ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა

2024 / 01 / 04

გამოცემა: №32 / მიმოხილვის პერიოდი: 1 - 31 დეკემბერი, 2023 / ავტორი: არსენ არაქელოვი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები

„როსტენფტი“ - ნავთობპროდუქტის ექსკლუზიური მომწოდებელი

დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრის, კრისტინა ოზგანის განცხადებით, რუსეთის მთავრობის 2023 წლის 16 დეკემბრის დადგენილებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ნავთობპროდუქტის ექსპორტის უფლება ექსკლუზიურად მხოლოდ „როსნეფტ“-სა და მის შვილობილ კომპანიებს შეეძლებათ.

ოზგანის თქმით, აფხაზეთში საწვავის არაერთი მომწოდებელია, რომლებმაც კონტრაქტი სხვადასხვა კომპანიებთან გააფორმეს, ამ დადგენილების თანახმად კი, მათ დროებით შეეზღუდებათ ამის უფლება. დე ფაქტო მინისტრის თქმით, ამ საკითხის დასარეგულირებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთის შესაბამის უწყებებთან. ოზგანს სურს, რომ ამ დადგენილების პარალელურად აფხაზეთს მიეწოდოს საწვავი იმ კომპანიებისგან, რომლებთანაც უკვე გაფორმდა კონტრაქტი საწვავის სხვადასხვა ოდენობის ექსპორტთან დაკავშირებით, რათა არ წარმოიშვას კრიზისი და არ იზარალონ სხვა მომწოდებლებმაც.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილების შედეგად, ოკუპირებულ აფხაზეთში ზოგიერთმა კომპანიამ საწვავის გაყიდვა შეწყვიტა. მაგალითად, ბენზინგასამართი სადგურების ქსელურმა კომპანიამ - „АЗиД“ განაცხადა, რომ მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით, დე ფაქტო რესპუბლიკაში საწვავის შეზღუდული ოდენობის მიწოდების გამო, ზოგიერთი ნავთობპროდუქტის გაყიდვა დროებით შეიზღუდა. საწვავის შეძენა ქსელში შეუძლიათ მხოლოდ იურიდიულ პირებს, რომლებმაც კომპანიასთან კონტრაქტი რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებამდე გააფორმეს. კომპანიაში განაცხადეს, რომ ეს შეზღუდვა იმოქმედებს პრობლემის გადაწყვეტამდე.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ვიპოვით გარკვეულ გადაწყვეტილებას“ - შეაფასა ეს მოვლენა ოზგანმა. რუსეთის მთავრობის დადგენილება გავრცელდა ცხინვალის რეგიონზეც.

კიდევ ერთი „ლასტოჩკა“

„აფხაზეთის რკინიგზის“ განცხადებით, 2024 წლის ზაფხულში ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ ერთი ელექტრომატარებელი - „ლასტოჩკა“ დაიწყებს ფუნქციონირებას. „ლასტოჩკა“ სოჭი-გაგრას მიმართულებით 2023 წლის 8 ივნისიდან ფუნქციონირებს და ამ პერიოდში სოჭიდან გაგრაში 48 309 ადამიანი ჩაიყვანა. „აფხაზეთის რკინიგზაში“ კიდევ ერთი ელექტრომატარებლის რეისების დამატებას მაღალი მოთხოვნით ხსნიან.

რკინიგზის შემოსავლები

2023 წლის 11 თვეში აფხაზეთში რკინიგზით 12 526 სატვირთო ვაგონი გადაზიდეს, ჯამში 839 239 ტონა ტვირთი. ყველაზე ბევრი ტვირთი თებერვალში გადაიზიდა - 1 641 ვაგონი. 2022 წლის ამავე პერიოდში 10 680 ვაგონი (712 817 ტონა ტვირთი) გადაზიდეს. რკინგიზის დატვირთვის ზრდა რუსეთის მხრიდან ეკონომიკური აქტივობის ზრდას უკავშირდება, რომელიც სანქციების პირობებში ალტერნატიული ეკონომიკური მიმართულებების განვითარებას ცდილობს.

ტურიზმის შედეგები

2023 წელს აფხაზეთი 1 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა მოინახულა. ტურიზმის სფეროში გადახდილმა გადასახადებმა კი 743 მლნ რუბლამდე შეადგინა. აფხაზეთის ორ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილს: რიწის პარკს 572 737 ადამიანი ეწვია, ახალი ათონის მღვიმეს - 385 000.

