ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2022 / 08 / 01

გამოცემა: N43 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 ივლისი, 2022

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.

ბჟანიას შეხვედრები კრემლში

28 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს შეხვდა. კოზაკი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, კერძოდ დე ფაქტო რესპუბლიკაში ავიამომისვლის აღდგენისა და 2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელების საკითხები განიხილეს. ბჟანია 27 ივლისს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს დიმიტრი მედვედევსაც შეხვდა. მოსკოვში ვიზიტის დროს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ბიჭვინთაში „სახელმწიფო“ აგარაკის მიმდებარე ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი იყო, რასაც აფხაზეთში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

რუსეთის ახალი „ელჩი“ აფხაზეთში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ახლად დანიშნულმა „ელჩმა“ მიხაილ შურგალინმა ასლან ბჟანიას რწმუნებათა სიგელი გადასცა. საზეიმო ღონისძიება „პრეზიდენტის“ რეზიდენციაში 21 ივნისს გაიმართა. შურგალინი აფხაზეთში რუსეთის რიგით მესამე „ელჩია“. პირველი „ელჩი“ სემიონ გრიგორიევი იყო, მეორე „ელჩმა“ ალექსეი დვინიანინმა თანამდებობა გასულ წელს, მოულოდნელად დატოვა. შურგალინი მოგვიანებით, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბსაც შეხვდა.

ასლან ბჟანია და მიხაილ შურგალინი. წყარო: presidentofabkhazia.org

კურატორის ვიზიტი სოხუმში

30 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი იგორ მასლოვი მიიღო, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია. 1 ივლისს მასლოვმა ბჟანიასთან ერთად სოხუმის აეროპორტი დაათვალიერა, რომლის აღდგენაც ბჟანიას ერთ-ერთი „საპრეზიდენტო დაპირება“ იყო. ამავე დღეს მასლოვი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბსაც შეხვდა. მოგვიანებით კი მას დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ლაშა აშუბამ და „დეპუტატებმა“ უმასპინძლეს.

2 ივლისს მასლოვმა ბჟანიასთან ერთად ე.წ. აღმოსავლეთ აფხაზეთი მოინახულა, მათ შორის ესტუმრა ბედიისა და მოქვის ტაძრებს, ოჩამჩირის პორტს. სტუმარმა სოფ. ჯგერდაში რიგით მეორე დე ფაქტო პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის საფლავსაც მიაგო პატივი. მასლოვი პირადად იცნობდა ბაღაფშს. მოგვიანებით, მასლოვმა სოფ. ლაბრაში „აფხაზეთის ღვინისა და წყლების“ კომპანიის ვენახები მოინახულა.

შეხვედრები რუსეთის შს სამინისტროში

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს მინისტრი ვალერი გაზაევი მოსკოვში იმყოფებოდა. იგი რუსეთის შს მინისტრის მოადგილეს, იგორ ზუბოვს შეხვდა, რომელიც სამინისტროში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს კურირებს. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

რუსეთის შს სამინისტროში იმყოფებოდა აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრი ვალტერ ბუთბაც, რომელიც სამინისტროს ცენტრალური აპარატის დანაყოფების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემები იყო: ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობისთვის ტექნოლოგიების დახვეწა, „სასაზღვრო ტერიტორიებზე“ წესრიგი და უსაფრთხოება. ბუთბამ რუსეთის შს სამინიტროს მოსკოვის უნივერსიტეტის აფხაზი კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.

სამხედრო წვრთნები

რუსეთის ფედერაციას მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეთა ძირითადი ნაწილი დონბასის რეგიონში, უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჰყავს გაგზავნილი. აქედან გამომდინარე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

  • 7 ივლისს ასლან ბჟანიამ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთა ერთობლივი სხდომა მოიწვია. მხარეებმა „აფხაზეთის ტერიტორიაზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზის შესახებ აფხაზეთისა და რუსეთის შეთანხმების“ რეალიზაციის საკითხი განიხილეს. ბჟანიამ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, „რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტუალური ხდება.“
  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცხინვალის რეგიონის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო ტექნიკა გადასცა. საინჟინრო-სამხედრო ტექნიკისა და ტექნიკური მომსახურების პუნქტის გადაცემა საზეიმო ღონისძიებაზე მოხდა, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევიც დაესწრო.

2022 წლის ივლისში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების საქმიანობის დეტალური მიმოხილვა იხ. აქ.

ფხაზეთში 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამა განიხილეს

ასლან ბჟანიამ 2020-2022 წლებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული შეხვედრა გამართა. საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლისთვის 1.350 მლრდ რუბლია გამოყოფილი. პროგრამას სრულად რუსეთი აფინანსებს. პროგრამით დაგეგმილია 96 ობიექტის მშენებლობა, მათ შორის 68 უკვე დასრულდა. დანარჩენი 26 ობიექტის დასრულება მიმდინარე წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.

ასლან ბჟანია თათრეთის რესპუბლიკას ეწვია

ასლან ბჟანია თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რუსტამ მინიხანოვს ყაზანში შეხვდა. მხარეებმა  სამრეწველო, ინფრასტრუქტურულ და ინოვაციურ სფეროებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. მინიხანოვის თქმით, თათრეთს KAMAZ-ის სატვირთო მანქანების, საავტომობილო საბურავების, საინჟინრო და ნავთობპროდუქტების, სამედიცინო და ფარმაცევტული პროდუქტების აფხაზეთში „ექსპორტის“ გაზრდა და საზღვაო-სატრანზიტო მიმოსვლის გაღრმავება სურს.

ასლან ბჟანია და რუსტამ მინიხანოვი. წყარო: presidentofabkhazia.org

რუსეთის „რბილი ძალა“

ინალ არძინბა დმიტრი ფედოტოვს შეხვდა

8 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელს დმიტრი ფედოტოვს შეხვდა. შეხვედრის შედეგად შეთანხმდნენ, რომ რუსეთში უმაღლესი განათლების მიღების მსურველი აფხაზი აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო კვოტების რაოდენობა გაიზრდება. ისაუბრეს ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სპორტი, კულტურა, ახალგაზრდა ლიდერების მხარდაჭერა და სხვ.

ცხინვალის რეგიონის ხუთი მოსწავლე რუსული პროექტის ფინალშია

ცხინვალის რეგიონის ხუთი მოსწავლე საყოველთაო რუსული კონკურსის, „დიდი ცვლილების“ ფინალურ ეტაპზე გადავიდა. „დიდი ცვლილება“ ყველაზე მასშტაბური რუსული კონკურსია, რომელშიც სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მონაწილეობენ. კონკურსი 2020 წლიდან იმართება. მისი ორგანიზატორი საპრეზიდენტო პლატფორმა „რუსეთი - შესაძლებლობების ქვეყანა“ გახლავთ.

ცხინვალში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ მორიგი კონკურსი დასრულდა

8 ივლისს ცხინვალის რეგიონში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის მორიგი კონკურსი დასრულდა. კონკურსი „ოჯახის გარემოცვაში“ ოჯახის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა.

აფხაზეთის დელეგაციამ რუსულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის დელეგაციამ რუსულ ახალგაზრდულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ფესტივალი „Манжерок“ 5-10 ივლისს რუსეთში, ალტაის რესპუბლიკაში გაიმართა.

ცხინვალში პროექტი „ფილმები ღია ცის ქვეშ“ დაიწყო

ქ. ცხინვალში, თეატრალურ მოედანზე პროექტი „ფილმები ღია ცის ქვეშ“ ოფიციალურად გაიხსნა. პირველ ჩვენებაზე საბჭოური ფილმი „ოფიცრები“ გაუშვეს. კინოჩვენებას ასზე მეტი მაყურებელი დაესწრო. მოგვიანებით კი ასევე საბჭოური მულტფილმი „აბა, დამაცადე!“ გაუშვეს. სამომავლოდ ფრანგული, იტალიური და ინდური ფილმების ჩვენებაც იგეგმება.

„ფილმები ღია ცის ქვეშ“. წყარო: cominf.org