ყოველთვიური მიმოხილვა

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები: ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების მიმოხილვა

2024 / 03 / 06

გამოცემა: N17 / მიმოხილვის პერიოდი: 1-29 თებერვალი, 2024

მიმოხილვა მზადდება  პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზა-ციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

აფხაზეთი

ასლან ბჟანიას ვიზიტი მოსკოვში და შეხვედრა კურატორებთან

8 თებერვალს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მოსკოვში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკს, ეკონომიკური განვითარების მინისტრს, მაქსიმ რეშეტნიკოვს, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, ალექსანდრ ნოვაკსა და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს. აღნიშნული პირები რუსეთის ხელისუფლებაში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორები არიან. გარდა ამისა, ბჟანია შეხვდა ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელს, დანიილ ეგოროვს და რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ელა პამფილოვას. შეხვედრების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.  

პამფილოვასთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების კონტექსტში. არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდება. აფხაზეთში დაბრუნებისთანავე ბჟანიამ ამ საკითხზე გაფართოებული სხდომა ჩაატარა. აფხაზეთში 30 საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის 1 - გალის რაიონში. ბჟანიამ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრ ანქვაბს არჩევნებში „სახელმწიფო მოხელეებისა“ და „საბიუჯეტო ორგანიზაციის“ თანამშრომლების, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, მონაწილეობის მაქსიმალურად უზრუნველყოფა დაავალა. მსგავსი გადაწყვეტილება განპირობებულია ბჟანიას სურვილით აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მაღალი მხარდაჭერა უზრუნველყოს.

საგარეო-პოლიტიკური აქტივობა

  • 20 თებერვალს  ანქვაბმა ჩრდილოეთ კორეიდან საერთაშორისო ვაჭრობის კორპორაციის - „მანგენბონ“ გენდირექტორს იუნ გუკ ნამს უმასპინძლა. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გარდა სოხუმსა და ფხენიანში სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნის შესაძლებლობის საკითხი განიხილეს. ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის ვიზიტი საყურადღებოა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე. ჩრდილოეთ კორეა რუსეთს სამხედრო აღჭურვილობით ეხმარება და სოხუმში მსგავსი ვიზიტიც ფხენიანსა და მოსკოვს შორის დაახლოების კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

ალექსანდრ ანქვაბის შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის დელეგაციასთან

  • 2 თებერვალს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ ვენესუელასა და ნიკარაგუაში აფხაზეთის ელჩებთან ონლაინთათბირი ჩაატარა. არძინბამ ელჩებს საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთის იზოლაციის დაძლევის გზებზე ესაუბრა.

ონლაინ თათბირი

  • 1 თებერვალს სირიაში აფხაზეთის ახალმა ელჩმა მუხამად ალიმ რწმუნების სიგელი გადასცა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფეისალ ალ-მიკდადის.

რწმუნებათა სიგელის გადაცემა

  • 2 თებერვალს არძინბამ ონლაინ შეხვედრა გამართა BRICS-ის ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელთან, ვიქტორია პანოვასთან. შეხვედრაზე BRICS-ის სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებში აფხაზეთის შესაძლო მონაწილეობის საკითხი განიხილეს. 2024 წელს BRICS-ის თავმჯდომარე რუსეთია და სახელმწიფო მეთაურთა სამიტი ყაზანში უნდა ჩატარდეს.
  • 14 თებერვალს არძინბა მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, BRICS-ის ჯგუფში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელს სერგეი რიაბკოვს შეხვდა. ბოლო პერიოდში დე ფაქტო ხელისუფლება BRICS-ის მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურობს და ცდილობს BRICS-ის წევრ ქვეყნებთან კავშირები დაამყაროს.

ინალ არძინბას შეხვედრა სერგეი რიაბკოვთან

  • ბჟანიამ ТАСС-თან ინტერვიუში რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანების საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, „აფხაზეთი დაინტერესებულია რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანებით, საკუთარი დამოუკიდებლობის შენარჩუნების პირობით, თუმცა მუშაობამ ამ მხრივ შესაძლოა 10 წელიწადამდე გასტანოს“. ეს პროცესი ბჟანიამ რუსეთის მხრიდან აფხაზეთის აღიარებას შეადარა, რასაც, მისი თქმით, წლები დასჭირდა. ბოლო პერიოდში სოხუმის მინსკთან ურთიერთობები გააქტიურდა, გახშირდა ორმხრივ დონეზე შეხვედრებიც.

