ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის რბილი ძალის მიმოხილვა

2024 / 01 / 20

გამოცემა: N12 / მიმოხილვის პერიოდი: ოქტომბერი-დეკემბერი, 2023 / ავტორი: არსენ არაქელოვი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის რბილი ძალის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აღნიშნულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის რბილ ძალასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენებისა და იმ საქმიანობების შესახებ, რომლებსაც რუსეთი იყენებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში თავისი გავლენის განსამტკიცებლად. მიმოხილვა გამოდის სამ თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

 

რუსეთის რბილი ძალა აფხაზეთში

ისტორიული თარიღები და მოვლენები

  • ტამბოვის ოლქში გაიხსნა ისტორიულ-დოკუმენტური გამოფენა, რომელიც მიეძღვნა „აფხაზი ხალხის სამამულო ომში" (ასე მოიხსენიებენ 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს ოკუპირებულ აფხაზეთში) გამარჯვების 30-ე წლისთავს. გამოფენის სახელწოდება იყო - „ჩვენ მივდიოდით სიკვდილზე, რათა გვეცხოვრა“.

გამოფენა

  • 11 ოქტომბერს, ბაშკირეთის რესპუბლიკის დღეს, დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ბაშკირეთის ლიდერთან, რადიი ხაბიროვთან ერთად მონაწილეობა მიიღო მომავალი კოლონადისთვის სიმბოლური ქვის დადებაში. კოლონადა იქნება სოხუმში, „მუჰაჯირების სანაპიროზე“ აღმართული კოლონადის იდენტური.
  • 23 ოქტომბერს რუსეთის საელჩოსა და „მოსკოვის სახლის“ თანამშრომლები აფხაზეთში მცხოვრებ „კავკასიისათვის ბრძოლაში“ მონაწილე ვეტერანებს ესტრუმრნენ. მათ ვეტერანებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისალოცი წერილები და ყვავილები გადასცეს.

კულტურა

  • 11 ოქტომბერს სოხუმში, „მოსკოვის სახლში“ მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა. ღონისძიების სტუმრები იყვნენ დე ფაქტო რესპუბლიკის „დამსახურებული მასწავლებლები“ და „აფხაზი ხალხის სამამული ომის“ ვეტერანი მასწავლებლები. ღონისძიება მოსკოვის მთავრობის დაფინანსებით ჩატარდა.

განათლება

  • მოსკოვში აფხაზეთის „საელჩოსთან“ არსებულ აფხაზური ენის, ისტორიისა და კულტურის საკვირაო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. მსურველებს შეუძლიათ გაკვეთილებს უსასყიდლოდ დაესწრონ.
  • მოსკოვის მთავრობამ სოხუმის მე-10 საშუალო სკოლას ფიზიკისა და ბიოლოგიის ლაბორატორიული კომპლექსი და კომპიუტერული ტექნიკა აჩუქა.
  • დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ და სეჩენოვის სახელობის მოსკოვის პირველმა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
  • დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს, რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროსა და ჩრდილოეთ-კავკასიის ფედერალური უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ერთობლივი პროექტის ფარგლებში, აფხაზ მასწავლებლებს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ჩაუტარეს. ფედერალური უნივერსიტეტის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული პროექტი ხორციელდება რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს ბრძანებით, რომელიც ითვალისწინებს რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების სისტემის ჰარმონიზაციას.
  • ბელარუსის საერთაშორისო სამაშველო სასწავლო ცენტრმა დე ფაქტო რესპუბლიკას ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა, რომლის თანახმადაც იგი აფხაზ აბიტურიენტებს, ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მომავალ თანამშრომლებს სასწავლებლად იწვევს.
  • 10-23 დეკემბერს ანაპაში, სრულიად რუსეთის ბავშვთა ცენტრში - „სმენა“, მიმდინარეობდა ბავშვებისთვის სხვადასხვა პროფესიის შემსწავლელი კურსი, რომელსაც რუსეთის 33 რეგიონიდან და დე ფაქტო რესპუბლიკიდან ჩასული სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. 2017 წლიდან „სმენა“ ერთადერთი სრულიად რუსეთის გამაერთიანებელი სასწავლო-სავარჯიშო ცენტრია, რომელიც ბავშვებში სხვადასხვა პროფესიული საქმიანობის პოპულარიზებას ახდენს. ცენტრს ხშირად სტუმრობენ რუსეთის ცნობილი სპორტსმენები, საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები.

