ყოველთვიური მიმოხილვა

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები: ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების მიმოხილვა

2023 / 11 / 06

გამოცემა: N13 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 ოქტომბერი, 2023

მიმოხილვა მზადდება  პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

აფხაზეთი

შეხვედრა პუტინთან და ლავროვთან

ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერები სოჭში, 3 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდნენ, 4 ოქტომბერს კი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ლავროვი ჯერ აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიას შეხვდა, მოგვიანებით კი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერ ალან გაგლოევს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ლავროვმა და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ „2024-2025 წლებში დიპლომატიურ უწყებებს შორის კონსულტაციების გეგმას“ მოაწერეს ხელი. მსგავს გეგმას ლავროვმა ხელი მოაწერა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევთანაც. გეგმა ფორმალური დოკუმენტია, რომელიც მოსკოვსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის „საგარეო პოლიტიკაში“ თანამშრომლობის ჩარჩოს განსაზღვრავს. თუმცა, რეალურად სოხუმისა და ცხინვალის „საგარეო პოლიტიკა“ მხოლოდ მოსკოვის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.

სერგეი ლავროვი და ინალ არძინბა ხელს აწერენ კონსულტაციების გეგმას

4 ოქტომბერს, ლავროვისგან განსხვავებით, პუტინმა მხოლოდ ბჟანიას უმასპინძლა. პუტინი-ბჟანიას ორმხრივ ფორმატში ბოლო შეხვედრა 2020 წლის 12 ნოემბერს გაიმართა, რასაც ინტეგრაციული პროცესების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დოკუმენტის („აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საფუძველზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის  ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა“) ხელმოწერა მოჰყვა. პუტინთან შეხვედრის შესახებ ზოგადი ინფორმაცია მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ, მოგვიანებით გავრცელდა. თუმცა, შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსულ საინფორმაციო პორტალზე - „Известия“ გამოქვეყნდა ბჟანიას ინტერვიუ, სადაც გაჟღერდა საკითხები, რომლებიც სავარაუდოდ პუტინთან შეხვედრაზეც განიხილეს. ამ მხრივ ყველაზე ხმაურიანი ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის გახსნის შესახებ გაკეთებული განცხადება იყო.

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი ოჩამჩირეში

ბჟანიას თქმით, მათ უკვე მოაწერეს რუსეთთან ხელი შეთანხმებას და მოკლე პერიოდში ოჩამჩირის რაიონში გაიხსნება რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტი. ბჟანიას განცხადებით, „თბილისს ჯერ კიდევ აქვს დღის წესრიგში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება სამხედრო ძალის გამოყენებით, მიუხედავად ამჟამინდელი მთავრობის ლიდერის, ირაკლი ღარიბაშვილის პრაგმატული პოლიტიკისა“. ბჟანიამ შეთანხმების ხელმოწერის ფაქტი დაადასტურა 19 ოქტომბერს  პრეს-კონფერენციაზეც. მისი თქმით, „მყარი მშვიდობის უზრუნველყოფა აფხაზეთის ყველა მაცხოვრებლის ინტერესშია, ამიტომ მუდმივი ბაზირების პუნქტი განთავსდება ოჩამჩირეში“.

5 ოქტომბერს ამ საკითხზე განცხადება გააკეთა დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „ინტეგრაციულ პროცესებში მონაწილეობა, მათ შორის სამხედრო სფეროში, აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენული უფლებაა. რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პუნქტის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა ჩვენი ხალხის ძირეულ ინტერესებს შეესაბამება და ხელს უწყობს ჩვენი უსაფრთხოების განმტკიცებას“.

ოჩამჩირის პორტი ქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე მოქვსა და ჯუყმურს შორის ხელოვნურად შექმნილ ყურეში მდებარეობს. ამჟამინდელი მონაცემებით, პორტს ჯამში 10 საპატრულო გემის (პორტში 10-მდე „სობოლისა“ და „მანგუსტის“ კლასის სანაპირო დაცვის გემი/კატერი დგას) მიღება შეუძლია. 2009 წლის აპრილში რუსეთსა და აფხაზეთს შორის დაიდო შეთანხმება საერთო „სახელმწიფო“ საზღვრის დაცვის შესახებ, ხოლო ამავე წლის ბოლოს პორტში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დაცვის საპატრულო ხომალდები განთავსდა, რომლებსაც ოკუპირებული აფხაზეთის საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალებათ.

ოჩამჩირეში რუსული ბაზის გახსნის საკითხი ყურადსაღებია უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიის კონტექსტში. არსებული ცნობების მიხედვით, რუსეთის ფლოტის ნაწილი გადაყვანილია ნოვოროსიისკისა და ფეოდოსიის (რომელიც ყირიმში მდებარეობს) პორტებში. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პორტებიც უკვე დაუცველია უკრაინული შეიარაღების მიმართ, ოჩამჩირის პორტი რუსეთისთვის შეიძლება შავიზღვისპირეთის ფლოტის განთავსებისთვის ახალი უსაფრთხო ადგილი გახდეს. ამ ეტაპზე დიდი ზომის გემების მიღება შეუძლებელია, მაგრამ არსებული ინფრასტრუქტურის პირობებშიც კი, შესაძლებელია შედარებით მცირემასშტაბიანი სამხედრო-საზღვაო ოპერაციების წარმართვა.

ოჩამჩირეში პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით 24 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმაც გააკეთა განცხადება. ზელენსკის თქმით, უკრაინა თავს არ შეიკავებს აფხაზეთში რუსეთის სამხედრო გემებზე თავდასხმისგან. უკრაინული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი ცდილობს ყირიმიდან ხომალდების გაყვანას და მათ ნოვოროსიისკში განთავსებას, თუმცა ყველა სამხედრო ხომალდის განთავსება აქ შეუძლებელია, ამიტომაც რუსეთი ამისთვის ოჩამჩირის პორტის გამოყენებას გეგმავს, სადაც რუსეთმა განაახლა ინფრასტრუქტურა.

პორტის საკითხზე რუსეთის ოფიციალურ პირებს რაიმე განცხადება არ გაუკეთებიათ. ძირითადი განცხადებები ექსპერტებმა და ყოფილმა სამხედროებმა გააკეთეს. თუმცა, გარკვეული შიშები უკვე გაჩნდა აფხაზეთში, რომ უკრაინული სამხედროები ოჩამჩირეს მისწვდებიან.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, სამხედრო საზღვაო ფლოტის გამართული ფუნქციონირებისთვის, სოფ. ფიჩორთან, ანაკლიიდან 4 კმ-ში ოქტომბრის დასაწყისში მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. ადგილობრივების ინფორმაციით, ადგილზე მიმდინარეობს რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების განთავსების პროცესი, რაც უკრაინული დრონებისა და რაკეტების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული და ოჩამჩირის ბაზის დამხმარე ფუნქციას შეასრულებს.

ოჩამჩირის პორტი 2023 წელს (წყარო: Google)

ვინ აღადგენს სოხუმის აეროპორტს?

ხანგრძლივი გაურკვევლობის შემდეგ დასახელდა კომპანია, რომელიც სოხუმის აეროპორტს აღადგენს. 27 ოქტომბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას „ვ. გ. არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტის“ კომპლექსური რეკონსტრუქციის შესახებ. დე ფაქტო მთავრობამ რუსულ კომპანიასთან - „ინფრასტრუქტურული განვითარება“ დადო შეთანხმება. კომპანიის მფლობელი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ოკუპირებული რეგიონების კურატორის, რაშიდ ნურგალიევის შვილი რაშიდ ნურგალიევია. მისი თქმით, „აფხაზეთის კურორტებისადმი რუსი ტურისტების ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. აეროპორტის გახსნა კი ტურისტებს საშუალებას მისცემს სწრაფად და კომფორტულად ჩავიდნენ აფხაზეთის კურორტებზე“.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) არ ცნობს სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ICAO-მ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი. იმის მიუხედავად, რომ სოხუმიდან საერთაშორისო ფრენები ვერ განხორციელდება, რუსეთის მხრიდან აეროპორტის რეკონსტრუქციისადმი ინტერესი რუსეთზე დაწესებული სანქციებითაც შეიძლება აიხსნას, რის გამოც რუსეთიდან არაერთი მიმართულებით ფრენებზე შეზღუდვებია დაწესებული. აეროპორტის აღდგენა ბჟანიას წარმატებაც იქნება, რადგან ამის პირობა მან „წინასაარჩევნოდ“ გასცა.

