ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2022 / 05 / 03

გამოცემა: N40 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 აპრილი, 2022

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.

ცხინვალის რეგიონი: არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები  

რუსეთის დელეგაცია

10 აპრილს ცხინვალის რეგიონში არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის მხარდაჭერის მიზნით, 7 აპრილს, ცხინვალს რუსეთის ფედერაციის დელეგაცია ესტუმრა.  დელეგაციის წევრები იყვნენ ჩრდილოეთ ოსეთის მეთაური სერგეი მენიაილო, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი ყაზბეკ კოკოვი, რუსეთის ფედერაციის სენატორი სერგეი კარელინი და სხვები, მათ შორის, რუსეთის სახელმწიფო დუმისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლები. რუსეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ბიბილოვი ცალკე შეხვდა სახელმწიფო დუმის წევრს, დმიტრი საბლინს.

რუსეთის დელეგაცია ცხინვალში. წყარო: cominf.org

„არჩევნების“ შეფასება

„არჩევნებმა“ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და მეორე ტური ბიბილოვსა და მის ოპონენტ ალან გაგლოევს შორის 8 მაისს გაიმართება. არჩევნების ჩატარების ხარისხით კმაყოფილი დარჩა რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი, საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრი სერგეი ცეკოვი. მისი თქმით, „არჩევნები შესანიშნავად ჩატარდა“. არჩევნების მიმდინარეობით კმაყოფილი დარჩა სახელმწიფო დუმის წევრი, დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ყაზბეკ ტაისაევიც. სახელმწიფო დუმის დელეგაციის წევრი იყო განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იანა ლანტრატოვაც, რომელიც „რუსეთ-სამხრეთ ოსეთის მეგობრობის“ საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელია.

ვიზიტი დონეცკში

ცხინვალის რეგიონში „წინასაარჩევნო“ კამპანიის ფარგლებში ბიბილოვი დონეცკში ჩავიდა და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურს დენის პუშილინს შეხვდა.

შეხვედრები კოზაკთან

„არჩევნების“ პირველი ტურის შემდეგ მხარდაჭერის მოპოვების  მიზნით, ორივე კანდიდატი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს შეხვდა. კოზაკი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია. არსებული ინფორმაციით, გაგლოევი კოზაკს 16 აპრილს შეხვდა, ბიბილოვი კი 20 აპრილს. გავრცელებული ინფორმაციით, ბიბილოვმა კოზაკთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2025 წლამდე ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელების საკითხს. ასევე განიხილეს ცხინვალის რეგიონის საბიუჯეტო სფეროსა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების გაზრდის საკითხიც.

ბჟანიას ვიზიტი მოსკოვში

26-29 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ბჟანია შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს - ანტონ ვაინოს და მის მოადგილეს - დიმიტრი კოზაკს. ბჟანია ასევე შეხვდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს - რაშიდ ნურგალიევს. კოზაკი და ნურგალიევი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორები არიან.

აფხაზეთის ახალი „პარლამენტი“

12 აპრილს ახლადარჩეული აფხაზეთის არალეგიტიმური პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა. საპატიო სტუმრის რანგში სხდომას სახელმწიფო დუმის წევრი, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ლობისტი, კონსტანტინ ზატულინიც ესწრებოდა.

სამხედრო წვრთნები

2022 წლის აპრილში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების საქმიანობის დეტალური მიმოხილვა იხ. აქ.

რუსეთის „რბილი ძალა“

ცხინვალის რუსისტების ასოციაცია წიგნებს მიიღებს

ცხინვალის რეგიონში რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა ასოციაცია ქ. მოსკოვში მდებარე სოლჟენიცინის სახელობის რუსული დიასპორის სახლისგან წიგნებს მიიღებს. საერთო ჯამში, ასოციაციას 500-მდე დასახელების წიგნს გადასცემენ.

რუსეთის შს სამინისტროს სასწავლებლებში სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს სამინისტროში რუსეთის ფედერაციის შს სამინისტროს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის მსურველთა განცხადებების მიღება დაიწყო.

„МГИМО“-ში სწავლის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო

აფხაზეთის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში (МГИМО) სწავლის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. მსურველებს აღნიშნულ სასწავლებელში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სხვადასხვა პროგრამაზე შეეძლებათ სწავლა.

ამავე ინსტიტუტსა და დიპლომატიურ აკადემიაში სწავლის მსურველთა განცხადებების მიღება ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში 26 აპრილს დასრულდა. ბაკალავრიატის პროგრამებზე ოსი აბიტურიენტებისთვის 4 ადგილია გამოყოფილი, მაგისტრატურის პროგრამებზე კი - 3 ადგილი.

სოხუმში „დიდი სამამულო ომის“ გაყალბების ფალსიფიკაციის საკითხი განიხილეს

8 აპრილს ქ. სოხუმში ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში „დიდი სამამულო ომის“ ისტორიის გაყალბებისა და მასთან ბრძოლის საკითხი განიხილეს. ისაუბრეს საინფორმაციო ომის ტექნოლოგიის, ფეიკებთან ბრძოლისა და სხვა მსგავს საკითხებზე.

მრგვალი მაგიდა. წყარო: abkhazinform.com

ცხინვალში „რეალური ჟურნალისტიკის სკოლა“ დასრულდა

22-23 აპრილს ცხინვალის რეგიონში „რეალური ჟურნალისტიკის სკოლა“ გაიმართა. მასტერკლასის ფარგლებში რუსმა ჟურნალისტებმა მონაწილეებს თავიანთი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს.

რუსმა მეცნიერმა „დიდი სამამულო ომის“ შესახებ ლექციები ჩაატარა

27 აპრილს რუსმა პროფესორმა ალექსანდრ მაზურიცკიმ ცხინვალის რეგიონის სკოლის მოსწავლეებისთვის „დიდი სამამულო ომის“ თემატიკაზე ლექციები ჩაატარა. ლექციებს 300-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო. მაზურიცკი მოსკოვის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტის საინფორმაციო-ანალიტიკური კათედრის პროფესორია. ის დე ფაქტო რესპუბლიკაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.