მთავარი ფიგურები

იულია სუხოვერხოვა

რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

პროფესიული კარიერა

  • იულია სუხოვერხოვას კარიერა ალექსანდრ ხლოპონინის სახელს უკავშირდება, რომელიც 2002-2010 წლებში რუსეთის კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორი იყო, 2010-2018 წლებში მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, 2010-2014 წლებში, ამავე დროს, იყო ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის წარმომადგენელი. ხლოპონინი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონსაც კურირებდა. 2018 წელს ხლოპონინმა მთავრობა დატოვა.
  • 2012 წლის 1 თებერვალს სუხოვერხოვა დაინიშნა რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში ენერგეტიკის სამინისტროსა და  საბინაო-კომუნალური კომპლექსის სამართლებრივი და საორგანიზაციო საკითხების განყოფილების უფროსად. ეს თანამდებობა მან 2014 წლის 8 აგვისტოს დატოვა.
  • 2014 წელს იგი ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის (ანტონ მელნიკი) მოადგილედ დაინიშნა. ეს დეპარტამენტი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობაზე იყო პასუხისმგებელი.
  • 2020 წლის 21 იანვარს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით გაუქმდა ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო. სამინისტროს ფუნქციები ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაეცა. სუხოვერხოვა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

აფხაზეთთა ურთიერთობა

  • 2019 წლის 14 მარტს სოხუმში რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ესტუმრა. შეხვედრაზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2017-2019 წლების საინვესტიციო პროგრამის განხორციელების საკითხები განიხილეს. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი იყო, დელეგაციის წევრები კი - სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ანტონ მელნიკი, მისი მოადგილე იულია სუხოვერხოვა და აფხაზეთთან ურთიერთობის საკითხებში განყოფილების უფროსი ვერა დენკი.
  • 2021 წლის 13 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ვიტალი გუდინი იყო. დელეგაციის წევრები იყვნენ გუდინის მოადგილეებიც: ანტონ მელნიკი და იულია სუხოვერხოვა.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2015 წლის 6 აგვისტოს ცხივანვალის რეგიონს რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრი ლევ კუზნეცოვი ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის მეთაურთან, დომენტი კულუმბეგოვთან სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხები განიხილეს. შეხვედრას სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი ანტონ მელნიკი და მისი მოადგილე ვერა სუხოვერხოვაც ესწრებოდნენ.
  • 2022 წლის 16 სექტემბერს ცხინვალში გაიმართა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის შეხვედრა რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დელეგაციასთან. დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარე კონსტანტინე ჯუსოევი შეხვდა რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანამშრომელთა ჯგუფს, რომელსაც ხელმძღვანელობდა სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი - ვიტალი გუდინი. რუსეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გუდინის მოადგილეებმა - ანტონ მელნიკმა და იულია სუხოვერხოვამ.