ყოველთვიური მიმოხილვა

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები: ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების მიმოხილვა

2023 / 05 / 02

გამოცემა: N7 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 აპრილი, 2023

მიმოხილვა მზადდება  პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

აფხაზეთი

ასლან ბჟანიას ვიზიტი მოსკოვში

18 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. იგი, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს და ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა. მოსკოვში ბჟანიას ხანგრძლივი ვიზიტის განმავლობაში მხოლოდ ამ ორი შეხვედრის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ბჟანიას ხშირად აკრიტიკებენ ოპონენტები, რომ იგი დიდი ხნით ტოვებს აფხაზეთს, მაშინ როდესაც მოსკოვში ვიზიტის პერიოდში მისი შეხვედრების შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია ვრცელდება.

„საზღვრის“ დროებითი ჩაკეტვა

7 აპრილს თბილისში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო, აფხაზურმა მხარემ ენგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება შეზღუდა. დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილება ნაკარნახევი იმ ფაქტორით, რომ გალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს შესაძლოა მონაწილეობა მიეღოთ თბილისში საქართველოს მთავრობის საწინააღმდეგოდ გამართულ პოლიტიკურ აქციაში, რომელიც ორგანიზებული იყო ოპოზიციური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ. დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთში მიაჩნიათ, რომ დასავლეთი ცდილობს, „ფერადი რევოლუციის“ გზით, საქართველოს ხელისუფლების შეცვლას და რუსეთისთვის „მეორე ფრონტის“ გახსნას, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ეწინააღმდეგება. შეზღუდვა 10 აპრილს მოიხსნა. ამ საკითხზე განცხადება გააკეთა გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელმა კონსტანტინ ფილიამაც. მისი თქმით, გალის რაიონში ვითარება სტაბილურია და მაცხოვრებლებს შორის არ არიან მიტინგებში მონაწილეობის მსურველები.

ვაჭრობის გამარტივება?

2023 წლის 31 მარტს ასლან ბჟანიამ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შორის გარკვეული კატეგორიის პროდუქციის გადატანა გამარტივდება. დოკუმენტში მოცემულია კონკრეტული ჩამონათვალი (მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურების ნერგები, სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესლები, ცოცხალი შინაური ფრინველი, შინაური ცხოველების საკვები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ტექნიკა, საავტომობილო ტრანსპორტი, ავტონაწილები, ავტომობილის ზეთები), რის გადატანასაც ე.წ. ენგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გამარტივებული წესით შეძლებენ.

დადგენილების ტექსტი

ამ გადაწყვეტილებამ გაურკვევლობა და კითხვები გააჩინა აფხაზეთში, რადგან იგი ქართულ მხარესთან ეკონომიკური ურთიერთობების დაკანონების მცდელობად შეფასდა. დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეხება და საბაჟო მოსაკრებლის გადახდის შემდგომ, ფიზიკური პირები ტვირთის ტრანსპორტირებას შეძლებენ.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთე სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ბესლან ჯოპუამაც. მისი თქმით, „ცვლილებების შეტანა 2007 წლის განკარგულებაში, რომელიც იმ საქონლის ჩამონათვალს ეხება, რომლიც გადატანაც აფხაზურ-ქართულ საზღვარზე შეიძლება, განპირობებული იყო სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის განხორციელების აუცილებლობით“. ჯოპუას თქმით, მაგ. სუპტროპიკული ნარგავების შეტანა ვერ ხერხდება რუსეთიდან, ამიტომ მისი შეტანა მხოლოდ საქართველოს მხრიდან არის შესაძლებელი.

მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, სავარაუდოდ, გამოწვეულია რუსეთზე დაწესებული სანქციების შედეგად აფხაზეთში რუსეთიდან აღნიშნული პროდუქციის იმპორტის შემცირებით. შექმნილ ვითარებაში მსგავსი დეფიციტის შევსების შესაძლებლობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან აღნიშნული პროდუქციის შეტანაა.

ბრძოლა ქართულ სპეცსამსახურებთან

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელიც სამსახურის შეფასებით, ადასტურებს რომ „ქართული სპეცსამსახურები რესპუბლიკის ტერიტორიაზე სადაზვერვო ღონისძიებების ჩატარებას აგრძელებენ“. სამსახურის ცნობით, ქართული სპეცსამსახურების თანამშრომელი ჯანო ძაგანია დე ფაქტო რესპუბლიკის მაცხოვრებლების სადაზვერვო საქმიანობაში ჩართვას ცდილობდა. ერთ-ერთი მათგანი აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, ჯესიკა შენგელია იყო, მეორე კი, სოხუმის მაცხოვრებელი ირმა ხუხუა. ორივე მათგანი ნებით გამოცხადდა ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურში. სამსახურის ცნობით, „საქართველოს სპეცსამსახურების საქმიანობა უფრო დახვეწილი, ორგანიზებული და ტექნიკურად გამართული ხდება“.