აფხაზი ბავშვები ანაპაში

შეხვედრები და კონფერენციები

  • 25 ოქტომბერს სოხუმში, „მოსკოვის სახლში“ რუსეთისა და აფხაზეთის საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო ორგანიზაციების პირველი საერთაშორისო მართლმადიდებლური ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მართლმადიდებლური საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა სანქტ-პეტერბურგიდან, კაზანიდან, მოსკოვიდან და რუსეთის სხვა ქალაქებიდან.
  • 24 ნოემბერს დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი ჟურნალისტური კონკურსის „ხედვა 2023“ ფარგლებში რუსული საინფორმაციო სააგენტოს - „ТАСС“ გენერალურ დირექტორს, ანდრეი კონდრაშოვს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთში რუსეთის ელჩი მიხაილ შურგალინი და აფხაზეთში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს (შემდგომში - „რუსული სახლი“) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, დმიტრი ფედოტოვი. შეხვედრაზე განიხილეს საინფორმაციო არხებს შორის თანამშრომლობისა და აფხაზი ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლების საკითხები. კონკურსი - „ხედვა“ უკვე მეორე წელია ტარდება აფხაზეთში, წელს კი ის მიეძღვნა „ТАСС“-ის ფოტოკორესპონდენტის, ანდრეი სოლოვიოვის ხსოვნას.

სხვა ღონისძიებები

  • 7 ოქტომბერს სოხუმში „აფხაზეთის გმირის“, ანდრეი სოლოვიოვის მემორიალური დაფა გახსნეს. რუსი ფოტოკორესპონდენტი, რომელიც წელს 70 წლის გახდებოდა, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმში დაიღუპა. რუსულ-აფხაზური წყაროების მიხედვით, სოლოვიოვი „ქართველი სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა“. იგი ИТАР-ТАСС-ის თანამშრომელი იყო და 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ არაერთი ფოტო აქვს გადაღებული.

მემორიალური დაფა

  • 4 დეკემბერს რუსი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვია. მან „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მან აღნიშნა, რომ ძალიან უყვარს აფხაზეთი და წელიწადში ორჯერ სტუმრობს მას. სტუდენტებთან შეხვედრამდე, სიმონიანმა „აფხაზი ხალხის სამამულო ომში" დაღუპული მასწავლებლებისა და სტუდენტების ძეგლი ყვავილებით შეამკო.

რუსეთის რბილი ძალა ცხინვალის რეგიონში

ისტორიული თარიღები და მოვლენები

  • 11 ოქტომბერს „რუსულ სახლში“ მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელიც მიეძღვნა საბჭოთა კავშირის კავკასიისათვის ბრძოლაში გამარჯვების მე-80 წლისთავს.
  • 30 ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის პირველი მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, ვლადიმირ ლოხოვის ხსოვნას. ლოხოვი წარმოშობით ცხინვალის რეგიონიდან იყო. კონფერენცია ასევე ეძღვნებოდა დე ფაქტო რესპუბლიკის „დაზვერვის სამსახურის“ დაარსების 20 წლისთავს. ღონისძიების ორგანიზატორი რუსეთში რეგიონის ე.წ. საელჩო და სანქტ-პეტერბურგის მთავრობა იყო. რეგიონში ლოხოვის ძეგლის დადგმაც განიხილება.

კულტურა

  • ოქტომბერში ცხინვალში ჩატარდა ფესტივალი - „ოსეთი-რუსეთი: საერთო კულტურული მემკვიდრეობა“. ფესტივალი ეძღვნებოდა მწერლის, გაიტო გაზდანოვის 120 წლის იუბილეს. საზეიმო გახსნას დაესწრნენ რეგიონში რუსეთის ელჩი, მარატ კულახმეტოვი და რეგიონში „რუსული სახლის“ წარმომადგენლობის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი, სერგეი კომისაროვი. ფესტივალის ფარგლებში, 23 ოქტომბერს თეატრალურ მოედანზე გაიხსნა ქუჩის გამოფენა რუსეთის იმპერიის მკვიდრთა შესახებ, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მთელი მსოფლიოს კულტურულ და სამეცნიერო მემკვიდრეობაში. ფესტივალი დაიგეგმა „საზღვარგარეთის რუსული მემკვიდრეობის ფონდის“ მიერ.

ქუჩის გამოფენა თეატრალურ მოედანზე

  • ფონდის „სამყარო-ხიდი-ოსეთი“ მხარდაჭერით, ოსურმა ტელერადიოკომპანიამ „Ир“ წინასაახაწლოდ ჩვენებაზე გაუშვა 100 მხატვრული ფილმი, რომელიც რეკომენდებულია რუსეთის კულტურის სამინისტროს მიერ.

განათლება

  • 12 ოქტომბერს კომისაროვი შეხვდა რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველ უფროსკლასელებს, რომლებსაც გააცნო სასწავლებლების უპირატესობები.
  • „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ და ჩრდილოეთ კავკასიის სახელმწიფო აკადემიამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.
  • „საზღვარგარეთის რუსული მემკვიდრეობის ფონდმა“ ფესტივალის - „ოსეთი-რუსეთი: საერთო კულტურული მემკვიდრეობა“ ფარგლებში ჯავის სკოლა-ინტერნატს 200 წიგნი აჩუქა. სკოლაში 110 ბავშვი სწავლობს.

