მთავარი ფიგურები

ალექსეი სინეგუბოვი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • ალექსეი სინეგუბოვი დაიბადა 1973 წლის 17 ივლისს.
  • 2020 წლის 25 დეკემბერს მას მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის 2 კლასის დიპლომატიური რანგი.

დიპლომატიური კარიერა

  • 2017 წლისთვის სინეგუბოვი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპული დეპარტამენტის ლატვიის განყოფილების უფროსი იყო. 2017 წლის 20 ივლისს რუსეთის სახელმწიფო დუმაში ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან ურთიერთობის დეპუტატთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სინეგუბოვიც დაესწრო.
  • 2018 წელს სინეგუბოვი სომხეთში რუსეთის საელჩოში მრჩეველ-დესპანად დაინიშნა.
  • 2018 წლის 27 სექტემბერს ერევანში ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალში პირველკურსელებისთვის სტუდენტური ბილეთების გადაცემის ტრადიციული საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით სინეგუბოვიც გამოვიდა.
  • 2019 წელს ერევანში „რუსული წიგნის სახლის“ გახსნის ღონისძიებაში სინეგუბოვმაც მიიღო მონაწილეობა.
  • 2019 წლის დეკემბერში სინეგუბოვმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში - „სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები 2019 წელს: შესაძლებლობების ახალი ფანჯარა“, რომელიც ევრაზიის ექსპერტთა კლუბის მეექვსე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა. სინეგუბოვმა კონფერენციაზე ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრა.
  • 2020 წლის 13-14 დეკემბერს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეები ერევანს ესტუმრნენ. ერევანში გამართულ შეხვედრებში რუსეთს სინეგუბოვი წარმოადგენდა.
  • 2021 წლის 27 ივლისს ერევანს ვლადიკავკაზისა და ალანიის არქიეპისკოპოსი ლეონიდე ესტუმრა, რომელიც სომხეთის ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანს შეხვდა. შეხვედრაში სინეგუბოვიც მონაწილეობდა. იგი დაესწრო ლეონიდესა და სომხეთში რუსეთის ელჩის, სერგეი კოპირკინის შეხვედრასაც.
  • 2021 წლის 21 ივლისს ერევანში ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალში დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას სინეგუბოვიც ესწრებოდა.
  • 2022 წელს სინეგუბოვმა დაასრულა დიპლომატიური საქმიანობა სომხეთში და იგი საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2022 წლის 3 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ლაშა აშუბა რუსეთის ფედერაციის საბჭოში საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს კონსტანტინ კოსაჩევს შეხვდა. შეხვედრაში სინეგუბოვიც მონაწილეობდა.
  • 2023 წლის 17 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს დაარსების 30 წლისთავი აღნიშნეს. საზეიმო სხდომა დე ფაქტო მთავრობის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა. სინეგუბოვმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მისალოცი ნოტა გააცნო შეკრებილებს.
  • 2023 წლის 17 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ სინეგუბოვს 50 წლის იუბილე მიულოცა.
  • 2023 წლის 3 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოჭში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას შეხვდა. ბჟანია-ლავროვის შეხვედრის შემდეგ ლავროვმა და არძინბამ ხელი მოაწერეს „2024-2025 წლებში დიპლომატიურ უწყებებს შორის კონსულტაციების გეგმას“. შეხვედრაში რუსეთის მხრიდან ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის უფროსი დენის გონჩარი, სინეგუბოვი და აფხაზეთში რუსეთის „ელჩი“ მიხაილ შურგალინი.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2023 წლის 3 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოჭში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევს და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევს შეხვდა. გაგლოევ-ლავროვის შეხვედრის შემდეგ ლავროვმა და ჯიოევმა ხელი მოაწერეს „2024-2025 წლებში დიპლომატიურ უწყებებს შორის კონსულტაციების გეგმას“. შეხვედრაში რუსეთის მხრიდან ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის უფროსი დენის გონჩარი, სინეგუბოვი და ცხინვალის რეგიონში რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი.