ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა

2023 / 10 / 05

გამოცემა: №29 / მიმოხილვის პერიოდი: 1 - 30 სექტემბერი, 2023 / ავტორი: არსენ არაქელოვი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები

სოხუმის „მერის“ ვიზიტი მოსკოვში

ქ. სოხუმის ე.წ. მერი ბესლან ეშბა 5-8 სექტემბერს მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც დაესწრო გამოფენას „Comtrans 2023“. გამოფენის გენერალური სპონსორი იყო საავტომობილო ქარხანა -  „КамАЗ“. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები სოხუმის „,მერიისთვის“ სპეცტექნიკისა და ავტობუსების შესაძენად.

ბესლან ეშბა ავტოქარხანა „ГАЗ“-ის ავტომობილში

ვიზიტი რუსეთის ქ. კალუგაში

9 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის მინისტრი, თეიმურაზ ხიშბა რუსეთის ქ. კალუგას ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ხიშბამ შეხვედრა გამართა „კალუგას საერთაშორისო აეროპორტის“ გენერალურ დირექტორთან, სალავატ კუტუშევთან. შეხვედრაზე განიხილებოდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობი საკითხები, რაც, ხიშბას თქმით, ტურისტული განვითარების მხრივ დე ფაქტო რესპუბლიკისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია.

აღსანიშნავია, რომ 26 ივლისს დე ფაქტო პარლამენტმა სოხუმის აეროპორტის აღდგენისა და ექსპლუატაციის შესახებ რუსეთთან შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა, რომლის ძალითაც რუს ინვესტორს აეროპორტი 49 წლიანი იჯარით გადაეცემა. აფხაზეთში ვვარაუდობენ, რომ პირველი მგზავრების მიღებას აეროპორტი 2024 წელს შეძლებს, კუტუშევის განცხადებით კი, კალუგას აეროპორტი მზად არის სოხუმის აეროპორტთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას პირველმა მოაწეროს ხელი.

საწვავის კრიზისი

რუსეთის მთავრობამ 21 სექტემბრიდან საწვავის ექსპორტი შეზღუდა, რასაც დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა. განცხადების თანახმად, აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება დე ფაქტო რესპუბლიკასთან უკვე დადებულ შეთანხმებას. დე ფაქტო უწყების თქმით, 2023 წელს ჯამში ოკუპირებული რეგიონი მიიღებს 70 ტონა АИ-92 საწვავს,  23 ტონას АИ-95 საწვავს და 30 ტონა დიზელს.

ტურისტული სეზონი

ზაფხულში  ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ახალი ათონის მღვიმეს 237 ათასი ადამიანი ეწვია, რაც 8 ათასით ნაკლები არის გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ჯამში, გაყიდული ბილეთების შემოსავალმა 167 მლნ რუსული რუბლი შეადგინა (დაახლ. 1 მლნ 700 ათასი აშშ დოლარი).

გარდა ამისა, დე ფაქტო ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით, 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე „რიწის ეროვნულ პარკს“ ეწვია 439 060 ვიზიტორი, გაყიდული ბილეთების შემოსავალმა კი 289 მლნ რუსული რუბლი შეადგინა (დაახლ. 2 მლნ 900 ათასი აშშ დოლარი). გასული წლის ანალოგიურ პერიოდში პარკს ეწვია 492 954 ადამიანი, ფინანსურმა მოგებამ კი 309 მლნ რუსული რუბლი (დაახ. 3 მლნ 100 ათასი აშშ დოლარი) შეადგინა. აფხაზეთში ტურისტების უმრავლესობა რუსეთიდან არის.

რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები

კურატორის ვიზიტი

15 სექტემბერს ცხინვალის რეგიონს რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, დიმიტრი ვოლვაჩი და სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ანტონ მელნიკი ეწვივნენ.

ხანგრძლივი ვიზიტის ფარგლებში ვოლვაჩმა დაათვალიერა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის მიზნით შემუშავებული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები.

ვიზიტის პირველ დღეს ვოლვაჩმა დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარესთან, კონსტანტინ ჯუსოევთან ერთად დაათვალიერა საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მშენებარე 150 ბავშვზე გათვლილი ბანაკის - „მზიუგომი“ მშენებლობის პროცესი, რომელიც შენდება ჯავის რაიონში ყოფილი ტურისტული ბაზის ტერიტორიაზე. სარემონტო სამუშაოების დასრულებას 2024 წელს გეგმავენ.

