ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2024 / 01 / 04

გამოცემა: N60 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 დეკემბერი, 2023 / ავტორი: არსენ არაქელოვი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხ ინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 59-ე რაუნდი

5-6 დეკემბერს შვეიცარიაში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 59-ე რაუნდი გაიმართა. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა შეხვედრის შემდგომ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. გალუზინი სამინისტროში ოკუპირებული რეგიონების კურატორია.

გალუზინმა საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შეკითხვას უპასუხა. გალუზინმა განაცხადა, რომ მისთვის ტერმინის - „მკვლელობა“ გამოყენება არაკორექტულია, რადგან „მესაზღვრეები მოქმედებდნენ ინტრუქციების შესაბამისობაში“. გინტური რუსმა სამხედროებმა 2023 წლის 6 ნოემბერს სოფ. კირბალთან მოკლეს.

გალუზინმა კვლავ აღნიშნა თბილისის მიერ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის აუცილებლობა. ასევე, გალუზინის თქმით, იმის შემდგომ, რაც შვეიცარია შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ „კოლექტიური დასავლეთის მიერ შედგენილ უსაფუძვლო, არალეგიტიმურ სანქციებს“ და დათმო ტრადიციული ნეიტრალიტეტი, შესაძლოა, ჟენევა მომავალში ვეღარ იყოს საერთაშორისო მოლაპარაკებების პლატფორმა.

„პარლამენტარების“ ვიზიტი მოსკოვში

12 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დელეგაციამ რუსეთის დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის მოწვევით, მოსკოვში მონაწილეობა მიიღო რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაში - „პოლიტიკური პარტიების ბლოკებისა და ფრაქციების ურთიერთქმედების როლი დსთ-ს ქვეყნების საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაში“.

კონფერენციის მოდერატორი რუსეთის დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ კალაშნიკოვი იყო. კონფერენციაზე განიხილეს დსთ-ს ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განვითარების საკითხები.

ამავე დღეს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის ფარგლებში აფხაზურ-რუსული დელეგაციის შეხვედრა გაიმართა. რუსეთის დელეგაციას ყაზბეგ ტაისაევი, კალაშნიკოვის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის პროცედურის გაადვილების საკითხი. კერძოდ, განიხილებოდა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე -  ფსოუ გადასატან საქონელზე დროებითი იმპორტის გაუქმების საკითხი. „ფსოუს“ სგპ-ით დე ფაქტო რესპუბლიკა რუსეთს უკავშირდება.

ვიზიტის ფარგლებში, 14 დეკემბერს, მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის „საპარლამენტო კომიტეტის“ თავმჯდომარე, ტარაშ ხაგბა რუსეთის სპორტის მინისტრს, ოლეგ მატიცინს შეხვდა.

აფხაზური დელეგაციის შეხვედრა ოლეგ მატიცინთან

18 დეკემბერს კი ვოლოდინი ბელარუსის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეებს შეხვდა. აფხაზეთის ე.წ. პარლამენტს წარმოადგენდა „თავმჯდომარე“ ლაშა აშუბა, ცხინვალის რეგიონის კი - ალან ალბოროვი. შეხვედრაზე  „საპარლამენტთაშორისო“ თანამშრომლობისა და სოციალურ-ეკონომიკური საკითხები განიხილეს.

შეხვედრები რუს დიპლომატებთან ახლო აღმოსავლეთში

9 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრები სტამბოლში რუსეთის გენერალურ საკონსულოს ეწვივნენ. აღნიშნულ ვიზიტს წინ უძღოდა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას ახლოაღმოსავლური ტურნე, რა დროსაც იგი ეწვია სირიას, ლიბანსა და თურქეთს.

არძინბას ვიზიტის მთავარი მიზანი ახლო აღმოსავლეთში დე ფაქტო რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების საქმეში მხარდაჭერის მოპოვება და რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარება იყო. სწორედ ამ კონტექსტში სირიაში, ადგილობრივი მაღალჩინოსნების გარდა, არძინბა რუსეთის ელჩს, ალექსანდრ ეფიმოვს  შეხვდა, ბეირუთში კი ასევე რუსეთის ელჩს -  ალექსანდრ რუდაკოვს. რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის აღიარების საკითხში მთავარი ლობისტია.

„ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთისთვის გადაცემა

20 დეკემბერს აფხაზურ „ოპოზიციურ“ მედიებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 დეკემბერს დე ფაქტო პარლამენტი „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთისთვის გადაცემის საკითხს განიხილავდა.

„სამთავრობო აგარაკის“ ტერიტორია 186 ჰექტარს მოიცავს. მოსკოვმა ბიჭვინთაში აგარაკი 1995 წლის 14 სექტემბრის შეთანხმებით იჯარით აიღო, 2022 წლის იანვარში კი შეთანხმება ხელახლა გაფორმდა. დე ფაქტო ხელისუფლება აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ხანგრძლივი პერიოდი უჭერდა მხარს, თუმცა დიდი შიდა წინააღმდეგობის გამო, გადაწყვეტილების მიღება ჭიანურდებოდა.

შემდგომ დღეებში სიტუაცია დაიძაბა. 26 დეკემბერს „პარლამენტის“ შენობასთან შეთანხმების რატიფიკაციის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. ამავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „საპარლამენტო სესია“ ნაადრევად, დაჩქარებული წესით ერთი დღით ადრე ჩატარდებოდა. საბოლოოდ კი, 27 დეკემბერს, გამთენიისას დე ფაქტო პარლამენტმა შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა და მიუხედავად ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტისა, „სამთავრობო აგარაკი“ რუსეთს გადაეცა. ამავე დილას შეთანხმება დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამაც თავისი ხელმოწერით დაადასტურა.

26 დეკემბრის მოვლენებს აფხაზეთში რუსეთის ელჩი, მიხაილ შურგალინი გამოეხმაურა. მისი თქმით, აფხაზურ საზოგადოებაში გაჩენილი კრიტიკა უსაფუძვლო იყო, რადგან რუსეთის მთავრობას „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი“ გადაეცემოდა არა საჩუქრად, არამედ 49 წლიანი იჯარით. გარდა ამისა, შურგალინმა აღნიშნა, რომ აფხაზეთში გაჩენილი პროტესტი შესაძლოა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყოს ნაკარნახევი, რადგან მისთვის უცნობია „ვისთვის არის ეს მომგებიანი და ვინ ისწრაფვის ამისთვის“.

რუსეთისა და აფხაზეთის „უწყებების“ თანამშრომლობის წლის შეჯამება

27 დეკემბერს რუსეთის შსს-ს საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოში აფხაზეთის დე ფაქტო შსს-სა და რუსეთის ძალოვანი უწყების წარმომადგენლების შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე 2023 წელი და მიღწეული შედეგები მიმოიხილეს.

28 დეკემბერს კი რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ელჩი ალხას კვიცინია გალუზინს შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე წელს ორმხრივი თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს.

ალხას კვიცინიასა და მიხაილ გალუზინის შეხვედრა

ალან გაგლოევის წლის შეჯამება და განცხადებები

28 დეკემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ჟურნალისტებს შეხვდა, რა დროსაც არაერთი საკითხი მიმოიხილა.

გაგლოევის განცხადებით, რეგიონი 2024 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას ახლო მომავალში დაიწყებს, რადგან, მისი თქმით, რეგიონის მოსახლეობის 98% რუსეთის მოქალაქეა და მათ უნდა შეძლონ არჩევნებში თავისუფლად მონაწილეობა. გაგლოევმა განაცხადა, რომ „მიუხედავად რთული დროებისა“, მას არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ „სამხრეთ ოსეთის ხალხი გამოიჩენს მაღალ აქტიურობას და მარტში ხმას მისცემს უმაღლეს მთავარსარდალს“.

გარდა ამისა, გაგლოევმა განაცხადა, რომ რეგიონის საგარეო კურსისთვის პრიორიტეტულია რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოსთან ურთიერთობის განვითარება. გაგლოევმა გაიხსენა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაც, რომელიც მასსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის 2023 წლის 16 მარტს პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად შედგა. მისი თქმით, მან დახურულ კარს მიღმა პუტინს განუცხადა, რომ „ოსებმა ღალატი არ იციან“, რაზეც პუტინისგან მიიღო პასუხი - „მე ვიცი“.

გაგლოევმა პრესკონფერენციაზე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „მანამ, სანამ საქართველოს ევროკავშირის გამოსაცვლელ ოთახში ამყოფებენ, სამხრეთ ოსეთი უკვე დიდი ხანია რუსეთთან ერთად ერთ მაგიდაზე ზის“.