საერთაშორისო აქტივობა

  • 5 აპრილს რუსეთში აფხაზეთის „ელჩმა“ ალხას კვიცინიამ რუსეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა.
  • 6 აპრილს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის ქვეყნებში, მინისტრის მოადგილე მიხეილ ბოგდანოვს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა იმ მხრივ არის მნიშვნელოვანი, რომ საერთაშორისო კავშირების გაფართოების კუთხით აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი დე ფაქტო რესპუბლიკისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა.
  • 14 აპრილს აფხაზურმა დელეგაციამ თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულებს 200 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩაუტანა.
  • 20 აპრილს რუსეთში აფხაზეთის „საელჩოს“ მრჩეველ-დესპანი დმიტრი კეტია ტაჯიკეთში რუსეთის ელჩ სემიონ გრიგორიევს შეხვდა. შეხვედრაზე დე ფაქტო რესპუბლიკასა და ტაჯიკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული კავშირების გაფართოებაში დახმარების საკითხი განიხილეს. გრიგორიევი აფხაზეთში რუსეთის პირველი „ელჩი“ (2008-2018 წლები) იყო. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კეტია ტაჯიკეთში ბიზნესმენებსაც შეხვდა.

შეხვედრა ტაჯიკეთში სემიონ გრიგორიევთან

ჟენევის 57-ე რაუნდი

4-5 აპრილს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57 რაუნდი ჩატარდა. აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელი, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ირაკლი ტუჟბა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში შეხვედრების აღდგენის წინადადებით გამოვიდა. ბოლო პერიოდში გალში შეხვედრების აღდგენას აფხაზეთის გარდა, რუსეთიც ითხოვს. გალში შეხვედრები 2018 წლის შემდეგ არ ტარდება, მას შემდეგ რაც აფხაზმა მესაზღვრემ გიგა ოთხოზორია მოკლა. ტუჟბას თქმით, ისინი ქართული მხარისგან საოკუპაციო ხაზზე გადაადგილებისთვის საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთის პასპორტების წარდგენას ითხოვენ, რაზეც ქართული მხარე უარს აცხადებს. ამიტომაც, ტუჟბას ინიციატივაა, რომ შეხვედრები ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე გაიმართოს, მაგ. მდ. ენგურის ქვედა დინების მიმართულებით მდებარე ერთ-ერთ კუნძულზე.

პრივატიზაციის წინააღმდეგ

19 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ელექტროენერგეტიკული ობიექტების მისი თანხმობის გარეშე პრივატიზაცია ან არენდით გადაცემა აკრძალა. მსგავსი გადაწყვეტილება განპირობებულია აფხაზეთში გავრცელებული შიშით, რომ რუსეთმა შეიძლება სრული კონტროლი დაამყაროს დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგოსექტორზე, რაც აფხაზეთში „სუვერენიტეტის“ დაკარგვის ტოლფასად მიიჩნევა.

ლიხნის ხე

სოფელ ლიხნში აფხაზებისთვის სულიერ სიმბოლოდ მიჩნეულ საუკუნოვანი ცაცხვის ხის ქერქზე დაზიანებები აღმოაჩინეს. ცაცხვის დაზიანებას აფხაზეთში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. 11 აპრილს საქმეზე  დააკავეს დე ფაქტო რესპუბლიკის ორი მოქალაქე. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, დე ფაქტო რესპუბლიკაში დესტაბილიზაციის მოხდენის მიზნით, დანაშაული შესაძლოა უცხოური სპეცსამსახურების ხელშეწყობითაც მოხდა. ხეს ჩინეთიდან გამოგზავნილი პრეპარატებითაც უმკურნალეს და ამ ეტაპზე მკურნალობის შედეგებს ელოდებიან.

საკადრო გადაწყვეტილებები

  • 14 აპრილს „ჩერნომორენერგოს“ ახალ ხელმძღვანელად თიმურ ჯინჯოლია დაინიშნა. მან რამინ ზინგიშვილი შეცვალა, რომელიც 2023 წლის 2 თებერვლიდან ასრულებდა უფროსის მოვალეობას. აფხაზეთში არსებული ენერგოკრიზისის გამო ბოლო პერიოდში „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელებს ხშირად ცვლიან.
  • 19 აპრილს დე ფაქტო რესპუბლიკის ომბუდსმენად 1987 წელს დაბადებული ანას ქიშმარია აირჩიეს. 2022-2022 წლებში იგი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში ოკუპირებული გალის რაიონიდან არჩეული „დეპუტატის“ კონსულტანტი იყო.

ცხინვალის რეგიონი

საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების გამარტივება

2023 წლის 26 აპრილს დე ფაქტო მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებაში ცვლილებები შეიტანეს, რომლის მიხედვითაც საოკუპაციო ხაზზე გადაადგილებისთვის მისაღები ე.წ. საშვის აღება გამარტივდება. ცვლილების შედეგად, განაცხადის შეტანა „საზღვრის“ გადაკვეთისათვის შესაძლებელი იქნება, როგორც ჯავის, ასევე ახალგორის „ადმინისტრაციაში“. ამ გადაწყვეტილებამდე, აღნიშნული განაცხადის შეტანა შესაძლებელი იყო მხოლოდ ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში. გარდა ამისა, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისთვის საჭირო საშვის ჩაბარება ახალგორისა და ჯავის ადმინისტრაციაში შესაძლებელი იქნება ქსნის ხეობისა და სინაგური-ქარძმანის ზონის მაცხოვრებლებისთვისაც.

საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება დე ფაქტო უშიშროების საბჭოს 2022 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით აღადგინეს. ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის რაიონების მოსახლეობას ყოველი თვის 20-30 რიცხვებში საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოძისი/მოსაბრუნისა და პერევი/ქარძმანის ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების გავლით საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა შეუძლიათ. ყოველ თვეში ამ უფლებით, დაახლოებით 3000-მდე ადამიანი სარგებლობს.

კურატორის ვიზიტი

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკას რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი ეწვია, რომელიც ოკუპირებული რეგიონების კურატორია. ვოლვაჩმა რუსული დაფინანსებით მიმდინარე პროექტების განხორციელება შეამოწმა და დე ფაქტო ლიდერებსაც შეხვდა. ვოლვაჩის ვიზიტის მიზანი რუსული ფულის ხარჯვის ეფექტურობის შემოწმებაც იყო. ამ მხრივ გარკვეული პრობლემები დაფიქსირდა რუსეთის ფედერალური ხაზინის შემოწმების პროცესში. დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის, ალან ჯიოევის განცხადებით, რუსეთის ფედერალური ხაზინის შემოწმების აქტში მითითებული შენიშვნებიდან 40% უკვე შეასრულეს. სულ 87 შენიშვნაა, მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით შენიშვნები იმ თანამშრომლებზე ხელფასების გაცემას ეხება, რომლებიც რამდენიმე ადგილას მუშაობენ. რეგიონში დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ მაღალი ანაზღაურების მიღების მიზნით ადამიანები რამდენიმე საჯარო უწყებაში ერთდროულად არიან გაფორმებულები. კრემლის მოთხოვნაა, რომ მსგავსი პრაქტიკა შეწყდეს.

დიმიტრი ვოლვაჩი მშენებარე ობიექტებს ამოწმებს

შეხვედრა ერგნეთში

27 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 112-ე შეხვედრა გაიმართა. ოსური მხარის შეფასებით, გასული შეხვედრის შემდეგ, ქართული მხარისაგან პროვოკაციებმა იმატა, რაც გამოიხატებოდა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების მიერ საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს პატრულირებაში. მათი მხრიდან კვლავ დაისვა სოფ. ჩორჩანაში ქართული საპოლიციო საგუშაგოს დემონტაჟის საკითხი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრაზე მხარეები მომავალი საირიგაციო სეზონისთვის მოსამზადებლად საჭირო დეტალებზეც შეთანხმდნენ. 113-ე შეხვედრა 3 ივლისს ჩატარდება.

ჯაბიევის საქმის ახალი მონაწილეები

დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, ინალ ჯაბიევის საქმეზე დე ფაქტო შს სამინისტროს ყოფილ თანამშრომელზე, ლუდვიგ ალბოროვზე თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. მანამდე კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე ყოფილი დე ფაქტო შს მინისტრის, იგორ ნანიევის წინააღმდეგ აღიძრა. ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს კრიმინალური მილიციის შენობაში ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მხრიდან ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. ჯაბიევის საქმემ გაგლოევის წინამორბედს, ანატოლი ბიბილოვს სერიოზული პოლიტიკური დარტყმა მიაყენა და „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მის დამარცხებას შეუწყო ხელი. ჯაბიევის საქმის გაჭიანურებაზე გაგლოევმა განაცხადა, რომ „საქმე მზად არის სასამართლოში გადასაცემად, მაგრამ ეჭვმიტანილები აჭინაურებენ, რადგან ვერ ახერხებენ საქმის მასალების გაცნობის დასრულებას“.

დიდი ცვლილებები დე ფაქტო მთავრობაში

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობაში დიდი ცვლილებები განხორციელდა. ახალი ვიცე-პრემიერი ალან ჯიოევი იქნება. დაინიშნა ახალი დე ფაქტო შს მინისტრი ალან გუჩმაზოვი, რომელსაც მოადგილეებიც ახალი ეყოლება. ორი ახალი მოადგილე ჰყავს დე ფაქტო თავდაცვის მინისტრს, მათ შორის ერთი, ალან ბოლოტაევი, დანიშვნამდე რუსეთისა და ცხივნალის რეგიონის ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე იყო. დე ფაქტო განათლების მინისტრად დაინიშნა ასლან ლოლაევი, რომელიც ამავე უწყებაში 2010 წლიდან მოადგილედ მუშაობდა. დე ფაქტო ფინანსთა მინისტრად დაინიშნა კაზბეკ ცარიკაევი, რომელიც 2022 წლის ნოემბრიდან გაგლოევის მრჩეველი იყო. თანამდებობაზე 10 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ დე ფაქტო მშენებლობის მინისტრი ედუარდ ძაგოევი დაითხოვეს. იგი კონსტანტინ ელდზაროვმა შეცვალა. შეიცვალა ცხინვალის დე ფაქტო მერი გენო ქაჯაიაც, რომელიც უშიშროების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა რომეო ხუგაევმა შეცვალა.