ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2022 / 06 / 02

გამოცემა: N41 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 მაისი, 2022

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.

ახალი „ელჩი“ აფხაზეთში

2022 წლის 31 მაისს აფხაზეთში რუსეთის რიგით მესამე „ელჩად“ მიხაილ შურგალინი დაინიშნა. იგი წლების განმავლობაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დსთ-ის ქვეყნების მე-4 დეპარტამენტში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით მუშაობდა. შურგალინმა ალექსეი დვინიანინი შეცვალა, რომელმაც აფხაზეთში დიპლომატიური საქმიანობა, მოულოდნელად, 2021 წლის 15 დეკემბერს დაასრულა.

აფხაზეთში „Россотрудничество“-ს ახალი წარმომადგენელი

აფხაზეთში „Россотрудничество“-ს ახალი წარმომადგენელი ეყოლება. დმიტრი ფედოტოვი მოვალეობის შესრულებას 6 ივნისიდან შეუდგება. ამის შესახებ განაცხადა სოხუმში „რუსული სახლის“ უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მიხაილ მასაევმა. ფედოტოვი მანამდე „Россотрудничество“-ს უფროსის მრჩევლად მუშაობდა. „Россотрудничество“-ს წარმომადგენლობა აფხაზეთში 2009 წლიდან მუშაობს. მისი ბოლო ხელმძღვანელი ვადიმ ჩეხა იყო, რომელმაც თანამდებობა 2021 წლის შემოდგომაზე დატოვა.

„არჩევნები“ ცხინვალში

ცხინვალის რეგიონში 8 მაისს არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. პოლიტიკური პარტია „ნიხასის“  ლიდერმა ალან გაგლოევმა დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი დაამარცხა. „არჩევნებს“ რუსი პოლიტიკოსებიც აკვირდებოდნენ, რომლებმაც „არჩევნების“ ჩატარება „უმაღლეს დონეზე“ შეაფასეს. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წევრმა სერგეი ცეკოვმა „არჩევნებში“ „დარღვევები და ფალსიფიკაცია“ ვერ აღმოაჩინა.

გაგლოევის ინაუგურაციის დღეს, 24 მაისს, ცხინვალს რუსი დეპუტატების ჯგუფი ესტუმრა, მათ შორის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ფარიტ მუხამეტშინი. ინაუგურაციას დაესწრო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორი იგორ მასლოვიც, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსია. მასლოვის განცხადებით, „განვლილმა არჩევნებმა აჩვენა, რომ რესპუბლიკა წარმატებით მოძრაობს სახელმწიფო მშენებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების გზაზე. საზეიმო ღონისძიებებს ჩრდილოეთ ოსეთიდან რუსეთის სენატორი არსენ ფაძაევიც ესწრებოდა. ალან გაგლოევს „არჩევნებში“ გამარჯვება რუსეთის პატრიარქმაც მიულოცა.

იგორ მასლოვი გაგლოევის ინაუგურაციაზე. წყარო: cominf.org

გაუქმებული რეფერენდუმი

ანატოლი ბიბილოვმა არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ რუსეთთან შეერთების საკითხზე 17 ივლისს რეფერენდუმი დანიშნა. ცნობილი იყო, რომ გაგლოევი არსებულ ვითარებაში რეფერენდუმის ჩატარების იდეას არ იზიარებდა. ბიბილოვის მსგავსი გადაწყვეტილება გაგლოევის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა. ბიბილოვის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს რუსმა პოლიტიკოსებმა. რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრმა კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა, რომ „რეფერენდუმის ორგანიზატორებმა არ უპასუხეს კითხვას, თუ რაში სჭირდება ეს პროცესი რუსეთს“. ზატულინის თქმით, „ბიბილოვის ქმედება არ არის კორექტული, თუ არჩევნები წააგე, რეფერენდუმი ახალმა არჩეულმა პრეზიდენტმა უნდ დანიშნოს“.

შეხვედრა სახელმწიფო დუმაში

25 მაისს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტში რუსულ-აფხაზური სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას რუსი დეპუტატების გარდა, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ, მათ შორის, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბაც. რუსეთის მხრიდან არაერთი საყვედური გაისმა.

კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვმა აფხაზურ მხარეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივის („არჩევნებში“ მონაწილეობის მსურველებისთვის და ჩინოვნიკებისთვის აფხაზური ენის სავალდებულო ცოდნის მოთხოვნა) გამო უსაყვედურა, რომელიც, მისი აზრით, რუსული ენის დისკრიმინაციას მოახდენს. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ განცხადება გააკეთა აფხაზეთში რუსული ენის გამოყენების შესახებ.