„საგარეო-პოლიტიკური“ აქტივობა

  • რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში გაერთიანების საკითხი ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტუალური გახდა. ბჟანიას განცხადებით, აფხაზეთს სურს მონაწილეობა მიიღოს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტერიტორიებზე მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებში, ხოლო ბელარუსთან და რუსეთთან ერთობლივ კავშირში შესვლა „იქნება ახალი სინერგია, განვითარებისა და დაახლოების შესაძლებლობა ეთნოსებისთვის და უსაფრთხოების უფრო მაღალი დონე“. არძინბას განცხადებით,  აფხაზეთი მხარს უჭერს სამოკავშირეო სახელმწიფოს, სადაც შეიძლება აფხაზეთიც გაწევრიანდეს. არძინბას თქმით, მინსკის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის საფუძველი იქმნება. აფხაზური საქონელი უკვე გამოჩნდა ბელარუსის ბაზარზე, სადაც იყიდება აფხაზური ღვინო, ლიმონათი და წყალი, ბელარუსში ასევე გახსილია სავაჭრო სახლი „აფხაზია“. ასევე განიხილება ოჩამჩირის რაიონში ერთობლივი მსხვილი საკურორტო კომპლექსის მშენებლობა.
  • მინსკის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარებასთან დაკავშირებით სოხუმის ოპტიმიზმი ბოლო პერიოდში ბელარუსთან გახშირებული ურთიერთობითაც არის განპირობებული. მაგ. 27 ოქტომბერს მინსკს დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია, მათ შორის საგარეო საქმეთა, ჯანდაცვის, შსს, კულტურის, საგანგებო სიტუაციების დე ფაქტო მინისტრები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბელარუსის მთავრობის აპარატის უფროსს, კონსტანტინ ბურაკს შეხვდნენ, მსგავსი დონის ვიზიტი მიუთითებს, რომ მინსკში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის კარი სულ უფრო მეტად იხსნება. ვიზიტის ფარგლებში აფხაზური დელეგაციის წევრების პროფილური უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრები იყო დაგეგმილი. არძინბა მინსკში შეხვდა რუსეთის ელჩს ბორის გრიზლოვსაც.

