ყოველთვიური მიმოხილვა

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები: ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების მიმოხილვა

2024 / 04 / 03

გამოცემა: N18 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 მარტი, 2024

მიმოხილვა მზადდება  პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

აფხაზეთი

ნოტა მოსკოვიდან

13 მარტს აფხაზურმა ტელეგრამ-არხმა (Абхазский портал) და იუთუბ-არხმა (Апсны Хабар) გამოაქვეყნეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 8 თებერვალს გამოგზავნილი ნოტა, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთისთვის გადაცემის საკითხთან დაკავშირებით მიიღო. ნოტაში გამოთქმულია უკმაყოფილება დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებულ „საკონსტიტუციო კანონთან“ დაკავშირებით, რომლის თანახმადაც რუსეთს არ აქვს უფლება „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი“ და მასთან დაკავშირებული ობიექტები, მიწის ნაკვეთი და საზღვაო აკვატორიის ნაწილი მესამე პირს გადასცეს. მოსკოვი ასევე უკმაყოფილოა, რომ სოხუმს შეთანხმების დენონსაცია შეუძლია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა

დე ფაქტო პარლამენტმა „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია 2023 წლის 27 დეკემბერს მოახდინა. თუმცა, ასევე მიიღო „კანონი“, რომელიც გადაცემულ ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების, მიმდებარე მიწის ნაკვეთისა თუ საზღვაო აკვატორიის მესამე პირებზე გადაცემას კრძალავს. აღნიშნული შეზღუდვა დე ფაქტო პარლამენტმა აფხაზეთში არსებული განწყობების გათვალისწინებით მიიღო, რადგან საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების ნაწილი „აგარაკის“ რუსეთისთვის გადაცემას „სუვერენიტეტის“ შეზღუდვის კონტექსტში განიხილავს და შიშობს, რომ აფხაზეთის „საუკეთესო ნაწილი“ მესამე პირის, რომელიმე რუსი ოლიგარქის, საკუთრებაში შეიძლება აღმოჩნდეს.

საინტერესოა, რომ ნოტის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს, რის გამოც დე ფაქტო უწყება კრიტიკის ობიექტი გახდა. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ ნოტის გასაჯაროების გამო უკმაყოფილება გამოხატა და განაცხადა, რომ შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც საპასუხო ნოტაზე მუშაობს.

აფხაზეთში ეჭვი აქვთ, რომ რუსეთიდან მიღებული ნოტის შემდეგ შესაძლოა „საკონსტიტუციო კანონი“ შეიცვალოს. თუმცა, 14 მარტს დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ აღნიშნულ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა დე ფაქტო პარლამენტის წევრის, ინარ გიცბას მიერ 25 მარტს გაკეთებული განცხადება „დეპუტატის“ მანდატზე უარის თქმის შესახებ. იგი ერთ-ერთი „დეპუტატია“, რომელმაც „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიკაციას მხარი არ დაუჭირა.

ბჟანიას შეხვედრები მოსკოვში

19 მარტს დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ანტონ ვაინოს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდა ვაინოს მოადგილეც, ოკუპირებული რეგიონების კურატორი დიმიტრი კოზაკიც. 20 მარტს ბჟანია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს რაშიდ ნურგალიევს შეხვდა, რომელიც საბჭოში ოკუპირებულ რეგიონებს კურირებს. ბჟანიას ვიზიტი 27 მარტს დასრულდა. ბჟანია რუსეთში თებერვალშიც იმყოფებოდა.