ამავე დღეს გაიმართა ორმხრივი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე ვოლვაჩმა განაცხადა, რომ რეგიონს გააჩნია რესურსი, რომელიც ტურიზმის განვითარების შესაძლებლობას იძლევა. ასევე, აღინიშნა, რომ რეგიონს სჭირდება მეტი კერძო ინვესტორი, დიდი პროექტები, რისთვისაც საჭიროა მუშაობა, რათა „მეზობელმა-პარტნიორმა სახელმწიფოებმა დაინახონ ამის ინტერესი“. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რუსული ენერგეტიკული კომპანიის, „ინტერ რაო“-სთვის არსებული დავალიანების დაფარვის საკითხი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონს ელექტროენერგიით ამარაგებს.

ვოლვაჩმა დე ფაქტო პრეზიდენტთან, ალან გაგლოევთანაც გამართა შეხვედრა, რომელზეც არაერთი საკითხი განიხილეს, მათ შორის ცხინვალის რეგიონში სამშენებლო მასალების წარმოების საკითხი. ამ მიზნით რეგიონში დაარსდა კომპანია „ირ-ბაზალტ“, რომლის ქარხანაც რუსული დაფინანსებით აშენდა. მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, კომპანიას წარმოება ჯერ არ დაუწყია. წინასწარი ვარაუდით, ქარხანა „სახელმწიფო ბიუჯეტში“ 60 მლნ რუბლზე მეტს შეიტანს. შეხვედრაზე ვოლვაჩმა გაამახვილა ყურადღება, რომ ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ქარხანამ ფუნქციონირება უახლოეს მომავალში დაიწყოს და დე ფაქტო რესპუბლიკამაც პირველი შემოსავალი მიიღოს.

გარდა ამისა, განიხილებოდა „ქვემო ზარამაგი-როკის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციის პროცესი. პუნქტის საშუალებით რუსეთსა და რეგიონს შორის საავტომობილო მიმოსვლა ხორციელდება. ქვემო ზარამაგის სგპ-ის რეკონსტრუქცია 2023 წლის 20 ივნისს დაიწყო. ვოლვაჩმა აღნიშნა, რომ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსთვის სგპ-ის რეკონსტრუქციის საკითხი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია.

დიმიტრი ვოლვაჩისა და ალან გაგლოევის შეხვედრა

საწვავის კრიზისი

11 სექტემბერს დე ფაქტო პარლამენტში განიხილებოდა რეგიონში საწვავზე ფასის მატების საკითხი, რასაც ე.წ. ეკონომიკური განვითარების მინისტრი, ძამბოლატ ტადტაევი ხსნის იმით, რომ ნავთობპროდუქტების ბირჟაზე იანვრიდან აგვისტოს თვემდე საწვავის საექსპორტო ფასმა 261.8%-ით იმატა. მიუხედავად ამისა, ტადტაევის განცხადებით, რომ არა რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, საწვავის ფასი ოკუპირებულ რეგიონში გაცილებით დიდი იქნებოდა. ამასთან, დე ფაქტო მინისტრის თქმით, რეგიონზე გავლენას არ იქონიებს რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება საწვავის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ და, როგორც აფხაზეთის შემთხვევაში, ოკუპირებული რეგიონი განაგრძობს რუსეთიდან საწვავის მიღებას. 2023 წელს ჯამში რეგიონი მიიღებს 8 ტონა АИ-92 საწვავს და 1.1 ტონა დიზელს.

პირველი კერძო ინვესტიცია სამშენებლო ბიზნესში

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პირველად აშენდება 72 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსი კერძო ინვესტიციით. ამჟამინდელი ინფორმაციით, კერძო ინვესტორს განხორციელებული აქვს წარმატებული პროექტები, როგორც რუსეთში, ასევე ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიაში.

აღსანიშნავია, რომ რეგიონში კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სახლების სიმწირის მწვავე პრობლემაა. ამ ინვესტიციამდე რეგიონში ყველა საცხოვრებელი სახლი შენდებობა „სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში და გათვლილი იყო მხოლოდ იმ „მოქალაქეებზე“, რომლებსაც ესაჭიროებოდათ საცხოვრებელი სახლის განახლება/მიღება, რისთვისაც ადამიანები თავიანთ რიგს წლების განმავლობაში ელიან. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კერძო ინვესტორის მოზიდვა უშუალოდ გაგლოევის ჩართულობის შედეგია. კორპუსის ექსპლუატაციაში ჩაბარება 2025 წლის ბოლომდე იგეგმება.