შეხვედრა მინსკში

  • 19 ოქტომბერს გერმანიაში დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ხიბლა ამიჩბას ორგანიზებით საღამო ჩატარდა, რომელიც აფხაზეთის თემატიკას მიეძღვნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საგარეო პოლიტიკის გერმანული საზოგადოების ექსპერტმა კრისტიან ვიპერფიურტმაც, რომელიც გერმანულ-რუსული ფორუმის წევრია.
  • ოქტომბერში პალესტინის საკითხი აფხაზეთშიც აქტუალური იყო. არძინბას განცხადებით, აშშ-მა შეუშალა ხელი აფხაზეთსა და პალესტინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას. მისი თქმით, მათ კარგი დიალოგი აქვთ რუსეთში პალესტინის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელთან, ასევე რუსეთში პალესტინის ელჩთან, მაგრამ აშშ-ის წარმომადგენლებმა ხელი შეუშალეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას. არძინბას განცხადებით, უნდა შეიქმნას სრულფასოვანი პალესტინური სახელმწიფო.
  • პალესტინელთა მხარდაჭერის მიუხედავად, დე ფაქტო ხელისუფლებამ უარი თქვა ლტოლვილების მიღებაზე. დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შამბას განცხადებით, რუსმა მესაზღვრეებმა პალესტინელი ლტოლვილების მიერ საკონტროლო-გაშვებ პუნქტ „ენგურის“ უკანონო გადაკვეთის ფაქტი აღკვეთეს. მისი თქმით, 13 ადამიანი, რუსეთში მოხვედრის მიზნით, აფხაზეთს ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა. შამბას თქმით, მათ ქართულმა მხარემ უთხრა, რომ ენგურის მეორე მხარეს უკვე რუსეთში მოხვდებოდნენ. შამბას განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით პალესტინელები საქართველოში დააბრუნეს. შამბას შეფასებით, აფხაზეთში არსებული ეკონომიკური ვითარება ლტოლვილების მიღების შესაძლებლობას არ იძლევა.
  • საკადრო ცვლილებებია „ელჩების“ მიმართულებით. ბჟანიას განკარგულებით სირიაში აფხაზეთის „ელჩი“ ბაგრატ ხუტაბა „ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობაში პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად“ დაინიშნა. ხუტაბამ ასევე დატოვა სირიაში „ელჩის“ თანამდებობა. ხუტაბა განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა. მისი მოღვაწეობის პერიოდში იგი სირიაში მოქმედ გაეროს წევრი რამდენიმე ქვეყნის დიპლომატს შეხვდა. მის ადგილას 31 ოქტომბერს ალი მუხამადი დაინიშნა, რომელიც „საელჩოში“ მრჩეველ-დესპანის თანამდებობას იკავებდა. იგი სირიელი ჩერქეზია და 2013 წელს დაბრუნდა აფხაზეთში.

გალის შეხვედრების აღდგენის მოთხოვნა

დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ირაკლი ტუჟბას განცხადებით, აფხაზეთმა მოამზადა წინადადება გალის შეხვედრების აღდგენის საკითხზე, რომელსაც ჟენევის დისკუსიების თანათავჯდომარეების ვიზიტის დროს განიხილავენ. ტუჟბას განცხადებით, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფორმატია, ჟენევის პროცესის ნაწილი, ე.წ. უსაფრთხოების ადგილობრივი მექანიზმი. ტუჟბას თქმით, სოხუმი 2021 წელს გამოვიდა ამ საკითხზე წინადადებით, მაგრამ ქართული მხარე ამ საკითხზე ორი წელია უკვე არანაირ აქტიურობას და სურვილს არ ავლენს. გალის შეხვედრები, ერგნეთის შეხვედრისგან განსხვავებით, 2018 წლიდან აღარ იმართება და ბოლო პერიოდში სოხუმი მისი აღდგენით განსაკუთრებით მოწადინებულია. სოხუმს ამ საქმეში მოსკოვიც მხარს უჭერს, თუმცა თბილისის პოზიცია ამ საკითხზე ამ დრომდე უცნობია.

ცხინვალის რეგიონი

საკადრო ცვლილებები

ცხინვალის რეგიონში მნიშვნელოვანი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებებია. ე.წ. ლტოლვილთა კომიტეტის ბაზაზე შრომისა და სოციალური დაცვის დე ფაქტო სამინისტრი შეიქმნა. ახალი „სამინისტრო“ ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების დე ფაქტო სამინისტროსგან სოციალური უზრუნველყოფის სფეროს ფუნქციები გადაეცემა. ახალ „მინისტრად“ ოლეგ გაგლოევი დანიშნა, რომელმაც იუსტიციის „მინისტრის“ პოსტი დატოვა. ცალკე კომიტეტის სახით ჩამოყალიბდა ტურიზმის განვითარების „სააგენტო“. აღნიშნული ცვლილებები დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის დაპირებაც იყო, რომელიც მან მაისში „პარლამენტში“ ყოველწლიური მოხსენების დროს გასცა.