ჯავის სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელები რუსული წიგნებით

  • 27 ოქტომბერს „ცხინვალის სამხატვრო სასწავლებელში“ ახალგაზრდა რუსი მხატვრის, დმიტრი შჩერბაკოვის მასტერკლასი ჩატარდა. ღონისძიება „რუსული სახლის“ მხარდაჭერით თანამემამულეთა ორგანიზაციამ - „როსი“ ჩაატარა.
  • 20 დეკემბერს კომისაროვმა სკოლას - „ერუდიტი“ და მართლმადიდებლურ გიმნაზიას - „რუხს“ საჩუქრად სახელმძღვანელოები გადასცა.

კომისაროვი მართლმადიდებლურ გიმნაზიაში

  • ნოემბერში რეგიონის სასწავლებლები შეურთდნენ „გეოგრაფიულ დიქტანტს“, რომელიც, გარდა დე ფაქტო რესპუბლიკებისა, რუსეთსა და სხვა არაერთ ქვეყანაში უკვე მეცხრედ ტარდება. რეგიონი მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობას 2019 წლიდან იღებს. დიქტანტში გამარჯვებულებს კომისაროვმა საჩუქრები გადასცა.
  • რუსეთიდან მოწვევით ჩამოსულმა ექიმებმა რეგიონის სასწრაფო დახმარების ცენტრების ექთნებისთვის პირველადი დახმარების მასტერკლასი ჩაატარეს.
  • ცხინვალის მე-2 სკოლის კოლექტივმა კონკურსის - „საზღვარგარეთის საუკეთესო რუსული სკოლა“ დიპლომი მოიპოვა. კონკურსი, დე ფაქტო რესპუბლიკის ჩათვლით, 54 ქვეყნის სკოლას აერთიანებდა, ორგანიზატორი კი, „რუსული სახლი“ იყო.
  • 4-8 დეკემბერს დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსს დაესწრნენ.
  • „რუსულ სახლში“ მიმდინარე კომპიუტერული ტექნიკის შესწავლის სასწავლო კურსის კურსდამთავრებულებს კომისაროვმა სერტიფიკატები გადასცა.
  • 29 დეკემბერს კომისაროვი ახალგორის ბავშვთა სახლს ესტუმრა. მან აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა. კომისაროვის თქმით, „რუსული სახლი“ დაეხმარება ბავშვებს გამოყოფილი კვოტის ფარგლებში რუსეთის სასწავლებლებში ჩაბარებაში.
  • 16 ნოემბერს კომისაროვი „რესპუბლიკურ ბავშვთა ბიბლიოთეკაში“ სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრა გაიმართა იმ მოსწავლეებთან, რომლებიც რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდებისათვის განკუთვნილი საერთაშორისო პროექტის - „არტეკის ადამიანების“ რამდენიმე ნაკადის მონაწილეები იყვნენ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, „რუსული სახლის“ მიერ სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული ახალგაზრდები არტეკში, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მდებარე საერთაშორისო ბავშვთა „არტეკის ბანაკში“ მიემგზავრებიან. დე ფაქტო რესპუბლიკების გარდა, პროგრამა 50-მდე ქვეყანაში ტარდება და წინ უძღვის 2025 წელს „ბანაკის“ საუკუნოვანი იუბილეს აღნიშვნას.
  • ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ფუნქციონირებას აგრძელებს „ღია განათლების ცენტრი“. ცენტრი, რუსეთის სახელმწიფო პროგრამის - „განათლების განვითარება“ ფარგლებში, არმავირის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ინიციატივით ივნისში  გაიხსნა. 17 ნოემბერს ცენტრის სასწავლო კურსი დაამთავრეს იკოთის საშუალო სკოლის მასწავლებლებმა, რომლებმაც ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა რუსულ ენაზე შეისწავლეს. რაიონის სკოლებში 2017 წლამდე სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, შესაბამისად, ცენტრი ცდილობს მასწავლებელთა რუსულ ენაში გადამზადებას. 8 დეკემბერს სერტიფიკატები წინაგარისა და ორჭოსანის საშუალო სკოლის მასწავლებლებსაც გადაეცათ. ივნისში ცენტრი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონშიც გაიხსნა.

იკოთის სკოლის პედაგოგების დაჯილდოება

რბილი ძალა რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს რუსეთის გავლენის გასაზრდელად საზღვარგარეთ, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსული რბილი ძალის პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობები. აფხაზეთში სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელია დმიტრი ფედოტოვი, ცხინვალის რეგიონში კი - სერგეი კომისაროვი.