აფხაზეთის საგარეო აქტივობა

  • 5 მარტს სირიაში ვენესუელის საელჩოში აფხაზეთის „ელჩი“ მუხამად ალი ვენესუელის ელჩ ხოსე ბიომორგის შეხვდა. თვის განმავლობაში ალი შეხვდა სირიის მთავრობის წარმომადგენლებსაც: მრეწველობის მინისტრს, უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მინისტრს, ტრანსპორტის მინისტრს. ალი ასევე შეხვდა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის პატრიარქს, დამასკოს გუბერნატორსა და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს. სირიაში აფხაზური „დიპლომატია“ განსაკუთრებით აქტიურობს, რაც ახლო აღმოსავლეთში კავშირების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

მუხამად ალის შეხვედრა დამასკოს გუბერნატორთან

  • 1-7 მარტს ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალზე, რომელიც რუსეთში, სირიუსის ფედერალურ ტერიტორიაზე ჩატარდა, ახალგაზრდა დიპლომატების მე-7 გლობალურ ფორუმში - „დიპლომატი მულტიპოლარული მსოფლიოს ეპოქაში“ აფხაზმა და ოსმა დიპლომატებმაც მიიღეს მონაწილეობა. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც. ფორუმის ფარგლებში ინალ არძინბამ განაცხადა, რომ „აფხაზეთს არ სურს კონფლიქტი საქართველოსთან, მაგრამ ხელისუფლებაში ქართველი რადიკალების დაბრუნების შემთხვევაში, რომლებიც კიევის მხარეს იბრძვიან, არ არის გამორიცხული სხვადასხვა სცენარების განვითარება“.
  • 7 მარტს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ტუჟბა დნესტრისპირეთის სეპარატისტული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრ სტეციუკს შეხვდა. სოხუმსა და ტირასპოლს შორის ინტენსიური ურთიერთობებია, რაც მათ წარმომადგენლებს შორის ხშირ შეხვედრებსა და განცხადებების გაკეთებაში გამოიხატება.
  • 12 მარტს ინალ არძინბა კე ჭილის შეხვდა, რომელთანაც ჩინეთში აფხაზეთის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის საკითხზე ისაუბრა. ჭილი სხვადასხვა ინფორმაციით, ჩინეთში „აფხაზეთის საპატიო კონსულის“ სტატუსს ატარებს და მისი სახელი წარსულშიც არაერთხელ დაკავშირებია აფხაზეთს. 14 მარტს ჭილიმ „აფხაზეთს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის“ შესახებ სტრატეგიულ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერა ხელი. ჭილიმ შეთანხმებას ხელი მოაწერა პეკინის საინფორმაციო-საკონსულტაციო კომპანია „ევრაზიის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის რანგში.

ინალ არძინბას შეხვედრა კე ჭილისთან

  • 13 მარტს დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი ლიბანში მცხოვრები აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. 14 მარტს მათ დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმაც უმასპინძლა.
  • 15 მარტს ინალ არძინბამ თავის მრჩეველ, ედგარ გვაზავასთან არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ურთიერთობის დამყარების პერსპექტივები განიხილა. არძინბამ აღნიშნა, რომ ურთიერთობის დამყარებაში მათ რუსეთი ეხმარება, საქართველო კი ხელს უშლის. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა საამიროებში აფხაზური დელეგაციის ვიზიტის ორგანიზებისთვის. ბოლო პერიოდში არძინბა ხშირად საუბრობს საამიროებთან ურთიერთობის განვითარებაზე, რაც შეიძლება მიუთითებდეს, რომ ამ მხრივ საამიროებთან გარკვეული კავშირები უკვე არსებობს.

სოხუმში UNDP-ის პასუხი არ მოეწონათ

29 თებერვალს ინალ არძინბამ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მენეჯერი, ვარდონ ხოჯა შეხვედრაზე დაიბარა, რომელსაც 7 მარტამდე მოსთხოვა USAID-ის ვებგვერდზე „აფხაზეთის დეოკუპაციასთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებული ინფორმაციის UNDP-ის ვებგვერდზე უარყოფა, ასევე, UNDP-ის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო რესურსების სიის გამოქვეყნება. ამ საკითხზე UNDP-ის მიერ გამოქვეყნებული პასუხი დამაკმაყოფილებლად არ მიიღო არძინბას უწყებამ, რომელმაც „ინფორმაციის აშკარა დამალვის“ ფაქტთან დაკავშირებით დაიტოვა უფლება „მიიღონ ადეკვატური და დროული ღონისძიებები“. ბოლო თვეებში USAID და UNDP არძინბას განსაკუთრებული სამიზნეა, რაც დასავლურ ორგანიზაციებთან ბრძოლის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. დღემდე ვერ მოხერხდა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ „კანონის“ მიღება, თუმცა გახშირდა დასავლური ორგანიზაციების საწინააღმდეგო განცხადებები.