დე ფაქტო მთავრობაში გაჩნდა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის - ფინანსთა მინისტრისა და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის - იუსტიციის მინისტრის თანამდებობები. დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის - ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ალან ჯიოევი დაინიშნა, რომელიც ადრე დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. ჯიოევი არსენ გაგლოევის სიძეა.  არსენ გაგლოევი, რომელიც ამჟამად „გაზპრომში“ მაღალ თანამდებობას იკავებს, ცხინვალის რეგიონში „რუხ კარდინალად“ ითვლება. დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი უფროსი ალან მარგიევი გახდა, რომელიც მანამდე სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო.

დე ფაქტო თავმჯდომარის მოადგილედ - ფინანსთა მინისტრად ძამბოლატ ტადტაევი დაინიშნა, რომელიც მანამდე მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე - ეკონომიკური განვითარების მინისტრი იყო. კაზბეკ ცარიკაევმა ფინანსთა მინისტრის პოსტი დატოვა. ცარიკაევი წარსულში ჩრდილოეთ ოსეთში ფინანსთა მინისტრი იყო და ოკუპირებულ რეგიონში დე ფაქტო ფინანსთა მინისტრად 2023 წლის აპრილში დაინიშნა. მის მოკლევადიან „მინისტრობას“ რეგიონის „ბიუჯეტში“ წარმოქმნილ დეფიციტს უკავშირებენ.

დე ფაქტო ეკონომიკური განვითარების მინისტრად სარმატ კოტაევი დაინიშნა, რომელიც მანამდე დე ფაქტო მთავრობის აპარატის უფროსი იყო. კოტაევს რუსეთის ეკონომიკის სამინისტროსთან აქტიური მუშაობა მოუწევს და რუსეთის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების განხორციელებაზე იქნება პასუხისმგებელი.

ცვლილებებია დე ფაქტო პარლამენტშიც, სადაც რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარე შეიცვალა.

ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა ოკუპირებულ ახალგორის რაიონშიც. მურთაზ ვალიევი ადგილობრივებს გაგლოევმა პირადად წარუდგინა. ვალიევმა ილარიონ გაგიევი შეცვალა. გაგიევის მოხსნას მის პირველ მოადგილე რეზო დევიძესა (თანამდებობა დევიძემაც დატოვა) და რაიონის „დეპუტატ“ ზაზა დრიაევთან დაპირისპირებასაც უკავშირებენ. აღნიშნული პირები გაგლოევთან დაახლოებულებად ითვლებიან. თავად ვალიევი ყოფილი მილიციონერი და ლეონიდ თიბილოვის „პრეზიდენტობის“ დროს კრიმინალური მილიციის „უფროსი“ დე ფაქტო შს მინისტრის მოადგილეც იყო.

„საგარეო-პოლიტიკური“ აქტივობა

  • დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ახსარ ჯიოევის განცხადებით, სამოკავშირეო სახელმწიფოსთან კონტაქტების დამყარება პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მხრივ ცხინვალი სოხუმთან შედარებით უფრო პასიურია. ბელარუსში ერთადერთი ვიზიტი 22 ივნისს შედგა, როდესაც ცხინვალის დელეგაციამ მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
  • 18 ოქტომბერს, მოსკოვში, ჯიოევი სამოკავშირეო სახელმწიფოს სახელმწიფო მდივან დმიტრი მეზენცევს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა მიუთითებს, რომ ცხინვალი სოხუმის მსგავსად ცდილობს ამ მიმართულებით გააქტიურებას.
  • ჯიოევი 20 ოქტომბერს მოსკოვში რეგიონში ნიკარაგუის ელჩ ალბა მეხიას შეხვდა.
  • 27 ოქტომბერს ჯიოევი ავსტრიაში საგარეო საქმეთა სამინისტროს ე.წ. წარმომადგენელს, პატრიკ პოპელს შეხვდა. პოპელმა „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობაზე ლექციაც წაიკითხა. იგი კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი და ავსტრიაში ოკუპირებული რეგიონების ლობისტია.