კალაშნიკოვმა აფხაზურ მხარეს „უცხოელი აგენტების“ კანონმდებლობის მიღების ნელი ტემპებისთვისაც უსაყვედურა. „უცხოელი აგენტების“ კანონი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე კონტროლის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

კალაშნიკოვმა აფხაზურ მხარეს ასევე უსაყვედურა ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების მიზნით აფხაზური და რუსული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ნელი ტემპებისთვის.

„ორმაგი მოქალაქეობა“

19 მაისს რუსეთის სახელმწიფო დუმამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებით, ცხინვალის რეგიონში მცხოვრებნი რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით შეძლებენ, ისე რომ უარის თქმა არ მოუწევთ საკუთარ „მოქალაქეობაზე“. რუდენკოს თქმით, რატიფიკაცია აჩვენებს „სამხრეთის ოსეთისადმი, რომელიც ჩვენი უახლოესი მეზობელია, ჩვენი მხარდაჭერის უცვლელ ხაზს“. 28 მაისს რატიფიკაციის კანონს ხელი რუსეთის პრეზიდენტმაც მოაწერა. შეთახნმებას 2021 წლის 20 სექტემბერს მოეწერა ხელი.

დეპუტატების ვიზიტი

13 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებს, ანდრეი კარტაპოლოვს და ოლეგ კოლესნიკოვს უმასპინძლეს. ისინი სახელმწიფო დუმაში აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტთან ურთიერთობის დეპუტატთა ჯგუფის წევრები არიან. ჯგუფის კოორდინატორია კარტაპოლოვი, რომელიც თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელია. იგი დეპუტატად გახდომამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

დეპუტატებთან შეხვედრა. წყარო: apsnypress.info

სამხედრო წვრთნები

2022 წლის მაისში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების საქმიანობის დეტალური მიმოხილვა იხ. აქ.

შამანოვის ვიზიტი

აფხაზეთს კერძო ვიზიტით რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი ვლადიმირ შამანოვი ეწვია. შამანოვმა ილორის წმინდა გიორგის ეკლესია მოინახულა და აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს  ბესარიონ აპლიას შეხვდა. შამანოვი 2008 წლის აგვისტოს ომში კოდორის ხეობის აღების სამხედრო ოპერაციას ხელმძღვანელობდა.

„აფხაზური ფორუმი“

31 მაისს მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით „აფხაზური ფორუმი“ გაიმართა. ფორუმის მიზანია რუსული აუდიტორიისთვის დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაცია, რუსეთის რეგიონებში აფხაზეთის საინვესტიციო იმიჯის მიმზიდველობის ფორმირება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ კონსტანტინ ზატულინი, ბანკ „ვითიბის“ უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრ გოგოლევი, რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი მარაგარიტა სიმონიანი, „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩი“ ნიკოლაი ბასკოვი.

ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა

აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრი ედუარდ ბუთბა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ვიქტორ ფისენკოს შეხვდა. შეხვედრაზე ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის: საკურორტო სეზონზე რუსი ექიმების - საბავშვო ინფექციონისტების ვიზიტი, სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის შესახებ შეთანხმების რეალიზაცია, აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარების გაწევა, ცენტრალურ მაგისტრალზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტების გახსნაში დახმარება.

რუსეთის „რბილი ძალა“

ЮОГУ-ს თანამშრომლებმა რუსულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

26-27 აპრილს ცხინვალის რეგიონის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს VI სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „რუსეთი და მსოფლიო: დიალოგები - 2022“. ცხინვალის რეგიონის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მოამზადა ნაშრომი თემაზე „საქართველოს მილიტარიზაცია, როგორც სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების გამოწვევა“.

აფხაზმა სტუდენტებმა რუსულ ოლიმპიადაში გაიმარჯვეს

აფხაზეთის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტის სტუდენტებმა რუსულ ოლიმპიადაში გაიმარჯვეს. ეკონომიკური მეცნიერებების ოლიმპიადა რუსეთის სახელმწიფოსთან არსებული ფინანსური უნივერსიტეტის მიერ იყო ორგანიზებული.

რუსისტებს 500 ახალი რუსული სახელმძღვანელო გადასცეს

ცხინვალის რეგიონში მოღვაწე რუსისტებს - რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა ასოციაციასა და „სახელმწიფო“ უნივერსიტეტის რუსული ენის კათედრას - ა. სოლჟენიცინის სახელობის რუსული დიასპორის სახლმა 500 რუსული წიგნი უსასყიდლოდ გადასცა.

წიგნები საჩუქრად. წყარო: cominf.org

ცხინვალში პიონერული ორგანიზაციის დაარსების 100-წლისთავს აღნიშნავენ

19 მაისს ცხინვალის რეგიონში პიონერული ორგანიზაციის დაარსების 100-წლისთავი აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით, რეგიონის პიონერულ ორგანიზაციაში მე-5 საჯარო სკოლის კიდევ ოცი მოსწავლე გააწევრიანეს.