კურატორის ვიზიტი სოხუმში

25 მარტს აფხაზეთს რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი ეწვია. ვოლვაჩი აფხაზეთში რუსეთის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების განხორციელებას კურირებს და პერიოდულად სტუმრობს ოკუპირებულ რეგიონს. ვოლვაჩმა „სოხუმის აეროპორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერა. აეროპორტის აღდგენის პროექტში რუსული კომპანია 12 მლრდ რუსული რუბლის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. ვოლვაჩის განცხადებით, 2024 წელს აფხაზეთი რუსეთისგან ჯამში 5.6 მლრდ რუსული რუბლის ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს.

სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია და მოსახლეობის გასახლების საკითხი

13 მარტს ასლან ბჟანიამ აეროპორტის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით საკოორდინაციო შტაბის შეხვედრა გამართა. ამ ეტაპზე სამშენებლო ტექნიკისა და სამუშაო პერსონალის მობილიზაცია მიმდინარეობს. ასევე მიმდინარეობს ასაფრენი ბილიკის რემონტი და გაწმენდითი სამუშაოები, ძველი შენობების დემონტაჟი. აეროპორტიდან ფრენების განხორციელებას წლის ბოლოდან იმედოვნებენ. აეროპორტის ამოქმედების შემთხვევაში, სოხუმიდან საერთაშორისო ფრენები ვერ განხორციელდება, რადგან სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) არ ცნობს სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად.

აეროპორტის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით გარკვეული შეფერხება შეიძლება შეიქმნას მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივი მაცხოვრებლების გასახლებასთან დაკავშირებით. სოფ. ბაბუშარას რამდენიმე ათეული ოჯახი წინააღმდეგია საცხოვრებელი სახლები დატოვონ და სხვაგან გადავიდნენ. თავის მხრივ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი, დე ფაქტო პირველი ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრი ჯანსუღ ნანბა აცხადებს, რომ მოსახლეობის გასახლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. თუმცა, ამავე დროს, მან განაცხადა, რომ თანამედროვე საერთაშორისო აეროპორტის ასაშენებლად არსებული ტერიტორია არ არის საკმარისი და მიმდინარეობს განვითარების გეგმის განხილვა, ე.წ. მეორე ეტაპი. ნანბას განცხადებით, აეროპორტის გაფართოების გეგმის არსებობა განპირორებულია იმ ფაქტორით, რომ აეროპორტის ინფრასტრუქტურის ნაწილი სარგებლობაში გადაეცა აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს და რუსეთის შეიარაღებული ძალების შესაბამის სტრუქტურებს.

„სპეცსამსახურების“ ანგარიში

ასლან ბჟანიამ ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის დე ფაქტო ხელმძღვანელის, თემურ ახიბას 2023 წლის ანგარიში მოისმინა. ახიბას განცხადებით, 2023 წელს მათი მუშაობის მთავარი მიმართულება იყო „პოლიტიკური ექსტრემიზმისა და არამეგობრული ქვეყნებისა და სპეციალური სამსახურების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობისთვის წინააღმდეგობის გაწევა“. ახიბას ანგარიში დე ფაქტო ხელისუფლებაში არსებულ განწყობას ასახავს, რომელიც აფხაზეთში დასავლური ორგანიზაციების გავლენას შეზღუდვის მცდელობაში გამოიხატება.