ახსარ ჯიოევის შეხვედრა პატრიკ პოპელთან

„ჯაშუშების“ გამოვლენა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის, ალექსეი ვარზიევის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთის 50-ზე მეტი მოქალაქე ეჭვმიტანილია საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში“. მისი შეფასებით, ქართული მხარე კავშირებს ამყარებს ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებთან და კრიმინალურ სტრუქტურებთან. ვარზიევის თქმით, რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ოსური საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებს შორის აქტიური ურთიერთობა გრძელდება. ამის მიზანი კი ოსურ საზოგადოებაში განხეთქილების შეტანა და რუსეთთან დაახლოების პროცესისთვის ხელის შეშლაა. მსგავსი ბრალდებები ხშირად გაისმის დე ფაქტო რესპუბლიკის „სპეცსამსახურების“ მხრიდან, რომლებიც სამოქალაქო აქტივისტებს და ძირითადად ოკუპირებულ ახალგორის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს ქართულ „სპეცსამსახურებთან“ კავშირში „ამხელენ“. მსგავსი განცხადებების მიზანი უფრო მოსახლეობის დაშინებაა.

პაციენტები ცხინვალის რეგიონიდან

დე ფაქტო ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების მინისტრის მოადგილის, როდიონ სიუკაევის განცხადებით, რეგიონის გარეთ ტრანსპორტირებული პაციენტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირდა. მისი თქმით, „მეზობელ სახელმწიფოში“ გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია 85 კაცს დასჭირდა; გადაწყვეტილება თუ სად უნდა მოხდეს პაციენტის ტრანსპორტირება - რუსეთსა თუ „მეზობელ სახელმწიფოში“ (იგულისხმება საქართველო), მიიღება პაციენტის მდგომარეობისა და კონკრეტული შემთხვევის მიხედვით. ეს საკითხი, ოკუპირებულ რეგიონში განსაკუთრებით მგრძნობიარე თემაა, რადგან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რეგიონის მოსახლეობის მკურნალობის მიზნით გადაადგილება დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ნეგატიურად აღიქმება, რადგან, მათი შეფასებით, ეს თბილისის „რბილი ძალის“ პოლიტიკის ნაწილია. ცხინვალისთვის მთავარი გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჯანდაცვის სერვისის მიღება ნაკლებ ბიუროკრატიასთან არის დაკავშირებული და უფრო ეფექტურია, ვიდრე ეს ცხინვალში ან რუსეთში მკურნალობის შემთხვევაშია.

„ქვემო ზარამაგის“ რეკონსტრუქცია

დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენელს, მიხაილ კოკაევთან „ქვემო ზარამაგის“ გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციის საკითხი განიხილა. თუ ამჟამად 10 საავტომობილო ზოლია, რეკონსტრუქციის შემდეგ 20 ზოლის ამოქმედება იგეგმება. კოკაევის განცხადებით, გამტარიანობა მსუბუქი მანქანების შემთხვევაში 4-ჯერ გაიზრდება, სატვირთოების შემთხვევაში კი 2-3 ჯერ. პროექტის მიზანია პუნქტი 7 ათასზე მეტმა მანქანამ გადაკვეთოს და ამავე დროს არ შეიქმნას საცობები. ამჟამად პუნქტს კვეთს 1500-ზე მეტი მანქანა, მათ შორის 1400 მსუბუქი, რაც 5 ათასზე მეტ ადამიანს ნიშნავს. პროექტის დასრულება 2026 წელს იგეგმება.

პუნქტი მდებარეობს რეგიონსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელ მთავარ სახმელეთო მარშრუტზე, რომელიც რთულ გეოგრაფიულ რეგიონში გადის და ხშირად არის საცობები, რაც დე ფაქტო ხელისუფლებისთვის გამოწვევაა. ამ შემთხვევაში კრიტიკის მთავარი ობიექტი დე ფაქტო პრეზიდენტია, რომლის ერთ-ერთი „წინასაარჩევნო“ დაპირება საცობების პრობლემის მოგვარება იყო. ეს საკითხი შიდა პოლიტიკური დაპირისპირების საგანია, განსაკუთრებით 2024 წელს დაგეგმილი არალეგიტიმური არჩევნების ფონზე. ამიტომაც, გაგლოევისთვის პროექტის დროული დაწყება პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია.