ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა

2024 / 03 / 11

გამოცემა: №33 / მიმოხილვის პერიოდი: 1 იანვარი - 29 თებერვალი, 2024 / ავტორი: არსენ არაქელოვი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები

ბჟანიას ვიზიტი მოსკოვში და საწვავის კრიზისი

30 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრთან, კრისტინა ოზგანთან და დე ფაქტო ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრთან, ჯანსუღ ნანბასთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა. ვიზიტის მიზანი აფხაზეთში შექმნილი საწვავის კრიზისის მოგვარება იყო.

მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ბჟანია შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვსა და სხვა არა ერთ მაღალჩინოსანს. ვიზიტის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. 21 თებერვალს ბჟანიამ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს - „ТАСС“ ინტერვიუ მისცა, რომელშიც არაერთ საკითხს შეეხო, მათ შორის, პირველად გაასაჯაროვა მისი ვიზიტის დეტალები.

საწვავის კრიზისი მას შემდეგ შეიქმნა, რაც რუსეთის გადაწყვეტილებით აფხაზეთში ნავთობპროდუქტების შეტანის უფლება მხოლოდ „როსნეფტს“ მიენიჭა. ბჟანიას თქმით, მოლაპარაკებების შედეგად, დე ფაქტო რესპუბლიკას საწვავი რეგულარულად მიეწოდება და დეფიციტი არ შეიქმნება, მომავალში კი მხარეები შეთანხმდებიან ოპტიმალურ გადაწყვეტილებაზე.

ასლან ბჟანიასა და სერგეი ლავროვის შეხვედრა

ავტომობილების დაზღვევა

ოკუპირებულ აფხაზეთში განიხილავენ ჯარიმის გაზრდას იმ ავტომფლობელებისთვის, რომლებიც რუსულ ნომრიანი ავტომობილებით ე.წ. რესპუბლიკის საზღვრის კვეთისას არ აზღვევენ კუთვნილ ავტომობილებს. ამჟამად ჯარიმის ოდენობა 600 რუბლია, ინიციატივის თანახმად კი ეს ჯარიმა 5 ათას რუბლამდე უნდა გაიზარდოს.

აფხაზეთში ავტომობილების სავალდებულო დაზღვევის „კანონმდებლობა“ 2006 წლიდან არსებობს, თუმცა მისი აღსრულება მხოლოდ 16 წლის შემდეგ დაიწყო. ჯარიმის მცირე ოდენობა, როგორც ჩანს, რუსულნომრიანი ავტომფლობელებისთვის არ არის საკმარისი „სტიმული“, რათა დე ფაქტო რესპუბლიკაში შესვლისას კუთვნილი ავტომობილები დააზღვიონ.

ამჟამად აფხაზეთში ოთხი კომპანია ფუნქციონირებს, რომლებიც „უცხონომრიან“ ავტომობილებს აზღვევენ. ოთხივე „სახელმწიფოსა“ და კერძო პირების თანაბარ მფლობელობაშია. 15 დღიანი დაზღვევის საფასური ათასი რუბლია, ხოლო ერთთვიანის - 1.5 ათასი რუბლი.

ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა სადაზღვევო კომპანიამ, „გარანტ-სტრახოვანიე“, 2023 წელს დაახლოებით, 90 ათასი ავტომობილი დააზღვია, რაც ორჯერ მეტია 2022 წლის მონაცემებთან შედარებით.

ღვინის წარმოების კრიზისი

ოკუპირებულ აფხაზეთში ღვინის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი - „აფხაზეთის ღვინო და წყლები“, რომელსაც აჩბების ოჯახი ფლობს, უკვე ერთ თვეზე მეტია არ ფუნქციონირებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, დე ფაქტო მთავრობამ ღვინის წარმოებისთვის საჭირო მასალებზე 30 პროცენტიანი აქციზის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ეს წარმოებისთვის ხელისშემშლელია და ზრდის პროდუქციის ღირებულებას. დისტრიბუტორებმა კომპანიას განუცხადეს, რომ ღვინოზე ფასის გაზრდის შემთხვევაში, ისინი საქონელს ვერ გაყიდიან. ამჟამად, კომპანია დე ფაქტო მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. კომპანია რუსეთში აფხაზური ღვინის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია.