განაჩენი სამმაგი მკვლელობისთვის

14 მარტს „უზენაესმა სასამართლომ“ 2019 წელს სოხუმის სანაპიროზე მომხდარი სამმაგი მკვლელობისთვის განაჩენი გამოიტანა. საქმეს 2021 წლის აპრილიდან განიხილავდნენ. სხვადასხვა ხანგრძლივობის პატიმრობა ხუთ ბრალდებულს მიესაჯა. საქმე ეხება სოხუმში, მოხაჯირების სანაპიროზე, რესტორან „სან-რემოში“ 2019 წლის 22 ნოემბერს მომხდარ სროლებს, რის შედეგადაც დაიღუპნენ კრიმინალური ავტორიტეტები ასტამურ შამბა (ასტიკი) და ალხას ავიძბა (ხასიკი) და ასევე რესტორნის მომსახურე პერსონალი დომინიკა აკირტავა. პროცესი ჯერ არ დასრულებულა, რადგან შესაძლებელია „უზენაესი სასამართლოს“ გადაწყვეტილების გასაჩივრება.

მკვლელობამ პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. 2019 წლის 2 დეკემბერს თანამდებობები დატოვეს დე ფაქტო გენპროკურორმა და შს მინისტრმა. საბოლოო ჯამში კი, 2020 წლის იანვარში, დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტი ვადაზე ადრე დატოვა რაულ ხაჯიმბამაც. ხაჯიმბას წინააღმდეგ პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი გარდაცვლილი კრიმინალური ავტორიტეტის ნათესავი, ახრა ავიძბა იყო, რომელიც ამჟამად უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილეობს.

ცხინვალის რეგიონი

რუსეთი ცხინვალის რეგიონის შეერთებაზე უარს ამბობს

17 მარტს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ალან ალბოროვმა „РИА Новости“-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხს მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციაში განიხილავს, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით“. რუსეთთან შეერთების საკითხი პერიოდულად აქტუალური ხდება და ამ საკითხზე დე ფაქტო ლიდერებიც აკეთებენ განცხადებებს. 2023 წელს დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა წლიური ანგარიშის წარდგენის დროს იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის შემადგენლობაში მალე შევიდოდნენ.

ამ ეტაპზე მოსკოვი თავს იკავებს შეერთების მოთხოვნა დააკმაყოფილოს. 2022 წლის მაისში რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი „რესპუბლიკის შეერთების მხრივ რაიმე ნაბიჯების გადადგმას არ გეგმავს“. ამ საკითხზე 21 მარტს კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა კონსტანტინ კოსაჩევმა. მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთის ინტეგრაციის პროცესი, რუსეთის შემადგენლობაში მისი შესვლის ჩათვლით, არ ღირს ხელოვნურად ვატრიალოთ ერთ ან მეორე მხარეს, ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ორმხრივი ურთიერთობების ფორმატი პასუხობს მათ ინტერესებს“. ამ ეტაპზე ოკუპირებული რეგიონის ანექსიაზე უარით მოსკოვი თბილისისადმი კეთილგანწყობის დემონსტრირებას ცდილობს, რადგან დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების პირობებში რუსეთისთვის საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომელიც მოსკოვის შეფასებით პრაგმატიზმით გამოირჩევა, მისაღებია.

რატომ ჩამოართვეს „დეპუტატებს“ რუსეთის მოქალაქეობა?

დე ფაქტო პარლამენტის სამ წევრს: გარი მულდაროვს, დავიდ სანაკოევსა და ძამბოლატ მედოევს შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან. „დეპუტატების“ განცხადებით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის 7 თებერვლის შეტყობინება 29 თებერვალს მიიღეს, სადაც გადაწყვეტილების მიზეზად დასახელებულია „ქმედებები, რომელიც ხელს უწყობს დაძაბულობის ზრდას რუსეთის საზღვართან“. კონკრეტულად თუ რაში გამოიხატებოდა ეს ქმედებები არ არის დოკუმენტში მითითებული.

სამივე „დეპუტატი“ საქართველოსთან „სახელმწიფო საზღვრის“ დადგენას უჭერდა მხარს, მულდაროვი კი „საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის“ ხელმძღვანელი იყო. სანაკოევზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკავშირებულ საქმიანობაზე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაკავების ორდერიც გასცა.