წინა წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობის კლებაა. აფხაზეთში ტურიზმი მთლიანად რუს ტურისტებზეა დამოკიდებული. საინტერესოა, რომ წლიური შეჯამების ღონისძიებას ბელარუსის ტურიზმის ინდუსტრიის კავშირის თავმჯდომარე ფილიპ გულიც ესწრებოდა, რომელმაც ბოლო პერიოდში აფხაზეთში ბელარუსი ტურისტების რაოდენობის ზრდის ტემპები აღნიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მინსკი არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ბელარუსსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ბოლო წლის განმავლობაში შესამჩნევად გაიზარდა კავშირები.

ციტრუსის სეზონი

ოქტომბრიდან დღემდე აფხაზეთიდან რუსეთში 20 ათასი ტონა მანდარინი გავიდა. დეკემბრის ბოლო დღეებში აფხაზეთიდან რუსეთში ყოველდღიურად 700 ტონა ციტრუსის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა.

შეხვედრა კრასნოდარის მხარის დელეგაციასთან

12 დეკემბერს ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, თამილა მერცხულავა კრასნოდარის მხარის დელეგაციას შეხვდა. რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ანატოლი როტარენკო, რომელიც „ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის კოორდინაციის ცენტრის“ ხელმძღვანელია. დელეგაციის ვიზიტის მიზანი კრასნოდარის მხარის დე ფაქტო რესპუბლიკასთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარება იყო. როტარენკომ წარუდგინა მერცხულავას ის სერვისები და პროდუქტები, რომლის შეთავაზებაც შეუძლია კრასნოდარის მხარეს აფხაზეთისთვის.

თამილა მერცხულავას შეხვედრა კრასნოდარის მხარის დელეგაციასთან

რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები

„ქვემო ზარამაგი“ - მდგომარეობა „საზღვარზე“

23 ნოემბერს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ალან გაგლოევი რეგიონში რუსეთის „საელჩოს“ მრჩეველს, ალექსანდრე ჟუროვსა და რეგიონში რუსეთის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელს, ალექსეი პოპოვს შეხვდა. შეხვედრაზე გაგლოევმა განაცხადა, რომ ადგილობრივი მწარმოებლები შეშინებულები არიან იმ ფაქტით, რომ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე - „ქვემო ზარამაგი“, რომლითაც უკავშირდება რეგიონი რუსეთს, რუსმა მესაზღვრეებმა რამდენჯერმე შეაჩერეს საქონლით დატვირთული სატვირთო მანქანები და არ შემოუშვეს დე ფაქტო რესპუბლიკაში. მაშინ პოპოვი დაპირდა გაგლოევს, რომ გადასცემდა აღნიშნულ პრობლემას რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელებს.

9 დეკემბერს რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, რუსლან დავიდოვმა განაცხადა, რომ „ქვემო ზარამაგი“ სტაბილურად ფუნქციონირებს. მისი თქმით, კარგი ამინდის შემთხვევაში, დღეში პუნქტს კვეთს დაახლოებით 70 სატვირთო და 1000-1100 მსუბუქი ავტომობილი.

28 დეკემბერს გაგლოევმა წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა, რა დროსაც კვლავ ისაუბრა „საზღვარზე“ არსებულ პრობლემებზე. მისი თქმით, რუსეთის საბაჟო სამსახურმა ტვირთების უფრო მკაცრი კონტროლი დაიწყო. „არავისთვისაა საიდუმლო. რომ ზოგიერთი მეწარმე გადასახადებისაგან თავის არიდებისათვის ცდილობს საბაჟოზე გასატარებელი საქონელის საფასურის შემცირებას ან არ აწვდის მებაჟეებს საკმარისს ინფორმაციას“ - განაცხადა გაგლოევმა და ამით ახსნა შესაძლო შეფერხებები ე.წ. საზღვარზე, რა დროსაც რუსი მებაჟეები უფრო მკაცრად და დეტალურად ამოწმებენ ოკუპირებულ რეგიონში გადასატან საქონელს.

საინვესტიციო პროგრამა

რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, რუსეთს შემუშავებული აქვს „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამა“. რეგიონში ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები 2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში.