განახლებული იერიში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ

7 თებერვალს ბჟანიამ დე ფაქტო პარლამენტს განსახილველად გაუგზავნაკანონპროექტი“ „არაკომერციული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების, რომლებიც უცხოეთის აგენტის ფუნქციას ასრულებენ, შესახებ“. „უცხოეთის აგენტის“ ფუნქციის შემსრულებლად შეიძლება გამოცხადდენ ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის არაკომერციული ორგანიზაციები, თუკი ისინი ფულად სახსრებს და/ან საკუთრებას იღებენ უცხოური წყაროებიდან, და მონაწილეობენ პოლიტიკურ საქმიანობაში, მათ შორის უცხოური წყაროს ინტერესებისთვის. იგივე ვრცელდება ფიზიკურ პირებზეც. უცხოურ წყაროდ ითვლება: უცხო სახელმწიფო, უცხოეთის სახელმწიფოს სახელმწიფო ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საერთაშორისო და უცხოური ორგანიზაციები და მათი სტრუქტურული დანაყოფები, უცხოეთის მოქალაქეები და სხვ. „კანონპროექტის“ მიხედვით უნდა შეიქმნას ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების უცხოეთის აგენტების რეესტრი, რომელსაც დე ფაქტო იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს.

საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩევა. აღნიშნული ინიციატივის მოწინააღმდეგეები „კანონპროექტის“ მიღებას საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაზე ზეწოლისა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორზე კონტროლის დამყარების მცდელობის კონტექსტში განიხილავენ. „კანონპროექტის“ მიღებას ბოლო ორი წელია ცდილობენ, მაგრამ უშედეგოდ. ამ მხრივ, ბოლო თვეებში განსაკუთრებით შეიმჩნევა დე ფაქტო ხელისუფლების აქტიურობა, რომელსაც, როგორც ჩანს, შიდა წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთის მხრიდან გაზრდილი ზეწოლის პირობებში, „კანონპროექტის“ მიღება აქვს გადაწყვეტილი.

20 თებერვალს ბჟანიამ საკითხი „საზოგადოებრივი პალატის“ წევრებთანაც განიხილა. დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან კითხვებს პასუხობდნენ დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა, დე ფაქტო იუსტიციის მინისტრი ანრი ბარციცი, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა და დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი თემურ ახიბა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. შეხვედრაზე არც არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ მიწვეულნი.

„კანონპროექტის“ მთავარი და ყველაზე აქტიური ლობისტი არძინბაა, რომელიც მუდმივად ესხმის თავს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს. მაგ. 29 თებერვალს არძინბამ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მენეჯერი, ვარდონ ხოჯა შეხვედრაზე დაიბარა. არძინბა ხოჯას ესაუბრა USAID-ის ვებგვერდზე UNDP-ის დაფინანსების მიზნებისა და ამოცანების შესახებ არსებული ინფორმაციის თაობაზე, სადაც ნახსენებია აფხაზეთის დეოკუპაციისა და კრემლის დამღუპველი გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები. არძინბას განცხადებით, მსგავსი სახის ინფორმაცია UNDP-ის რეპუტაციას ზიანს აყენებს და ეწინააღმდეგება გაეროს წესდების მიზნებს. მისი თქმით, აფხაზეთში UNDP-ის პროექტების მთლიანი ღირებულება 20 მლნ აშშ დოლარია. არძინბამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აფხაზური საინფორმაციო რესურსების დაფინანსებაზე, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივ აზრზე მადესტაბილიზებელი გავლენის მოხდენას. არძინბამ UNDP-ის წარმომადგენლებს 7 მარტამდე მოსთხოვა USAID-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის UNDP-ის ვებგვერდზე უარყოფა, ასევე, UNDP-ის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო რესურსების სიის გამოქვეყნება.

დე ფაქტო ხელისუფლებისა და განსაკუთრებით არძინბას მცდელობას, დროულად მიიღონ „კანონპროექტი“, არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს. მაგ. თებერვალში „საკონსტიტუციო რეფორმის კომისიის“ (2020-2021) ათმა წევრმა „კანონპროექტის“ გაწვევა მოითხოვა. მათი აზრით, „კანონპროექტი“ აფხაზური საზოგადოებისთვის დამღუპველია, „არღვევს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელიც აფხაზეთის კონსტიტუციით არის გარანტირებული, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას“.

მიმართვა რუსეთის საგარეო უწყებას

ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და მოქალაქეებს რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. საზღვარზე რამდენიმე საათით აფერხებენ და ზოგჯერ მათი სამოქალაქო პოზიციითაც ინტერესდებიან. გავრცელებული მოსაზრებით, რუსი მესაზღვრეები მსგავს დროებით დაკავებებს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მიწოდებული სიების საფუძველზე ახორციელებენ, რომლის მიზანიც დე ფაქტო ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ პირებზე ზეწოლაა.

საკითხი ისე გამწვავდა, რომ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო უწყებას თხოვნით მიმართა ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ ინციდენტებს, რომლებიც აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ადლერზე“ ფიქსირდება. დე ფაქტო სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ცდილობენ აღნიშნულ ინციდენტებს ნეგატიური ინტერპრეტაცია გაუკეთონ, რასთანაც მათ არანაირი კავშირი არ აქვთ.   არძინბას უწყების მსგავსი მიმართვა უფრო იძულებით ნაბიჯს ჰგავს, რომელიც საზოგადოებაში არსებულ ნეგატიურ განწყობებზე მოჩვენებითი რეაგირების დემონსტრირება უფროა, რადგან აფხაზეთში ეჭვობენ, რომ მსგავსი შეფერხებების უკან დე ფაქტო ხელისუფლება დგას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება და სოხუმის რეაგირება

16 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ ტელეგრამ-არხზე უკმაყოფილება გამოხატა ედგარ აბუხბას საპატიმროდან განთავისუფლების გამო. აბუხბამ 2019 წელს მძიმე დანაშაული ჩაიდინა რუსი ტურისტის წინააღმდეგ. 2021 წელს იგი გაასამართლეს რუსეთის მოქალაქის გაუპატიურების, ძარცვისა და ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენების ბრალდებით და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იგი აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მიერ სასჯელის შემსუბუქების შემდეგ გაანთავისუფლეს. რუსეთის საგარეო უწყებამ აღნიშნული შემთხვევა შეაფასა, როგორც „აფხაზური მართლმსაჯულების მხრიდან შემწყნარებლობის გამოვლინება იმ დანაშაულების მიმართ, რომლებიც უსაფრთხოების რისკებს უქმნის უცხოელი სტუმრების დიდ რაოდენობას, რომლებიც ყოველწლიურად ისვენებენ აფხაზურ კურორტებზე“. 18 თებერვალს აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ სასჯელის შემსუბუქების მიზეზი განმარტა, რაც აბუხბას მიერ დანაშაულის არასრულწლოვან ასაკში ჩადენას უკავშირდება.

რატომ არ მოაწერეს ხელი „როსგვარდიასთან“ შეთანხმებას?

თებერვალში დე ფაქტო შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის „როსგვარდიასთან“ (რუსეთის შინაგანი ჯარი, რომელიც დამოუკიდებელი უწყებაა და განცალკევებულია რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან. ემორჩილება რუსეთის პრეზიდენტს) უწყებათაშორისი თანამშრომლობის შეთანხმების პროექტის მომზადების შესახებ. გავრცელებული განცხადების მიხედვით, შეთანხმების მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება, „როსგვარდიის“ სასწავლო ცენტრებში კადრების მომზადება, ერთობლივი სასწავლო-მეთოდური შეკრებებისა და ვარჯიშების ჩატარება, მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიმართულებით საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას დიდი ხმაური მოჰყვა. გაისმა ბრალდებები, რომ დე ფაქტო მთავრობა „როსგვარდიის“ შიდა აფხაზური პრობლემების მოგვარებისთვის გამოყენებას აპირებდა.