ამ საკითხზე 11 მარტს კომენტარი გააკეთა დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმაც. მან საკითხზე მსჯელობისას ისაუბრა თუ რატომ შეიქმნა მსგავსი ვითარება და როგორი ერთობლივი სამუშაო ჩატარდა რუსულ მხარესთან ერთად ე.წ. სახელმწიფო საზღვრის საკითხზე. მისი თქმით, „ყველაფერი დაიწყო საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიის საქმიანობით, რომელიც მისი წინამორბედის ანატოლი ბიბილოვის მიერ შეიქმნა და რომელსაც გარი მულდაროვი ხელმძღვანელობდა“. მისი თქმით, „კომისიის მომზადებული დოკუმენტაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეგზავნა. საკითხის განხილვა რეგიონშიც მიმდინარეობდა“. გაგლოევის განცხადებით, „როდესაც ვითარება სწრაფად ვითარდებოდა, გაჩნდა პირდაპირი კითხვა: კიდევ რატომ იქმნებოდა სამუშაო ჯგუფები, თუკი ცალკეული ამხანაგები ცალმხრივად ცდილობენ საზღვრის შესახებ კანონში ცვლილების შეტანას“. მისი თქმით, „მან არაერთხელ განუცხადა დეპუტატებს, რომ მათი ქმედებებით ისინი ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრებოდნენ“. გაგლოევის თქმით, „სამივეს ხელში უჭირავს რუსული პასპორტები და ჯერ არავის ჩამოურთმევია“.

29 მარტს დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს და სახელმწიფო დუმას მიმართვა გაუგზავნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მიმართვას მხარს არ დაუჭირა ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის პარტიის წევრებმა. „დეპუტატები“ მოსკოვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რუსეთში გააქტიურებულ „ქართულ ლობის“ უკავშირებენ. არის მოსაზრება, რომ „საზღვრის“ დადგენის საკითხში აქტიურობა ქართულ მხარესთან ურთიერთობის დაძაბვას გამოიწვევდა, რაც ამ ეტაპზე არ შედის რუსეთის ინტერესებში, რომელიც დასავლური სანქციების პირობებში საქართველოსთან ურთიერთობებს ავითარებს.

ევრაზიული კავშირის ტარიფები

29 მარტს დე ფაქტო პარლამენტმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ერთიანი საბაჟო ტარიფისა და რუსეთის საბაჟო მოსაკრებლების გამოყენებაზე გადასვლის პროტოკოლის რატიფიკაცია მოახდინა. პროტოკოლს 2023 წლის 7 თებერვალს მოეწერა ხელი. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ცხინვალის რეგიონში გამოიყენებენ ევრაზიული კავშირის ერთიან საბაჟო ტარიფებს და რუსეთის საბაჟო მოსაკრებლებს. საქონელზე, რომელიც რუსეთიდან შემოვა არ გავრცელდება ერთიანი საბაჟო ტარიფი. იყო საფრთხე, რომ მსგავსი გადაწყვეტილება საქონლის გაძვირებას გამოიწვევდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთიდან შემოტანილ საქონელზე ეს არ გავრცელდება, გაძვირებაც საქონლის მინიმალურ კატეგორიას შეეხება. 2022 და 2023 წლებში ვაჭრობის 94% რუსეთზე მოდიოდა. ახალი ტარიფები კი მხოლოდ მესამე ქვევყნებიდან შეტანილ საქონელზე გავრცელდება,  რომელსაც მთლიან ვაჭრობაში მხოლოდ 5% უკავია.

საკადრო ცვლილებები „დაზვერვაში“

2024 წლის 1 მარტს ალან გაგლოევმა თანამდებობიდან გაანთავისუფლა ე.წ. საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი ალექსეი ვარზიევი. ვარზიევი ამ თანამდებობაზე ჯერ კიდევ გაგლოევის წინამორბედმა 2017 წელს დანიშნა. მისი მთავარი მოვალეობა იყო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სადაზვერვო საქმიანობის წარმოება.