დე ფაქტო მშენებლობის მინისტრმა, კონსტანტინე ელძაროვმა შეაფასა განვლილი წელი და განაცხადა, რომ 2023 წელზე გათვლილი სამუშაოების 95% შესრულებულია. მისი თქმით, რეგიონში პროგრამის ფარგლებში წელს 20 ახალ ობიექტზე მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები. ის სამუშაოები კი, რომლებიც ვერ შესრულდა, ელძაროვის თქმით, ობიექტურ მიზეზებთან არის დაკავშირებული.

საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობას თავის წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ალან გაგლოევიც გამოეხმაურა. გაგლოევმა ასევე განაცხადა, რომ საინვესტიციო პროგრამისა და რუსეთის ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მეშვეობით, დაწყებულია საკონსერვო ქარხნის მშენებლობაც, რომელშიც წარმოებული იქნება ადგილობრივი ნედლეულისგან დამზადებული სხვადასხვა პროდუქტი.

„საინვესტიციო პროგრამის“ მიმდინარეობა 19 დეკემბერს დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა, ელენა ჯიოევამ რუსეთის დუმის დეპუტატთან, ანდრეი მაკაროვთან განიხილა. ჯიოევამ განუცხადა მაკაროვს, რომ ოკუპირებულ რეგიონს ესაჭიროება სტაბილური დაფინანსება განვითარებისთვის. ჯიოევას თქმით, მაკაროვმა ის დაარწმუნა, რომ მომდევნო წლის განმავლობაში ეს პრობლემები მოგვარდება.

ელენა ჯიოევასა და ანდრეი მაკაროვის შეხვედრა

საექსპორტო საბაჟო გადასახადი გაუქმდა

ალან გაგლოევმა თავის წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებული რეგიონისთვის გააუქმებს საწვავ-საპოხ მასალაზე არსებულ საექსპორტო საბაჟო გადასახადს. ეს გადასახადი, გაგლოევის თქმით, იმ მიზეზებს შორისაც იყო, რის გამოც საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების ნაწილი ბოლომდე ვერ შესრულდა.

საქმე ისაა, რომ რუსეთის მთავრობამ 2023 წლის 21 სექტემბრიდან საწვავის ექსპორტი შეზღუდა, 1 ოქტომბრიდან კი იმ ქვეყნებს, დე ფაქტო რესპუბლიკების ჩათვლით, რომლებშიც საწვავი რუსეთიდან მაინც ექსპორტირდება დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოუწევდათ დამატებითი გადასახადის გადახდა.

ამის შემდგომ, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო მთავრობები თვეების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ მათ ეს გადასახადი არ შეეხებოდათ, თუმცა რუსეთის მთავრობის ოფიციალური გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით არ ვრცელდებოდა.

გაგლოევის თქმით, იგი ტელეფონით დაუკავშირდა ალექსანდრ ნოვაკს,  რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილესა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორს. მათი სატელეფონო საუბრისას კი გაირკვა, რომ რუსეთის მთავრობა დადგენილებას ორ დღეში მოაწერდა ხელს. 30 დეკემბერს კი მოსკოვში მართლაც მოეწერა ხელი გადასახადის გაუქმების პროტოკოლს.

პროტოკოლს ხელი მოაწერა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი ვოლვაჩმა და რეგიონის დე ფაქტო ეკონომიკური განვითარების ახლადდანიშნულმა მინისტრმა, სარმატ კოტაევმა. პროტოკოლი ძალაში შევა 2024 წლის 9 იანვრიდან.

რუსეთიდან აფხაზეთში პროპანის ექსპორტზე საექსპორტო საბაჟო გადასახადი 25 ოქტომბერს გაუქმდა, რა დროსაც აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის საბჭომ მიიღო.

საწვავი კვლავ გაიაფდა

რეგიონში საწვავი 3 რუბლით გაიაფდა და „АИ-92“-ის ერთი ლიტრის საფასური 54 რუბლი იქნება. აღსანიშნავია, რომ ავტომობილების მფლობელებს საწვავის ამ ფასად შეძენა მხოლოდ ერთ ბენზინგასამართ სადგურში - „Югосетнефтепродукт“ შეეძლებათ. ამ კომპანიაში „АИ-92“-ზე ფასმა ოქტომბერშიც დაიკლო და მისმა ღირებულებამ მაშინ 57 რუბლი შეადგინა. კომპანიაში განაცხადეს, რომ ფასის კლება გამოწვეულია რუსეთში საწვავზე ფასის კლებით.