დე ფაქტო შს მინისტრმა რობერტ კიუტმა ამ საკითხზე განაცხადა, რომ „არავინ აპირებს ჩვენი სუვერენიტეტის ჩაბარებას და ჩვენი ინტერესების შელახვას“. კიუტმა „როსგვარდიასთან“ თანამშრომლობის აუცილებლობა იმით ახსნა, რომ მისი უწყების კომპეტენციაში შემავალი ფუნქციები, რუსეთში განაწილებულია შს სამინისტროსა და „როსგვარდიას“ შორის. კიუტმა ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმების ხელმოწერა არ ითვალისწინებს „როსგვარდიის“ თანამშრომლების აფხაზეთის ტერიტორიაზე ფიზიკურ ყოფნას ან შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვას. 11 თებერვალს კიუტმა განაცხადა, რომ ხელს აღარ მოაწერენ შეთანხმებას.

ვიტალი კარბაიას მკვლელობის საქმე

ოკუპირებული გალის შს განყოფილების სამი თანამშრომლის (მილიციის კაპიტანი ალბერტ ზარაქუა, მილიციის ლეიტენანტი ვიანორ აბშილავა, მილიციის უმცროსი ლეიტენანტი დავით კვეკვესკირი) წინააღმდეგ 12 თებერვალს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მათ ჯგუფურად განზრახ სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებასა და ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედებათ ბრალი. მათი ძალადობის შედეგად, ფიზიკური ზიანის მიყენების შემდეგ, სოხუმის საავადმყოფოში 9 დეკემბერს საქართველოს მოქალაქე, გალის რაიონში მცხოვრები ვიტალი (თემურ) კარბაია გარდაიცვალა. ზარაკუა და აბშილავა 10 თებერვალს გალში დააკავეს, კვეკვესკირი კი, 29 თებერვალს ზუგდიდში დააკავეს. იგი თბილისში გადაიყვანეს, მას ამ ეტაპზე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად.

ახალი სამხედრო-საზღვაო პორტი თურქეთში

თურქეთში, საქართველოს საზღვრიდან 150 კმ-ში, სიურმენეში, რომელიც ტრაპიზონიდან 40 კმ-ში მდებარეობს, სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს. ბაზა შეძლებს ფრეგატების, სწრაფმავალი მოიერიშე ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების მიღებას. ახალ ბაზაზე 400-მდე სამხედრო და 200-მდე სამოქალაქო პირი იმსახურებს. სავარაუდოდ, თურქეთის შავი ზღვის ფლოტი სიურმენეში განთავსდება. 2023 წელს აქ უკვე განთავსდა პირველი თურქული სამხედრო კონტიგენტი. ბაზის გახსნის საკითხი მნიშვნელოვანია ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზირების პუნქტის გახსნის კონტექსტში, რომელიც არა მარტო საქართველოსთვის არის უსაფრთხოების გამოწვევა, არამედ საფრთხეს ზრდის შავი ზღვის რეგიონის იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც ნატოს წევრები არიან.

თურქი მეთევზეები

16 თებერვალს ბიჭვინთის სანაპიროსთან მყოფ თურქულ თევზსაჭერ გემზე (Eminogullari 4 NºA341388) სამი ადამიანი დაიღუპა. კიდევ ოთხი ძლიერი მოწამვლის ნიშნებით გაგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დე ფაქტო სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბესლან ჯოპუას განცხადებით, გემი აფხაზი მეწარმეების მიერ იყო დაქირავებული და აფხაზეთის „საზღვაო აკვატორიაში“ 2023 წლის დეკემბრიდან იმყოფებოდა. რამდენიმე დღეში გემი საავადმყოფოდან გამოწერილ მეზღვაურებთან და  ეკიპაჟის სამი გარდაცვლილი წევრის ცხედრებთან ერთად თურქეთში დაბრუნდა. ოკუპირებული აფხაზეთის „საზღვაო აკვატორიაში“ ხშირად ხვდებიან თურქული თევზსაჭერი გემები, რომლებიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემული „ნებართვის“ საფუძველზე თევზს უკანონოდ იჭერენ.