მორიგი გაფრთხილება „სასაზღვრო“ სოფლების მაცხოვრებლებს

12 მარტს ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა შინაური ცხოველების საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა არ დაუშვან. მათი შეფასებით, ცხოველების გადაყვანა ზრდის ცხოველების ბიოლოგიური დაავადებისა და პათოგენების გადატანის რისკებს. „კომიტეტის“ განცხადებით, არის შემთხვევები, როდესაც მეპატრონეები თავად უკავშირდებიან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს ცხოველების დაბრუნებაში დახმარების მიზნით. ეს არ არის მსგავსი გაფრთხილების პირველი შემთხვევა.

ერგნეთის 118-ე შეხვედრა

20 მარტს სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 118-ე შეხვედრა გაიმართა. წელს ეს უკვე მეორე შეხვედრაა, პირველი 13 თებერვალს ჩატარდა. ქართულმა მხარემ ისაუბრა „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესზე, საქართველოს ექვსი მოქალაქის განგრძობით უკანონო დაკავებაზე და თამაზ გინტურის მკვლელობის გამოძიებაზე. ქართული მხარის წარმომადგენლის განცხადებით, 2024 წლის 1 იანვრიდან „ბორდერიზაციის“ 5 შემთხვევა დაფიქსირდა. ცხინვალის მხარის წარმომადგენელმა „საზღვრის“ დემარკაციისა და წნელისში ქართული საპოლიციო პოსტის გაუქმების საკითხი დააყენა. ასევე ისაუბრა „საზღვრის“ დარღვევის მომატებულ ფაქტებზე და უპილიტო საფრენი აპარატის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევაზე.

შემდეგი შეხვედრა 16 მაისს გაიმართება, წყლის საირიგაციო საკითხზე ტექნიკური შეხვედრა კი - 26 აპრილს.

ერგნეთის 118-ე შეხვედრა

პუტინის „არჩევნები“

2024 წლის 15-17 მარტს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ რეგიონებშიც ჩატარდა. წინასაარჩევნო პერიოდში ორივე რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ სხვადასხვა ფორმატში რუსეთის მოქმედი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისადმი ღია მხარდაჭერა დააფიქსირეს. მაგ. ცხინვალში 12 მარტს პუტინის მხარდაჭერი მიტინგი ალან გაგლოევის პარტია „ნიხასის“ ორგანიზებით ჩატარდა. მიტინგს დაესწრო გაგლოევიც. 12 მარტს სოხუმში პუტინის მხარდამჭერი ახალგაზრდობის ფორუმი ჩატარდა, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს ოკუპირებული რეგიონების იმ მაცხოვრებლებმა, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ. აფხაზეთში 30 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, ცხინვალის რეგიონში - 12. 

ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი მიტინგი ცხინვალში

აფხაზეთში პუტინს მხარი დაუჭირა 39 ათასამდე ადამიანმა, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 93,96%-ია. ცხინვალის რეგიონში - 16 109 ადამიანმა, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 95,68%-ია. უცხოეთის უბნებზე ოკუპირებულ რეგიონებზე მაღალი მხარდაჭერა მხოლოდ თურქმენეთში იყო.

მოსკოვის ტერაქტი

22 მარტს მოსკოვში, „კროკუს სიტი ჰოლში“, მომხდარ ტერორისტულ აქტს ოკუპირებულ რეგიონებშიც გამოეხმაურნენ. 24 მარტი აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. ასლან ბჟანიამ პუტინს მიუსამძირმა. 26 მარტს ბჟანიამ მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სამძიმრის წიგნში ჩანაწერიც გააკეთა. პუტინს მიუსამძიმრა ალან გაგლოევმაც, რომელმაც ცხინვალში რუსეთის საელჩოსთან სამგლოვიარო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მოსკოვში სამგლოვიარო წიგნში ჩანაწერი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო  საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსარ ჯიოევმა გააკეთა. 24 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა ცხინვალის რეგიონშიც.

სამგლოვიარო ღონისძიება ცხინვალში