეროპოლის სამხედრო ჰოსპიტალი, სადაც მკურნალობენ ის დაჭრილი მებრძოლები, რომლებიც რეგიონიდან არიან. უკრაინაში რუსეთის სამხედრო კამპანიაში მონაწილეობს გაგლოევის წინამორბედი, ანატოლი ბიბილოვი, რომელიც აქტიურად აშუქებს თავის „საბრძოლო“ საქმიანობას. ბიბილოვი, რომელიც 2022 წელს გაგლოევთან „საპრეზიდენტო არჩევნებში“ დამარცხდა, 2024 წლის „საპარლამენტო არჩევნებში“ რევანშისთვის ემზადება და დონბასში „მოღვაწეობას“ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად განიხილავს. გაგლოევის უკრაინის ტერიტორიაზე ვიზიტიც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. იგი მსგავსი ქმედებებით ცდილობს ბიბილოვს „კონკურენცია“ გაუწიოს და კრემლის წინაშეც პოზიტიურად წარმოაჩინოს თავი.

ალან გაგლოევი სიმფეროპოლის საავადმყოფოში

ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია რეგიონში

ცხინვალის რეგიონში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი კიდევ ერთი წლით გააგრძელებს საქმიანობას. კომიტეტი რეგიონში ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 2008 წლიდან ჰუმანიტარულ სფეროში მუშაობს და დე ფაქტო ხელისუფლება, როგორც წესი, აძლევს მუშაობის უფლებას. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა რეგიონში საქმიანობა შეწყვიტეს.

საგარეო აქტივობა

15 დეკემბერს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ახსარ ჯიოევი რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს სახელმწიფო მდივანს, დმიტრი მეზენცევს მოსკოვში შეხვდა. სამოკავშირეო სახელმწიფოსთან ურთიერთობის განვითარება ოკუპირებული რეგიონების საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი სამიზნეა. მიუხედავად იმისა, რომ, ბელარუსის მხრიდან ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე, კავშირში გაწევრიანება შეუძლებელია, ბოლო პერიოდში აშკარად იმატა სამოკავშირეო სახელმწიფოსთან ურთიერთობის ფაქტებმა.

ახსარ ჯიოევის შეხვედრა დმიტრი მეზენცევთან

ჯაბიევის საქმე

ცხინვალის ე.წ. სასამართლოში განახლდა ინალ ჯაბიევის გარდაცვალების საქმეზე სხდომები. ცნობილი გახდა საბრალდებულო დასკვნა „სისხლის სამართლის საქმის“ რამდენიმე მონაწილის წინააღმდეგ. ბრალდებულებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას ედავებიან. სულ 8 ბრალდებულია, მათ შორის 5 საპატიმროშია.

ჯაბიევის საქმე პოლიტიკური თემაა, რადგან სწორედ ამ საქმის გამოუძიებლობამ შეუწყო ხელი ბიბილოვის მარცხს 2022 წლის „საპრეზიდენტო არჩევნებში“. გაგლოევის „პრეზიდენტობის“ პირობებშიც საქმე ნელა მიიწევს წინ. 2020 წლის აგვისტოში ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მიერ ჯაბიევის მკვლელობამ ცხინვალის რეგიონში დიდი რეზონანსი გამოიწვია. საქმე დღემდე ბოლომდე არ არის მიყვანილი, რაც მოქმედ დე ფაქტო ხელისუფლებასაც მძიმე პოლიტიკურ ტვირთად აწევს.