ვაკანსიები „სოხუმის აეროპორტში“

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ ვაკანსიები გამოაცხადა „ვ. არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტში“ დასაქმების მსურველებისთვის. აეროპორტის აღდგენით სამუშაოებს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის შვილის, რაშიდ ნურგალიევის კომპანია აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტიდან ტექნიკური ფრენები დაიწყება არაუგვიანეს 2024 წლის ივლისისა, ხოლო სრულ ფუნქციონირებას აეროპორტი 2024 წლის 31 დეკემბრიდან დაიწყებს, თუ „საერთაშორისო სამხედრო სიტუაცია არ გამწვავდება“. დაწესებული აკრძალვის გამო აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენები ვერ განხორციელდება და ფრენები მხოლოდ რუსეთის მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

საახალწლო არდადეგების ტურისტული სტატისტიკა

დე ფაქტო ტურიზმის სამინისტროს ცნობით, 2024 წლის საახალწლო არდადეგებზე ოკუპირებული აფხაზეთი რუს ტურისტებში პოპულარობით სარგებლობდა და ვიზიტორთა ოდენობით ათეულში შევიდა. „უწყების“ ცნობით, წელს აფხაზეთს 5%-ით მეტი რუსი ტურისტი ეწვია 2023 წლის საახალწლო არდადეგების მონაცემებთან შედარებით, რაც გამოწვეულია სასტუმროების მიერ შეთავაზებული უკეთესი სერვისით.

რუს ტურისტებში პოპულარობით „რიწის ეროვნული პარკი“ სარგებლობდა. 1-10 იანვრის პერიოდში პარკს 10 127 ადამიანი ეწვია. გაყიდული ბილეთებით ფინანსურმა სარგებელმა 6 მლნ 525 ათასი რუსული რუბლი შეადგინა. შედარებისთვის, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში პარკს 10 077 ადამიანი ეწვია, ფინანსურმა მოგებამ კი 6 მლნ 531 ათასი რუბლი შეადგინა.

არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა ახალი ათონის მღვიმეც, რომელსაც 1-10 იანვრის პერიოდში 7 324 ადამიანი ეწვია, ფინანსურმა სარგებელმა კი 5 მლნ 126 ათასი რუბლი შეადგინა. შედარებისთვის, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მღვიმეს 6 395 ვიზიტორი ეწვია, სარგებელმა კი 4 მლნ 476 ათასი რუბლი შეადგინა.

მანდარინის ექსპორტი

დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა შეაფასა ციტრუსის სეზონი და განაცხადა, რომ 25 იანვრის მონაცემებით, აფხაზეთიდან რუსეთში ექსპორტზე 25 ათასი ტონა მანდარინი გავიდა. წარმომადგენლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს ექსპორტზე 39 ათასი ტონა გავიდა, წლევანდელი მოსავალი კარგი ხარისხის იყო, რამაც მის საფასურზეც მოახდინა გავლენა და აფხაზეთში ერთი კილო მანდარინის ფასი 80 რუბლამდე ადიოდა.

რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები

საწვავ-საპოხ მასალაზე საექსპორტო საბაჟო გადასახადის გაუქმება

10 იანვარს რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის საწვავ-საპოხ მასალაზე საექსპორტო საბაჟო გადასახადის გაუქმების შესახებ გაფორმებული შეთანხმება ძალაში შევიდა. საქმე ისაა, რომ რუსეთის მთავრობამ 2023 წლის 21 სექტემბრიდან საწვავის ექსპორტი შეზღუდა, 1 ოქტომბრიდან კი იმ ქვეყნებს, ოკუპირებული რეგიონების ჩათვლით, რომლებშიც საწვავი დადებული ხელშეკრულების ფარგლებში რუსეთიდან მაინც გადის ექსპორტზე, დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევდათ.