დიმიტრი გულიას წელი

ბჟანიამ 2024 წელი დიმიტრი გულიას წლად გამოაცხადა. მან უკვე მიიღო მონაწილეობა გულიას დაბადებიდან 150-ე წლისთავსთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. გულია აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებლად ითვლება და წელს დე ფაქტო ხელისუფლება თარიღის განსაკუთრებულად აღნიშვნას აპირებს. მსგავსი თარიღების აღნიშვნა დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ეროვნული იდენტობის ფორმირებისთვის მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევა.

ცხინვალის რეგიონი

ჩრდილოეთ კორეის საბანკო ანგარიში ცხინვალში

2024 წლის თებერვალში „The New York Times“-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჩრდილოეთ კორეამ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოქმედ ბანკში ანგარიში გახსნა. სტატიაში არ არის მითითებული, მაგრამ, სავარაუდოდ, საუბარია „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკზე“, რომელიც რამდენიმე წლის წინათ მოსკოვის მხარდაჭერით შეიქმნა. რუსეთი ბანკს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარებამდე მათთან ეკონომიკური ურთიერთობებისთვის იყენებდა. ანგარიში, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება ჩრდილოეთ კორეის სანქცირებული 9 მლნ აშშ დოლარის გადარიცხვისთვის, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა რუსეთისგან ნავთობის შესასყიდად გამოიყენებს. მოსკოვ-ფხენიანის გარიგებით ცხინვალიც ისარგებლებს, რადგან „ბანკი“ ოკუპირებული რეგიონის ბიუჯეტში ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელია.

კურატორის ვიზიტი ცხინვალში

1 თებერვალს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსს, იგორ მასლოვს შეხვდა. მასლოვი რეგიონს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. მასლოვი ოკუპირებული რეგიონების კურატორია. იგი ხშირად სტუმრობს ოკუპირებულ რეგიონებს და რუსეთის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების განხორციელებას ამოწმებს.

ალან გაგლოევის შეხვედრა იგორ მასლოვთან 

ბელარუსთან ურთიერთობა

დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ახსარ ჯიოევის შეფასებით, რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანება არსებულ ვითარებაში რთული პროცესია. ამისთვის საჭიროა სამოკავშირეო სახელმწიფოს ყველა წევრ-ქვეყანასთან ურთიერთობა. ჯიოევის თქმით, იგი რამდენჯერმე შეხვდა გაერთიანების წარმომადგენლებს; რეგიონის დეპუტატებმა მონაწილეობა მიიღეს სამოკავშირეო სახელმწიფოს საპარლამენტო კრების მუშაობაში; აქტიურად ურთიერთობენ ბელარუსთან ეკონომიკის, კულტურის და სპორტის სფეროში; დე ფაქტო პარლამენტს სამოკავშირეო სახელმწიფოს საპარლამენტო კრებაში მუდმივი დამკვირვებლი სტატუსი აქვთ. ბელარუსთან ურთიერთობის მხრივ ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება უფრო მეტად აქტიურობს. თუმცა, ბოლო თვეებში ამ მხრივ ცხინვალის რეგიონშიც გააქტიურდნენ.

რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები

რუსეთის მთავრობამ 2024 წლიდან 6 თვის განმავლობაში ბენზინის ექსპორტი აკრძალა. აკრძალვა არ გავრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრებზე, ოკუპირებულ რეგიონებზე, მონღოლეთსა და უზბეკეთზე. მსგავსი შეზღუდვა დაწესებული იყო 2023 წლის 21 სექტემბერი-17 ნოემბრის პერიოდშიც. ეს ოკუპირებული რეგიონებისთვის მნიშვნელოვანია რადგან, საწვავის იმპორტი მხოლოდ რუსეთიდან ხორციელდება.

ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა 1 თებერვლიდან ცხინვალის რეგიონისთვის საექსპორტო გადასახადი რამდენიმე საქონელზე გააუქმა. ეს ეხება კვების პროდუქტებს, ხილს, ბოსტნეულს, ალკოჰოლურ პროდუქციას, სამეურნეო საქონელს და სხვ. მსგავსი გადაწყვეტილებით რეგიონში აღნიშნულ პროდუქტებზე ფასების შემცირებას იმედოვნებენ.

ისტორიის ახალი სახელმძღვანელო

„სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ დირექტორის, რობერტ გაგლოითის განცხადებით, 2024 წლის სექტემბრისთვის „სამხრეთ ოსეთის“ ისტორიის ახალი სახელმძღვანელო მზად იქნება. მისი განცხადებით, „წიგნი მოიცავს ოსეთის ისტორიას უძველესი პერიოდიდან 2008 წლის აგვისტოს ომამდე“. წიგნი უკვე წარდგენილია ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო განათლების სამინისტროში. ყალბი ფაქტებით გაჯერებული ისტორიის სახელმძღვანელოს მომზადება ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების პროპაგანდისტული პოლიტიკის ნაწილია, რაც მათთვის სასარგებლო ისტორიული ნარატივის გავრცელებას ისახავს მიზნად.

გაფრთხილება „სასაზღვრო“ სოფლების მაცხოვრებლებს

ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას „სასაზღვრო კანონმდებლობის“ დარღვევისთვის დაწესებული პასუხისმგებლობის შესახებ აფრთხილებს. „კომიტეტმა“ „სასაზღვრო“ სოფლების ხელმძღვანელებს მოსახლეობასთან ახსნა-განმარტებითი სამუშაოების გააქტიურება დაავალა. „კომიტეტის“ ცნობით, გაზრდილია „სასაზღვრო კანონმდებლობის“ დარღვევის შეთხვევები, ასევე გაზრდილია შინაური ცხოველების ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიზე გადაყვანის შემთხვევები, რაც ზრდის ცხოველების ბიოლოგიური დაავადებისა და პათოგენების გადატანის რისკებს.

კომიტეტმა ვანდალიზმად შეაფასა 15 თებერვალს საქართველოს ორი მოქალაქის მიერ „სასაზღვრო“ ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტი. ორივე პირი დააკავეს და ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. შემთხვევა საოკუპაციო ხაზთან, ქარელის მუნიცაპილიტეტის სოფ. კნოლევთან მოხდა. „კომიტეტის“ შეფასებით, დაკავებულების მიერ შემთხვევის ვიდეოზე გადაღება მათი კურატორი პროდასავლური არაკომერციული ორგანიზაციების დავალებით კეთდებოდა.

ირაკლი კობახიძის განცხადებაზე კომენტარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, ოკუპირებული რეგიონების დაბრუნების შესახებ, კომენტარი გააკეთა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსარ ჯიოევმა. მისი თქმით, მსგავსი  განცხადება შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი. „მსგავსი განცხადებები სხვადასხვა დონეზე ადრეც კეთდებოდა. სრულიად ნათელია, რომ ეს არ არის ჩვენთვის აქტუალური. ოსი ხალხი, რომელმაც არაერთხელ გამოსცადა სამხრეთელი მეზობლის „მშვიდობისმოყვარეობა“, კარგად ესმის მსგავსი სიტყვების ჭეშმარიტი აზრი და ფასი. მოვუწოდებთ თავი დაანებონ მსგავს ილუზიებს და მიიღონ არსებული გეოპოლიტიკური რეალობა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩამოყალიბდა რეგიონში“, განაცხადა ჯიოევი.

შეხვედრა ერგნეთში

13 თებერვალს სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 117-ე შეხვედრა გაიმართა. წელს ეს პირველი შეხვედრაა. 2023 წელს შვიდი ასეთი შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე დაისვა ოკუპირებული ახალგორის რაიონის პროკურორად დავით გურწიევის დანიშვნის საკითხი. გურწიევი 2018 წელს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული. მას 2020 წელს მცხეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ქართულმა მხარემ ასევე მოითხოვა თამაზ გინტურის მკვლელების (რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გინტური 2023 წლის 6 ნოემბერს მოკლეს) დასჯა, ყველა უკანონოდ დაკავებულის განთავისუფლება და დაგმო „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესი. ცხინვალის მხარემ მოითხოვა სოფ. ჩორჩანაში ქართული საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება. ცხინვალის წარმომადგენლის თქმით, ბოლო შეხვედრიდან, 13 დეკემბრიდან, „საზღვრის დარღვევის“ რაოდენობა, ასევე „საოკუპაციო ხაზის“ მიმდებარედ უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებული ინციდენტები და ქართული პოლიციის ყოფნის ფაქტები შემცირდა. შემდეგი შეხვედრა 20 მარტს დაიგეგმა.

შეხვედრა ერგნეთში