ავტორი: ელენე მინდიაშვილი
2023 წლის 1-ელ ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 115-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი დიმიტრიოს კარაბალისი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ვიორელ მოშანუ თანათავმჯდომარეობდნენ.
2023 წელს სულ ექვსი შეხვედრა გაიმართა:
110-ე რაუნდი 17 იანვარს
111-ე რაუნდი 2 მარტს
112-ე რაუნდი 17 აპრილს
113-ე რაუნდი 3 ივლისს
114-ე რაუნდი 12 სექტემბერს
115-ე რაუნდი 1 ნოემბერს
თანათავმჯდომარეების შეფასებები
შეხვედრის თანათავმჯდომარეებმა საირიგაციო საკითხზე მიმდინარე წლის სექტემბერში მიღწეული შეთანხმება და ოქტომბერში ამავე საკითხზე წარმატებით გამართული ტექნიკური შეხვედრა დადებითად შეაფასეს. აღნიშნულ შეხვედრებზე 2024 წლის საირიგაციო სეზონისთვის წყლის გაზიარების საერთო მიდგომაზე იმსჯელეს და შეთანხმებას მიაღწიეს. თანათავმჯდომარეებმა კვლავ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა გადაადგილების სრული თავისუფლების დამყარების მიმართ და მხარეებს ამ მიმართულებით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები წარმოუდგინეს. მათ უკანონო დაკავებების განგრძობითი პრაქტიკისადმი სინანული გამოთქვეს და ოსურ მხარეს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებისკენ კვლავ მოუწოდეს. თანათავმჯდომარეებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს გადაადგილების შეზღუდვის საკითხს, რაც ზიანს აყენებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას. ვინაიდან შეხვედრის წინა დღეს გაეროს ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების რეზოლუციის მიღების 23-ე წლისთავი აღინიშნებოდა, განსაკუთრებული აქცენტი კონფლიქტის კონტექსტში ქალების მძიმე გამოცდილების გაანალიზების შესაძლებლობასა და იმ მნიშვნელოვან როლზე დასვეს, რომელსაც ქალები ასრულებენ კონფლიქტის გადაჭრის გზების ძიებაში.
თბილისის შეფასება
შეხვედრაზე ოფიციალური თბილისის მხრიდან ამჯერადაც სამი საკვანძო საკითხი დადგა დღის წესრიგში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საინფორმაციო- ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ შეხვედრაზე უკანონო დაკავებების საკითხზე ისაუბრა. ანთაძემ მოითხოვა ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ოსური მხარისგან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტების შეწყვეტა. ანთაძემ ხაზი უკანონოდ მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესსაც გაუსვა, კონკრეტულად, მან აღნიშნა, რომ 114-ე შეხვედრის შემდეგ, უკანონო „ბორდერიზაციის“ სამი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მისი თქმით, ხელს უშლის ადგილზე მშვიდობიანი და სტაბილური გარემოს ჩამოყალიბებას. ქართულმა მხარემ შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე გადაადგილების შეზღუდვის უარყოფით გავლენაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საკონტროლო გამშვები პუნქტები 24 საათის განმავლობაში უნდა ფუნქციონირებდეს. მან დეტალების გამხელისგან თავი შეიკავა, თუმცა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ საკითხზე დისკუსია დადებითი დინამიკით მიდის.
ცხინვალის შეფასება
115-ე შეხვედრაზე ოსურმა მხარემაც სამ ძირითად საკითხზე ისაუბრა. ე.წ. „პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილემ“ და „სამხრეთ ოსეთის დელეგაციის“ ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა პირველ რიგში, წინა შეხვედრის მსგავსად, ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოს დემონტაჟის საკითხი დააყენა. მისი თქმით, საგუშაგო და ყოველდღიურად იქ მყოფი შეიარაღებული პოლიციელები ხელს უშლიან ადგილზე უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას. „ქართული მხარისთვის კი საგუშაგოს დემონტაჟის საკითხი რეპუტაციულ ზიანთან ასოცირდება, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ისინი პოზიციას არ თმობენ“- განაცხადა კოჩიევმა ჟურნალისტებთან საუბრისას. კოჩიევმა დადებითად შეაფასა სარწყავი წყლის გაზიარებასთან დაკავშირებულ საკითხზე მიღწეული შეთანხმება და საქართველოს მოქლაქეების მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის ფაქტების შემცირებული დინამიკა. მისი თქმით, იგი იმედოვნებს, რომ ასეთი ტენდენცია ქართულ მხარეს „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტის აღიარებამდე მიიყვანს.
კოჩიევმა ჟურნალისტებთან საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ორი შემთხვევის დეტალები განიხილა. საჩხერის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ სოფ. სინაგურის მიმდებარედ მომხდარ ფაქტზე მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაკავებული პიროვნება ტბაში ელექტრო სათევზაო მოწყობილობით უკანონოდ თევზაობდა, რითაც თევზების თითქმის მთლიანი პოპულაცია გაანადგურა. მისი თქმით, ამ მოქალაქის წინააღმდეგ აუცილებლად აღიძრება სისხლის სამართლის საქმე. რაც შეეხება 31 ოქტომბერს დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს (სავარაუდოდ აქ მევლუდ ლაღოშვილი იგულისხმება), იმ შემთხვევაში თუ მის მიერ წარსულში დე ფაქტო „საზღვრის“ დარღვევის პრეცედენტი არ დაფიქსირებულა, მას ე.წ. რესპუბლიკიდან საქმის აღძვრის გარეშე „გააძევებენ“.
რა არ შეიცვალა შეხვედრიდან შეხვედრამდე
არ შეცვლილა მდგომარეობა და მხარეთა პოზიციები ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოსთან დაკავშირებით. ცხინვალის ციხეში კვლავ რჩება უკანონოდ დაკავებული საქართველოს 7 მოქალაქე. მათგან ცნობილია მხოლოდ ლაშა ხეთერელისა და მევლუდ ლაღოშვილის ვინაობა, დანარჩენი მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებში არ გავრცელებულა.
რა შეიცვალა შეხვედრიდან შეხვედრამდე
114-ე რაუნდისგან განსხვავებით, აღნიშნულ შეხვედრაზე უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ცხინვალის რეგიონის ე.წ. „საჰაერო სივრცის დარღვევის“ ფაქტების განხილვა ოსური მხარის დღის წესრიგში არ ყოფილა.
შემდეგი შეხვედრა
მხარეების შეთანხმებით, მომდევნო, 116-ე შეხვედრა, მიმდინარე წლის 13 დეკემბერს გაიმართება.
2009 წლის თებერვალში, ჟენევის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნის თაობაზე, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. აღნიშნული ფორმატის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მიზანია კონკრეტულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და მისი აღმოფხვრა. ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი შეუფერხებლად ფუნქციონირებს, აფხაზეთის მიმართულებით კი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ დროებით შეწყვეტილია. IPRM-ს შეხვედრებს თანათავმჯდომარეობენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და გაეროს/ეუთოს წარმომადგენლები.