2023 წლის მიწურულს დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა თავის წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებული რეგიონისთვის გააუქმებს საწვავ-საპოხ მასალაზე არსებულ საექსპორტო საბაჟო გადასახადს. გაგლოევი ამ საკითხზე ალექსანდრ ნოვაკს, რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილესა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორს ესაუბრა, რის შემდეგაც, 30 დეკემბერს, მოსკოვში ხელი მოეწერა გადასახადის გაუქმების პროტოკოლს. შეთანხმება 10 იანვარს შევიდა ძალაში.

ალან გაგლოევისა და იგორ მასლოვის შეხვედრა

1 თებერვალს გაგლოევი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსს, იგორ მასლოვს შეხვდა. მასლოვი რეგიონს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. შეხვედრაზე გაგლოევმა მადლობა გადაუხადა მასლოვს რუსეთის მთავრობის მიერ საწვავ-საპოხ მასალაზე საექსპორტო საბაჟო გადასახადის გაუქმების გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობისთვის. მასლოვი გაეცნო „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს. პროგრამა შემუშავებულია რუსეთის მთავრობის მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას.

ალან გაგლოევისა და იგორ მასლოვის შეხვედრა

„პროდექსპო 2024“

5-9 თებერვალს მოსკოვში გაიმართა „პროდექსპო 2024“, რომელიც რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ წარმოებული საკვები პროდუქტების და სასმელი წყლების ყოველწლიური გამოფენაა. გამოფენაში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ცხინვალის მხრიდან, როგორც წინა წლებში, გამოფენაში მონაწილეობას ორგანიზება გაუკეთა რუსეთში ე.წ. სავაჭრო წარმომადგენელმა, თეიმურაზ გოგინოვმა. მისივე თქმით, ორგანიზებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა რუსეთში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „ელჩმა“, ზნაურ გასიევმა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საქონელი: ღვინო, მინერალური წყალი, ჩაი და თაფლი. გამოფენაზე თავისი პროდუქცია (ღვინო, კონიაკი, ლუდი და მინერალური წყალი) წარადგინეს ცხინვალის რეგიონში მოქმედმა კომპანიებმა: „მეღვინეობა ირონსანი“ და „მაღალმთიანი კელის ლუდსახარში“.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში წარმოებული პროდუქცია უკვე რიგით მეექვსე წელია, რაც წარმოდგენილია „პროდექსპოზე“ მოსკოვში. „მეღვინეობა ირონსანისთვის“ ეს მესამე, ხოლო „ლუდსახარშისთვის“ მეორე წელია. ბოლო წლებში ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ „პროდექსპოს“ გამოფენებში. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო ოკუპირებული აფხაზეთის პროდუქციაც, მათ შორის ალკოჰოლური სასმელებიც.

ცხინვალის რეგიონის სტენდი გამოფენაზე

ოსური ლუდი ანექსირებულ ყირიმში

2 თებერვალს ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, ძამბოლატ ტადტაევი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს ეწვია. ის სიმფეროპოლში დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე არაერთი საკითხი განიხილეს, მათ შორის, ზაფხულში ცხინვალი-სიმფეროპოლის ავტობუსის ხაზის დანიშვნა. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები ცხინვალის რეგიონიდან ყირიმში ოსური ლუდის ექსპორტზეც შეთანხმდნენ. ლუდს ახალგორში მდებარე ლუდსახარში ასხამს. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ხელი მოაწერეს ორ შეთანხმებას, რომელიც ეხება სავაჭრო და პროფესიულ თანამშრომლობას.

შეხვედრა დე ფაქტო მთავრობებს შორის